გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, ყველა მწერალს როდი ჰქონდა თავიდანვე გააზრებული ის, რომ მათი მოწოდება მწერლობა იყო. ბევრ ნიჭიერ და ცნობილ ავტორს არც უოცნებია იმაზე, რომ სახელი მოეხვეჭა. ისინი მუშაობდნენ სატვირთო მანქანების მძღოლებად, მდივნებად, მექანიკოსებად, თუმცა ბედისწერას მათთან მიმართებაში სულ სხვა გეგმები ჰქონდა.

ჩვენ გავარკვიეთ, რით იყვნენ დაკავებულები მომავალი მწერლები, როდესაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს.

1. ასტრიდ ლინდგრენი უვლიდა ავადმყოფ ქალიშვილს და ართობდა მას საკუთარი ისტორიებით

შვედი მწერალი, ასტრიდ ლინდგრენი, მთელს მსოფლიოშია ცნობილი, როგორც შესანიშნავი საბავშვო წიგნების ავტორი. ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ წაუკითხავს „სახურავის ბინადარი კარლსონი“, „პეპი გრძელწინდა“ და მისი სხვა ნაწარმოებები. სანამ ცნობილი მწერალი გახდებოდა, ასტრიდი ჟურნალისტად და სტენოგრაფისტად მუშაობდა.

ის არ დაწერდა წიგნს პეპიზე, რომ არა ქალიშვილის ავადმყოფობა. 1941 წელს კარინს ფილტვების მძიმე ანთება დაემართა და ასტრიდი ყოველ საღამოს მის საწოლთან იჯდა. ბავშვს არანაირი წამალი არ შველოდა. დედამ მისი გართობა გადაწყვიტა და მოიგონა ზღაპარი წითელთმიან, ჭორფლიან გოგონაზე სახელად პიპი. ზღაპრის პირველივე მოყოლის შემდეგ კარინს გაეხსნა მადა და მან სწრაფი გამოჯანმრთელება დაიწყო. 4 წლის შემდეგ ლინდგრენმა ეს ნაწარმოები გამოაქვეყნა. მოგვიანებით პიპი პეპით გადაკეთდა და ბავშვების საყვარელ პერსონაჟად იქცა.

2. ჰარუკი მურაკამი ბარის მფლობელი იყო, მაგრამ უცებ მიხვდა, რომ წიგნის დაწერა სურდა

ჰარუკი მურაკამი საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი იყო: ის ფლობდა ჯაზ-ბარს ტოკიოში და არც უფიქრია იმაზე, რომ მწერალი გამხდარიყო. 4 წლის შემდეგ, როდესაც მურაკამი ბეისბოლის მატჩს უყურებდა, მას უცებ რომანის დაწერის სურვილი გაუჩნდა. თავად მურაკამიმაც კი არ იცის, საიდან მოუვიდა იმ მომენტში ეს იდეა. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ბიზნესმენი დიდხანს იჯდა ხოლმე თავისივე ბარში და რომანს წერდა. ერთი წელში წიგნი „უსმინე ქარის სიმღერას“ უკვე მზად იყო. რომანი 1979 წელს გამოვიდა და მიიღო ჯერ ჟურნალ "გუნძოს" პრესტიჟული პრემია ახალბედა ავტორებისთვის, შემდეგ კი ლიტერატურული ჟურნალი "ნომას" პრემია. ასე დაიწყო ჰარუკი მურაკამის წარმატებული ლიტერატურული კარიერა. დღესდღეობით მურაკამი 14 რომანისა და მოთხრობების 12 კრებულის ავტორია. მისი წიგნები მსოფლიოს 50 ენაზეა გადათარგმნილი და პოპულარულია როგორც იაპონიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

3. კენ კიზისთვის ინსპირაცია ფსიქიატრიულ განყოფილებაში მორიგეობა აღმოჩნდა

სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კენ კიზი ვეტერანთა ჰოსპიტალში ფსიქიატრის თანაშემწედ მუშაობდა. მის მოვალეობაში ასევე ფსიქოდელიკებთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებში მონაწილეობაც შედიოდა.

პაციენტებთან საუბრები ღამის მორიგეობის დროს და იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო შესწავლილი, მომავალ მწერალს ცნობილი რომანის - „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ შექმნისკენ უბიძგეს. კიზის არ სჯეროდა, რომ პაციენტები არანორმალურები იყვნენ. ის მიიჩნევდა, რომ ისინი გარიყულები იყვნენ საზოგადოების მიერ, ამიტომ უნდოდა, რომ მსოფლიოსთვის ამ სიტუაციის საკუთარი ხედვა ეჩვენებინა.

4. ჩაკ პალანიკი წერის დაოსტატების კურსებზე მხოლოდ სანაცნობო წრის გასაფართოებლად დადიოდა

ჩაკ პალანიკი ცნობილია რომანით „მებრძოლთა კლუბი“, რომლის მიხედვით 1999 წელს დევიდ ფინჩერმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

ორეგონის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ პალანიკი ქალაქ პორტლენდის გაზეთისთვის წერდა. პარალელურად ის მუშაობდა მტვირთავად, დიზელების მექანიკოსად და მოხალისედ ჰოსპისში. მას არც უფიქრია წიგნების წერაზე. მწერლობით პალანიკი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც წერის დაოსტატების კურსებზე დაიწყო სიარული. აღსანიშნავია, რომ იქ არა უნარების დასახვეწად, არამედ მხოლოდ ახალი მეგობრების შესაძენად დადიოდა. პალანიკმა წერა უკვე ოცდაათ წელს გადაცილებულმა დაიწყო. პირველი ორი ნოველა გამომცემლებმა დაუწუნეს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო პალანიკმა მუშაობა მის გახმაურებულ რომანზე „მებრძოლთა კლუბზე". 1999 წელს, ნოველის გამოცემიდან სამი წლის შემდეგ, გამოვიდა ფილმი „მებრძოლთა კლუბი“ დავიდ ფინჩერის რეჟისურით. ფილმიც და ნოველაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, პალანიკი კი ამერიკაში საკულტო ფიგურად იქცა.

5. ე.ლ. ჯეიმზი „ბინდის“ ფანი იყო და ამ ისტორიის საკუთარი გაგრძელების შექმნის სურვილი გაუჩნდა

ერიკა მიტჩელი, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით ე.ლ. ჯეიმზი, სტეფანი მეიერის „ბინდის“ დიდი ფანი იყო. ბელას და ედვარდის სიყვარულის ისტორია ისე ჩაუვარდა გულში, რომ ქალმა ფანფიკის შექმნა გადაწყვიტა. 2009 წელს ის დარეგისტრირდა ფსევდონიმით Snowqueen’s Icedragon და დაიწყო წერა. ასე გაჩნდა 2009 წელს ეროტიკული რომანი „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“.

ანასტეიშას და კრისტიანის სასიყვარული ისტორია იმდენად განსაცვიფრებელი იყო, რომ 2012 წელს ჟურნალ „თაიმსმა“ ე.ლ. ჯეიმზი „მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი 100 ადამიანის“ სიაში შეიყვანა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: