5-6 ოქტომბერს „თბილისობასთან“ დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე - რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ღონისძიებებს შორის წელს იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები, ყვავილებისა და ტკბილეულის ფესტივალი, კულინარიული ფესტივალი, ქუჩის კოსტუმირებული კარნავალი და სპორტული შეჯიბრებები. რესტავრირებულ ორბელიანის მოედანზე ღია ცის ქვეშ ბაზრობა მოეწყობა. ასევე, მანდ თბილისის დაძმობილებული ქალაქების პავილიონები გაიხსნება. სტუმრები ნახავენ ქართული საესტრადო მომღერლების გამოსვლებს და ქალაქის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტს.

ელექტრონული მუსიკის თანხლებით განხორციელებული ვიდეოინსტალაციებისა და კლდეზე პროეცირებული გამოსახულების მეშვეობით ლეღვთახევი გადაიქცევა მუზეუმად ღია ცის ქვეშ. მეტეხის ხიდზე ტრადიციულად ძველი და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა ჩატარდება. შაბათს, 5 ოქტომბერს 20.00 საათზე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და გალა-კონცერტი „მე ვარ თბილისი“ გაიმართება.

6 ოქტომბერს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ევროპის მოედანზე ესპანელი და ბრიტანელი აკრობატების შოუ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ წელს „თბილისობა“ 35-ედ ჩატარდება.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: