გარეთ ზამთრის ცივი დღეებია. FOR YOU გთავაზობთ 5 საინტერესო წიგნს, რომელიც ცივ საღამოებს გაგილამაზებთ და მხიარული სიუჟეტით დაგამახსოვრდებათ.

ლუიზა მეი ოლკოტი „პატარა ქალები“

ლუიზა მეი ოლკოტის ყველაზე ცნობილი რომანი, „პატარა ქალები“ 1868 წელს გამოვიდა. წიგნი, რომლის პერსონაჟების პროტოტიპები ავტორის ოჯახის წევრები არიან, დაიწერა მასაჩუსეტსის შტატში, კონკორდში მდებარე სახლში – Orchad House. „პატარა ქალები“ გამოსვლის დღიდან წიგნის მაღაზიების თაროებზეა, როგორც კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ნიმუში. 50-ზე მეტ ენაზე თარგმნილი რომანი XXI საუკუნეშიც აქტუალურია, რადგან გვიყვება სოციალური სამართლიანობის, ქალთა უფლებების, მეგობრებისა და ოჯახის მნიშვნელობაზე.

დიანა სეტერფილდი ,,მეცამეტე ზღაპარი“

მარგარეტ ლი ცნობილი მწერლისგან, ვიდა ვინტერისგან იღებს შემოთავაზებას, რომ მისი ბიოგრაფი გახდეს. მის ვინტერი ცნობილია იმით, რომ ჯერ კიდევ არც ერთი ინტერვიუერისთვის არ უთქვამს მართალი სიტყვა. მარგარეტის წინ ტყუპი დების ისტორია იშლება, რომელიც უცნაური გზით მის პირად ცხოვრებას უკავშირდება.

სესილია აჰერნი „სიყვარულით, როზი“

როზი და ალექსი ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. ეს ყველამ იცის, მათ გარდა... ბავშვობიდან განუყრელი მეგობრები იყვნენ, მაგრამ დრო გავიდა და ისინი დამოუკიდებელი ცხოვრების გზას დაადგნენ. ალექსი ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება. როზისაც დიდი გეგმები აქვს – ისიც ბოსტონში ისწავლის, ბავშვობის მეგობრები ისევ ერთად იქნებიან, მაგრამ... ერთი მცდარი ნაბიჯი და, ორივეს ცხოვრება იცვლება...

იუ ნესბო „თოვლის კაცი“

პირველი თოვლი ჯადოსნურია ‒ ხმებს ახშობს და კვალს შლის... ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში პირველი თოვლისგან გაკეთებულ თოვლის კაცს სიკვდილი მოაქვს... მთავარი დეტექტივი ჰარი ჰოლე დაკარგულ ქალს ეძებს და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ პირველი თოვლის მოსვლისთანავე გათხოვილი ქალები უჩინარდებიან. კვალი სერიულ მკვლელთან, მეტსახელად, „თოვლის კაცთან“, მიდის, რომელიც დეტექტივს ვერა და ვერ მოუხელთებია და ამას ლამის სიგიჟემდე მიჰყავს...

სტივენ კინგი „ნათება“

ჯეკ ტორანსის ახალი სამსახური სასტუმრო "ოვერლუკში" საუკეთესო შანსია ახალი ცხოვრების დასაწყებად. ეს შესანიშნავი ადგილია! მალე იდილია და მარტოობა ირღვევა. ნელ-ნელა რაღაც ხდება. ჯერ გაურკვევლობა იჩენს თავს. მერე - გაუცხოება. ჯეკი იცვლება. ოჯახური ურთიერთობები საშიშ ზღვარს აღწევს. უკაცრიელ სასტუმროში ვიღაცები არიან. აქ ოდესღაც ბოროტი ძალა არსებობდა. ეს უკვე იყო. ყველაფერი მეორდება. მთავარ გმირებს წარსულის პერსონაჟები ეცხადებიან. სწორედ აქედან იწყება ნათება.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: