ხშირად მოგზაურობა ღირსშესანიშნაობათა დათვალიერებაა წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით, რაც საკმაოდ მოსაწყენია. ასეთ შემთხვევაში ღირს მიაქციო ყურადღება ბუნებრივ ან ხელნაკეთ შედევრებს, რომლებიც არ არის იმდენად პოპულარული, რომ მათ გარშემო თავს უამრავი ტურისტი იყრიდეს. გთავაზობთ პლანეტის ნაკლებად ცნობილ ადგილებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულო.

1. დაკავდი სერფინგით მიუნჰენის ცენტრში, ინგლისურ ბაღში, აისბაჰის ნაკადულის ბობოქარ ტალღებზე

.

.

ინგლისური ბაღი - ნამდვილი ოაზისია უზარმაზარი მეგაპოლისის ცენტრში. მათთვის, ვისაც სურს დაისვენოს ბუნების წიაღში, ჩაისუნთქოს სუფთა ჰაერი და ცოტა ხნით მოწყდეს მეგაპოლისის ხმაურიან ცხოვრებას, აქ ყველაფერი შესანიშნავადაა მოწყობილი. ამაზე ჰარმონიულ და იდეალურ ადგილს მთელს მიუნჰენში ვერ ნახავთ.

პარკის საზეიმო გახსნა 1808 წელს გაიმართა.

აისბაჰი - ყველაზე წყალუხვი ნაკადულია მიუნჰენში. ნაკადული ხელოვნების სახლის მახლობლად იწყება, სადაც ხიდის ქვემოდან გამოვარდნილი ძლიერი ნაკადი ერთგვარ "მუდმივ ტალღას" ქმნის, რომელიც არასდროს ჩერდება.

მრავალი წლის მანძილზე ქალაქის მესვეურთა მიერ სერფინგი ოფიციალურად დაშვებული არ იყო. სერფერების ძალისხმევით, ე.წ. „მუდმივი ტალღის“ ადგილი ბავარიის იურისდიქციიდან ქალაქ მიუნჰენის იურისდიქციაში გადავიდა. ამან ხელი შეუწყო ამ ადგილას სერფინგის ლეგალიზაციას, თუმცა პასუხისმგებლობა შესაძლო უბედურ შემთხვევებზე თავად სერფერებს დაეკისრათ. ნაკადულის სიგანე საკმაოდ პატარაა, ამიტომ ტალღაზე მხოლოდ ერთი სერფერი ეტევა.

2. დააგემოვნე ჩაი ლონდონის ცენტრში მოწყობილ ტროპიკულ ტყეში, რომელიც ბარბიკანის ხელოვნების ცენტრის შენობაში მდებარეობს

.

.

ბარბიკანის ხელოვნების ცენტრი წარმოადგენს ბარბიკანის საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილს. ხელოვნების ცენტრი 1982 წლის 3 მარტს დედოფალმა ელისაბედ II-ემ გახსნა.

არქიტექტორების ჩანაფიქრით, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის ცენტრში მდებარე მწვანე ოაზისი უნდა ყოფილიყო. გარედან კომპლექსი ციხე-სიმაგრეს წააგავს. ბარბიკანის ტერიტორიაზე გაშენებულია ბაღები და მოწყობილია ჩანჩქერი. ცენტრალურ მოედანზე, რომელიც რესტორნის ვერანდის ფუნქციასაც ასრულებს, ისვენებენ ადგილობრივები და ლონდონის სტუმრები.

3. მოჯადოვდი ბაზილიკა ლას-ლაჰასის ზღაპრული სილამაზით

.

.

ბაზილიკა მდებარეობს ხიდზე, რომელიც კოლუმბიის ქალაქ იპიალეზის მახლობლად არსებულ ხევშია აშენებული. ტაძრის მშენებლობა 33 წელი გრძელდებოდა. თავიდან მდინარე გუაიტარუზე 30-მეტრიანი ხიდი აშენდა, შემდეგ კი ხიდზე ნეოგოტიკური სტილის ტაძარი აიგო. ბაზილიკა საზეიმოდ 1949 წლის აგვისტოში გაიხსნა, თუმცა პირველი აგურის ტაძარი ამ ადგილას 1794 წელს გაჩნდა. 2007 წლიდან ლას-ლაჰასის ბაზილიკა კოლუმბიის ერთ-ერთ საოცრებადაა მიჩნეული.

4. ეწვიე ესპანეთის ქალაქ სეტენილ-დე-ლას-ბოდეგას

.

.

ესპანეთის ქალაქი სეტენილ-დე-ლას-ბოდეგასი სრულიად დამსახურებულად ითვლება ანდალუსიის ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო ადგილად.

ქალაქის სახლებზე და ქუჩებზე დიდი კლდეებია გადმოკიდებული, რომლებიც ტურისტების აღფრთოვანებას იწვევს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კლდე სადაცაა ჩამოინგრევა, მაგრამ ასე ნამდვილად არ ხდება ხოლმე. ბაზალტის ლოდები საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებენ სიმტკიცეს. ქალაქი კლდეებში 8 საუკუნეზე მეტია დამალული. ეს არის უძველესი დასახლება, რომლის მაცხოვრებლები ყოველთვის სიმამაცით გამოირჩეოდნენ.

სახლების უმეტესობა ბუნებრივი გამოქვაბულების გაფართოებისა და შემდგომი გამყარების გზით აშენდა. ისინი ისე ოსტატურადაა შერწყმული კლდეებთან, რომ ვიზუალის მთლიანობის შთაბეჭდილება იქმნება. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ იმყოფები რაღაც ზღაპრულ ადგილას, სადაც ვიღაცის ხელით უჩვეულო ქანდაკებებია შექმნილი.

5. იქირავე კანოე ნიდერლანდებში მდებარე სოფელ გითჰორნში

.

.

სოფელი გითჰორნი ცნობილია როგორც ჰოლანდიური ვენეცია. ის მდებარეობს წყლის არხებზე, რომელთა მთლიანი სიგრძე დაახლოებით 7,5 კილომეტრია. სოფელი ჯერ კიდევ 1230 წელს დაარსდა. აქ სამოძრაოდ ველობილიკი და უამრავი არხი არსებობს.

ძირითად ტრანსპორტს ნავები და ელექტროძრავის მქონე კატერები წარმოადგენს, რომლებიც აბსოლუტურად უხმაუროდ მუშაობს და ამ ულამაზესი სოფლის სიმშვიდეს ოდნავადაც კი არ არღვევს.

სახლები, რომლებიც, ძირითადად, პატარა კუნძულებზეა აშენებული ერთმანეთთან ხის ხიდებითაა დაკავშირებული. სოფელს ბევრი ტურისტი სტუმრობს. განსაკუთრებული პოპულარობა დასახლებამ გასული საუკუნის 60-იან წლებში მოიპოვა, მას შემდეგ, რაც რეჟისორმა ბერტ ჰანსტრამ ის თავის ფილმში გადაიღო.

სოფელში სიმყუდროვის, სიმშვიდისა და სრული რელაქსის ატმოსფერო სუფევს. აქ ყველაფერი XVIII საუკუნის ჰოლანდიური სოფლის აუჩქარებელი ყოფითაა გაჟღენთილი.

6. თავი აარიდე შტაუბახის ჩანჩქერის შხეფებს, რომლებიც პირდაპირ სახლებთან ეშვება

.

.

შტაუბახი - სიმაღლით მეორე ჩანჩქერია მსოფლიოში. მისი სიმაღლე 300 მეტრია. ჩანჩქერი შვეიცარიაში, ლაუტერბრუნენის ველში მდებარეობს. მანძილი ჩანჩქერიდან სოფელ ლაუტერბრუნენამდე ერთ კილომეტრზე ნაკლებია. მისი ხმაური სოფელში მკაფიოდ ისმის. ჩანჩქერი განსაკუთრებით ლამაზი მაშინაა, როდესაც მთაში თოვლი დნება. ამ დროს წყლის ნაკადი მკვეთრად იზრდება და ჩანჩქერს შეიძლება საათობით უყურო. ამ ადგილის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ხეობის გარშემო მდებარე ფერდობებიდან თავბრუდამხვევი სიმაღლიდან ერთდროულად რამდენიმე ჩანჩქერი ეშვება – ერთი-მეორეზე ლამაზი. შტაუბახის თავზე მოწყობილია სათვალთვალო მოედანი, რომლიდანაც ველის შესანიშნავი ხედი იშლება.

კასკადი ერთ დროს თავად გოეთეს შთააგონებდა.

7. იპოვე ძველი საბერძნეთის მმართველ ამინტასის საფლავი ფეთჰიეს მთის ფერდობზე, ლიკიურ აკლდამებს შორის

.

.

ამინტასის აკლდამით უამრავი ტურისტია აღფრთოვანებული. აკლდამა კურორტ ფეთჰიეს გარშემო მდებარე ერთ-ერთ კლდეშია ნაკვეთი. განსაკუთრებით შთამბეჭდავად აკლდამა საღამოს და ღამის საათებში გამოიყურება. ნაგებობა განათებულია და შორიდანაც კარგად ჩანს.

ამინტასი იყო ერთ-ერთი მეფე, რომელიც ქალაქ ტელმესოსს მართავდა. ქალაქი ძველი ლიკიის ქალაქების ძლევამოსილ თანამეგობრობაში შედიოდა. აკლდამის სიმაღლე 12 მეტრია, რაც დაკრძალული ადამიანის მაღალ სტატუსზე მიუთითებს. რაც უფრო მაღლა იყო აკლდამა, მით უფრო მაღალი იყო მისი პატრონის სტატუსიც.

შორიდან ნაგებობა ძალიან გავს ტაძარს და ის ბერძნული სამგლოვიარო არქიტექტურის ტიპიურ ნიმუშს წარმოადგენს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: