ჩინეთის მთავრობის გეგმის თანახმად, მომავალ წელს ახალი თაობის კავშირი ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე იქნება ხელმისაწვდომი.

2019 წელს 5G-ს დანერგვაში ჩინეთმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მიუხედავად ამისა, ბევრ ქალაქში ახალი თაობის კავშირი ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელია.

ამ სიტუაციის გამოსწორება უკვე მომავალ წელს არის დაგეგმილი: ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ძირითად ამოცანას ქვეყნის ყველა საქალაქო ოლქში 5G-ს დანერგვა წარმოადგენს.

სულ ჩინეთში 293 საქალაქო ოლქია, რომლებიც ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორის მოიცავენ. აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ცენტრალური ქალაქები და მათ გარშემო არსებული სოფლები შედის. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის გეგმა განხორციელდება, 2020 წელს ყველა მათგანში ახალი თაობის კავშირი იქნება ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, ოპერატორებს სერვისის ხარისხის ამაღლება და მისი ღირებულების შემცირება მოუწევთ. მთავრობამ დაავალა ოპერატორებს, რომ ფასი პირველ რიგში ღარიბი და შრომისუუნარო მოქალაქეებისთვის შემცირდეს. ასევე, ქსელი მომზადებული უნდა იყოს ავტომობილებსა და სამრეწველო ტექნიკაში დასანერგად.

ამასობაში, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ ქსელების შემდეგ თაობაზე (6G) იწყებს მუშაობას. შესაბამისი დავალება ერთდროულად მკვლევართა ორ ჯგუფს მიეცა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: