იმპრესიონიზმი - მიმართულება ფერწერაში, რომელიც საფრანგეთში XIX-XX საუკუნეში გაჩნდა. ეს იყო ცხოვრების რაღაც მომენტის ან მოვლენათა ცვლის ასახვის მხატვრული მცდელობა.

გთავაზობთ მსოფლიოს 9 ცნობილ იმპრესიონისტს. სინამდვილეში, ნიჭიერი მხატვარი ბევრად მეტია, ამიტომ შევჩერდებით მხოლოდ იმ სახელებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდე.

1. ალფრედ სისლეი

პატარა მდელო გაზაფხულში

პატარა მდელო გაზაფხულში

წარმოშობით ინგლისელი ფრანგი ფერმწერი XIX საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე ცნობილ პეიზაჟისტად ითვლება. მის კოლექციაში 900-ზე მეტი ნამუშევარია, რომელთა შორის ყვბელაზე ცნობილია „ნაადრევი თოვლი ლუვესიანში“, „საცალფეხო ხიდი არჟანტეში“, „პატარა მდელო გაზაფხულში“ და სხვა.

2. ვან გოგი

ვარსკვლავებიანი ღამე

ვარსკვლავებიანი ღამე

ვან გოგი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ყურის ბიბილოს მოჭრის სევდიანი ისტორიითა ცნობილი, პოპულარული მხოლოდ საკუთარი სიკვდილის შემდეგ გახდა. ცხოვრებაში მან მხოლოდ ერთი ნახატის გაყიდვა შეძლო, ისიც სიკვდილამდე 4 თვით ადრე. სანამ ვან გოგი საკუთარ ცხოვრებას საბოლოოდ დაუკავშირებდა მხატვრობას, მას არაერთი პროფესიის მორგება მოუწია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მასწავლებლადაც მუშაობდა ინგლისში, შემდეგ კი წიგნების მაღაზიაში ჰოლანდიაში. მამის მსგავსად, ვინსენტსაც სურდა სასულიერო პირი გამოსულიყო და 1878 წელს ბორინაჟში, ბელგიაში დასახლდა, სადაც სასულიერო პირი გახდა, თუმცა, რელიგიური მოღვაწის კარიერაზე გული მალევე აუცრუვდა.

ხატვა ვინსენტმა პირველად 27 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ბელგიაში მაღაროელთა შორის ცხოვრობდა. სწორედ იქ შექმნა მან თავისი პირველი ნამუშევრები, რომლებშიც უბრალო ადამიანებს, ხელოსნებს, გლეხებს, მეთევზეებს, მათ საქმიანობასა და ყოფას ასახავდა.

დეპრესიის გამო მხატვარი ხშირად ხვდებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ის იყო დაავადებული ეპილეფსიით. მას ასევე დაუდგინდა ჰიპერგრაფია, აკვიატებული მიდრეკილება ინტენსიური წერისადმი, რაც ვინსენტის შემთხვევაში დაუოკებელი და ხშირი ხატვის სურვილით გამოვლინდა.

3. კამილ პისარო

 შემოდგომის დილა ერანიიში

შემოდგომის დილა ერანიიში

კამილ პისარო სენტ-ტომასის კუნძულზე, ბურჟუაზიულ ებრაელთა ოჯახში დაიბადა. ის მიეკუთვნება იმპრესიონისტების იმ მცირერიცხოვან ნაწილს, რომელთა მშობლების მხრიდან მხატვრობით გატაცება წახალისებული იყო. 11 წლის ასაკში ის პარიზში, პანსიონში სასწავლებლად გააგზავნეს, საიდანაც 6 წლის შემდეგ დაბრუნდა და მამისეულ საწარმოში მუშაობდა. 1855 წელს კამილ პისარო პარიზში მსოფლიო გამოფენის სანახავად გაემგზავრა. აქ ის მხატვრულმა ცხოვრებამ ისე ჩაითრია, რომ პარიზში დარჩენა გადაწყვიტა და მუშაობა ლემანის სახელოსნოში დაიწყო. შემდეგ მან განაგრძო სწავლა სიუსის აკადემიაში, სადაც გაიცნო კლოდ მონე და პოლ სეზანი.

ყველაზე ძალიან მხატვარს მოსწონდა ბუნება, რომელსაც ის საკუთარ პეიზაჟებში ასახავდა. პისაროს ფერთა შერჩევის და მათი შეხამების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მხატვარი შესანიშნავად გადმოსცემდა სინათლისა და ატმოსფეროს ცვალებადობის ნიუანსებს.

4. კლოდ მონე

ქალი ბაღში

ქალი ბაღში

მიუხედავად აკრძალვისა ოჯახის მხრიდან, ბიჭუნამ ბავშვობიდანვე გადაწყვიტა, რომ მხატვარი უნდა გამოსულიყო. კლოდ მონე დამოუკიდებლად გადავიდა საცხოვრებლად პარიზში და მძიმე ცხოვრების რუტინაში ჩაეშვა: ორი წელი მსახურობდა ალჟირში, უსიამოვნებები კრედიტორებთან, ავადმყოფობა... თუმცა, სიძნელეებმა ხელოვანი ვერ დათრგუნეს. პირიქით, ეს იყო მისთვის სტიმული, რომ შეექმნა ისეთი ნამუშევრები, როგორებიცაა „პარლამენტის შენობა ლონდონში“, „შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა“, „შემოდგომა არჟანტეაში“, „ქალი ბაღში“, „წყლის ლილიები“ და ა.შ.

5. პოლ გოგენი

დათოვლილი ბაღი

დათოვლილი ბაღი

26 წლამდე პოლ გოგენს მხატვრობაზე არც უფიქრია. ის მეწარმეობას ეწეოდა და ჰყავდა დიდი ოჯახი. როდესაც მან პირველად ნახა კამილ პისაროს ნახატები, გადაწყვიტა, რომ აუცილებლად დაიწყებდა ხატვას. დროთა განმავლობაში მხატვრის სტილი იცვლებოდა, მაგრამ მისი ყველაზე ცნობილი იმპრესიონისტული ნამუშევრებია „პალმები მარტინიკაზე“, „დიეპის პლაჟი“, „დათოვლილი ბაღი“, „შიშველი“ და ა.შ.

6. პოლ სეზანი

წმინდა ვიქტორიის მთა

წმინდა ვიქტორიის მთა

საკუთარი კოლეგების უმრავლესობისგან განსხვავებით, სეზანი ცნობილი სიცოცხლეშივე გახდა. მან მოახერხა საკუთარი გამოფენის მოწყობა, რომელმაც მას დიდი შემოსავალი მოუტანა. ის შესანიშნავად ახერხებდა შუქისა და ჩრდილის შეხამებას, აქცენტს აკეთებდა სხვადასხვა გეომეტრიულ ფორმებზე, მისი ნახატების თემატიკის სიმკაცრე კი რომანტიკასთან იყო შეთავსებული.

სეზანის მკხატვრული მემკვიდრეობა მოიცავს ზეთით შესრულებულ 800-ზე მეტ ნამუშევარს, ასევე აკვარელით შესრულებულ ნახატებს და სხვა ნაწარმოებებს.

7. პიერ ოგიუსტ რენუარი

გასეირნება

გასეირნება

20 წლამდე რენუარი თავის უფროს ძმასთან მარაოების დეკორატორად მუშაობდა. შემდეგ ის საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც გაიცნო მონე, ბაზილი და სისლეი. მომავალში ეს დაეხმარა მას იმაში, რომ იმპრესიონიზმის გზაზე დამდგარიყო და სახელი მოეხვეჭა. რენუარი ცნობილია როგორც სენტიმენტალური პორტრეტის ავტორი. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა „გასეირნება“, „ლოჟა“, „საქანელა“, „ჟანა სამარის პორტრეტი“, „ალფრედ სისლეი და მისი მეუღლე“ და ბევრი სხვა.

8. ედგარ დეგა

საბალეტო სკოლა

საბალეტო სკოლა

თუ აქამდე არაფერი გსმენიათ ისეთ ნამუშევრებზე, როგორებიცაა „საბალეტო სკოლა“, „მოცეკვავეები ცისფრებში“ „აბსენტი“ ან „რეპეტიცია ფოიეში“, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ედგარ დეგას შემოქმედებას. ორიგინალური ფერების შერჩევამ, ნახატების უნიკალურმა თემებმა, გამოსახულების მოძრაობის შეგრძნებამ და კიდევ ბევრმა სხვა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ დეგა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მხატვრად იქცა.

9. ედუარდ მანე

ოლიმპია

ოლიმპია

არ უნდა აგერიოთ ერთმანეთში მანე და მონე. ეს არის ორი სხვადასხვა ადამიანი, რომელიც ერთსა და იგივე დროს, ერთი მხატვრული მიმართულებით მუშაობდა. მანეს ყოველთვის იზიდავდა ყოფითი ცხოვრების სცენები, უჩვეულო გარეგნობა ან ტიპაჟი, თითქოს შემთხვევით დაჭერილი მომენტები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე დარჩა შემონახული. მანეს ცნობილ ნახატებს შორისაა: „საუზმე ბუნების წიაღში“, „ოლიმპია“, „ნანა“, „ახალგაზრდა ფლეიტისტი“, „ფოლი-ბერჟეს ბარი“ და ა.შ.