ჩინეთის მიერ შექმნილი თვითმფრინავი-ამფიბია AG600-ის მიწოდება დამკვეთებისთვის 2022 წლისთვის იგეგმება. ამის შესახებ, ჩინეთის საავიაციო მრეწველობის კორპორაციაზე (AVIC) დაყრდნობით, სააგენტო სინხუა იუწყება.

მთავარი კონსტრუქტორის ხუან ლინცაის განცხადებით, გასული წლის დეკემბერში განხორციელებული პირველი წარმატებული სატესტო გაფრენის შემდეგ, ივლისში დაგეგმილია აღნიშნული ჰიდროთვითმფრინავის გადაფრენა ქალაქ ჯუხაის კვლევითი ბაზიდან პროვინცია ხუბეის ქალაქ ძინმენამდე, რის შემდეგაც თვითმფრინავს მოამზადებენ პირველი აფრენისთვის წყლის ზედაპირიდან, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს უნდა განხორციელდეს.

მსოფლიოში უმსხვილესი თვითმფრინავი-ამფიბია AG600 განკუთვნილია სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად ზღვაში, ტყის ხანძრებთან საბრძოლველად და საზღვაო მონიტორინგისთვის.

AG600-ის ფრენის მაქსიმალური მანძილი 4500 კილომეტრს შეადგენს. მას შეუძლია აფრენა ზღვის ზედაპირიდან მაშინაც კი, როდესაც ტალღების სიმაღლე 2 მეტრს აღწევს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: