ზაფხული აქტიურ ფაზაში შევიდა. ნამდვილად დადგა დრო, ისიამოვნო შვებულებით და წაიკითხო სასიამოვნო წიგნი.

წიგნის მოყვარულები აუცილებლად დასვამენ შეკითხვას: რომელი წიგნი წავიკითხო ამ ზაფხულს?

რა თქმა უნდა, შვებულებაში უნდა დაისვენო და აივსო პოზიტიური ემოციებით, რომლებსაც ბუნებიდან, ლამაზი ადგილებიდან, ადამიანებიდან მიიღებ. თუმცა, დანარჩენი დრო არა მარტო სასიამოვნოდ, არამედ სასარგებლოდაც შეგიძლია გამოიყენო: რა თქმა უნდა, თუ თან საინტერესო წიგნს წაიღებ წასაკითხად.

რაც შეეხება წიგნის არჩევას შვებულებისთვის, უნდა შეარჩიო მსუბუქი წიგნები რომლებშიც არ არის რთული მომენტები და სასიამოვნოდ ვითარება მოვლენები. თუ წიგნი საინტერესოა, მას ვეღარ მოსწყდები. მოგზაურობის დროც ორმაგად სასიამოვნოდ გაივლის და შენც უფრო მეტი პოზიტივით და შთაბეჭდილებებით აივსები.

და, რაც ყველაზე მთავარია, შვებულება, რომელსაც ასე ელოდი, გაცილებით საინტერესო გახდება შენთვის. წიგნი კი, რომელსაც შვებულებისას წაიკითხავ, სასიამოვნო წარსულს გაგახსენებს.

1. ,,სიყვარული ჟამიანობის დროს“

კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის, რომანი. მოქმედება XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ვითარდება და ეფუძნება მწერლის მშობლების ურთიერთობის ისტორიას.

2007 წელს ჰოლივუდში გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.

2. ,,თამაში ჭვავის ყანაში“

ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის ყველაზე ცნობილი რომანი. რომანი მოგვითხრობს 16 წლის ჰოლდენ კოლფილდზე, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხეს და სახლში ბრუნდება. ის გარშემო მხოლოდ სიყალბეს ხედავს. არავინ მოსწონს და უყვარს თავისი პატარა დის გარდა. ადამიანები, რომლის მიმართაც ჰოლდენს მცირედი ნდობა უჩნდება, საბოლოოდ მაინც იმედს უცრუებენ. იგი სევდით უყურებს ბავშვებს და ფიქრობს, რომ მათ ჯერ კიდევ არაფერი იციან იმ საფრთხეზე, რაც საზოგადოებაში ემუქრებათ...

3. ,,ყვავილები ელჯერნონისთვის“

ამერიკელი მწერლის, დენიელ კიზის, ყველაზე წარმატებული რომანი. წიგნი მოგითხრობს გონებასუსტ ადამიანზე, ჩარლიზე. ის იტარებს ოპერაციას, რომლის შემდეგაც ხდება გენიოსი და იწყებს წარსულის კვლევას.

ნაწარმოები 1959 წელს პატარა მოთხრობის სახით დაიბეჭდა, რომანის სახით კი 1966 წელს გამოვიდა.

წიგნმა მალე მოიპოვა პოპულარობა და არ დააყოვნა მისმა ეკრანიზაციამაც: მთავარ როლში კლიფ რობერტსონი იყო (რომელმაც ოსკარი მიიღო საუკეთესო მსახიობობისთვის). ავტორმა წიგნისთვის ჰიუგოსა და ნებულას ჯილდოები მოიპოვა.

4. "მახინჯი"

სამეცნიერო ფენტეზის მწერლის, სკოტ ვესტერფელდის, პირველი რომანი ციკლიდან: მომავალი სამყაროს შესახებ, სადაც "სილამაზის" ოპერაციის წყალობით, ადამიანების უმეტესობა ლამაზი ხდება.

მახინჯების სამყაროში, თექვსმეტი წლის შესრულდები თუ არა, ოპერაციას გაგიკეთებენ და გაგალამაზებენ. გექნება სუპერმოდელის გარეგნობა: დიდი თვალები, სქელი ტუჩები, იდეალური წონა და სხეული. ალბათ ფიქრობ, რომ ეს შესანიშნავია. მაგრამ ასე ხომ ინდივიდუალობას დაკარგავ!

სკოტ ვესტერფელდის მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი სერიის პირველი წიგნი მთელ მსოფლიოში ფენტეზის, მელოდრამის, დრამისა თუ სათავგადასავლო ჟანრის მოყვარულ მკითხველთა რჩეულ წიგნად მიიჩნევა.

5. "არასოდეს გამიშვა“

იაპონელი მწერლის, კაზუო იშიგუროს რომანია. ანტიუტოპიური რომანი უმანკოების, მოგონებებისა და დანაკარგების შესახებ მოგითხრობს. ესაა ისტორია, რომელშიც ადამიანად ყოფნის იდეა სამი ბავშვის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის მოსწავლეები არიან. ეს თითქოს გარესამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს; სადაც მათი ცხოვრება დაგეგმილია, ბედი - წინასწარ განსაზღვრული; სადაც მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებული არიან. და რატომ არიან ისინი განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს "ჰეილშემის შვილებს" სხვებისგან? - ბავშვებისთვის პასუხი უცნობია...

6. "ჭამე, ილოცე, შეიყვარე"

ამერიკელი მწერლის, ელიზაბეტ ჯილბერტის, ავტობიოგრაფიული რომანი. ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას. რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულს განიწმენდს. საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.

7. "კუნძული“

ინგლისელი მწერლის, ოლდოს ჰაქსლის რომანი. მას მკითხველი კარგად იცნობს რომანით "საოცარი ახალი სამყარო“.

რომანში საზოგადოების კეთილდღეობა თითოეული წევრის ჰარმონიულ განვითარებაზეა აგებული და თავისუფლებას, ბედნიერებას ემყარება. „კუნძული“ იდეების რომანია და მის მთავარ მოქმედ პირებად გვევლინება მწერლის მოსაზრებები რელიგიის, ფილოსოფიის, განათლების, ჯანდაცვის, ეკოლოგიისა და საზოგადოებისთვის საჭირბოროტო სხვა უამრავ საკითხზე.

8. ,,ოთახი ხედით“

ინგლისური კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ედუარდ მორგან ფორსტერის, რომანი.

სხვადასხვა ავტორიტეტულმა გამოცემებმა მისი საკულტო ნაწარმოები, "ოთახი ხედით", მე-20 საუკუნის საუკეთესო რომანებს შორის დაასახელეს.

1908 წელს დაწერილი ,,ოთახი ხედით“ ბრიტანული კლასიკური ლიტერატურის ნიმუშია და მეოცე საუკუნის დასაწყისის ბრიტანულ საზოგადოებას იუმორით აშარჟებს. ეს წიგნი მეოცე საუკუნის საუკეთესო რომანებს შორის საპატიო ადგილს ბევრი კრიტიკოსის სიაში იკავებს.

9. „გზა შუქურისკენ“

ინგლისელი მწერლის, ვირჯინია ვულფის, რომანი.

რომანში მოქმედება ჰებრიდის კუნძულებზე ვითარდება: ცნობილი მეცნიერის, მისტერ რემზისა და მისი მეუღლის აგარაკზე.

მწერალი საოცარი ოსტატობით და სიფაქიზით გადმოსცემს ადამიანების ურთიერთობების, ცოლისა და ქმრის, მშობლებისა და შვილების, მამაკაცისა და ქალის მარადიული კონფლიქტის, მათი განცდების, სიყვარულის, სიძულვილის, ტრაგედიის სურათებს და ქმნის მათივე თვალით დანახული სამყაროს წარუშლელ ნიმუშებს.

10. "შენი სახელი დამიძახე“

ამერიკელი, მწერლის ანდრეი ასიმანის, ნაწარმოები.

მწერალი თავის რომანში განსაკუთრებული და დაუვიწყარი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტი გასული საუკუნის 80-იან წლებში, ჩრდილოეთ იტალიის პატარა ქალაქში, ვითარდება.

17 წლის ელიო ზაფხულში მშობლებთან ექვსი კვირით ჩასულ ამერიკელ სტუდენტს, 24 წლის ოლივერს გაიცნობს. სწორედ აქ იწყება მათი დაუვიწყარი საზაფხულო თავგადასავალი.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: