დღეს ევა ბაბალაშვილის საავტორო გადაცემა „წახნაგები“-ს სტუმარია მომღერალი აჩი ფურცელაძე.

ევა ბაბალაშვილი - დღეს ჩვენთან სტუმრადაა მომღერალი, შოუმენი, კომპოზიტორი, ტელე- და რადიოწამყვანი და საერთოდ, ძალიან ნიჭიერი ადამიანი - აჩი ფურცელაძე. მოგესალმებით! მე ვიცი, რომ თქვენი დაჭერა საკმაოდ რთულია, მაგრამ ისე მოხდა, რომ ახლა ჩვენთან სტუმრად ხართ.

აჩი ფურცელაძე - რაც ძალიან მიხარია! მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მსმენელს. ძალიან მიხარია, რომ შემიძლია თქვენი მეშვეობით ყველას მივმართო.

ევა ბაბალაშვილი - მე ვიცი, რომ თქვენ მუსიკალური განათლების მიღებით დაიწყეთ და მუსიკა თქვენთვის ვიოლინოთი დაიწყო. რატომ? თქვენი თაობა მაინცდამაინც არ იყო გატაცებული ისეთი ინსტრუმენტით, როგორიც ვიოლინოა. როგორ მოხვდით ნიჭიერთა ათწლედში, თანაც ვიოლინოზე?

აჩი ფურცელაძე - თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, რომ ეს მაშინ არ იყო მოდაში. ვიოლინო არ ითვლებოდა მამაკაცის საქმედ, რადგან თბილისში გიტარა უფრო პოპულარული იყო. აქ, რა თქმა უნდა, დედაჩემი ჩაერია...

ევა ბაბალაშვილი - რატომ?

აჩი ფურცელაძე - პირველ რიგში იმიტომ, რომ მას ძალიან უყვარდა ვიოლინო, მეორე კი, ის საკმაოდ პრაგმატული ქალია, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ასე შეიძლება ორი კურდღელი ერთდროულად მოკლას, რადგან მათ, ვინც ვიოლინოზე სწავლობდა, ფორტეპიანოზე დაკვრასაც ასწავლიდნენ. შვიდი წლის ასაკში წარმატებით ჩავაბარე წინასწარი გამოცდები და ჩავაბარე მუსიკალურ ათწლედში. დედას დაურეკეს და უთხრეს, რომ მე მიღებული ვარ. აჩიმ დაიწყო სიარული ვიოლინოზე. მე მყავდა შესანიშნავი პედაგოგი ლალი ტატიშვილი, რომელიც ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. გარდა იმისა, რომ თავად ბრწყინვალე მევიოლინე იყო, ის შესანიშნავი ადამიანიცაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი მუსიკოსი დაღუპეს, რადგან ხელებზე ურტყავდნენ და მოწაფეების მიმართ არასწორი მიდგომა ჰქონდათ. ლალის სრულიად საპირისპირო მიდგომა ჰქონდა. ის ხვდებოდა იმას, თუ რას წარმოვადგენდი და ენის მოჩლექვის გარეშე, პირდაპირ მესაუბრებოდა. ჩვენ სერიოზული საუბრები გვქონდა და მას ესმოდა, რომ მისთვის საკმაოდ რთული ადამიანი ვარ.

ევა ბაბალაშვილი - რას ნიშნავს რთული?

აჩი ფურცელაძე - იმას, რომ ის, რაც სხვებთან გადიოდა, ჩემთან არ ჭრიდა. მე თავად ვირჩევდი კომპოზიციებს, რომლებსაც ვუკრავდი. პირველ კლასში მეორე კლასის პროგრამას ვუკრავდი და ყოველთვის ვუსწრებდი სხვებს.

ევა ბაბალაშვილი - სოლო კონცერტი თუ გქონიათ?

აჩი ფურცელაძე - არა. იქამდე ვერ მივედი, რადგან შემდგომში ნაწყენი დავრჩი კონსერვატორიაზე და იქიდან წამოვედი.

ევა ბაბალაშვილი - რატომ?

აჩი ფურცელაძე - ესეც საინტერესო ისტორიაა. გამოცდაზე ოთხიანს მიწერდნენ, რათა უფრო მოტივირებული ვყოფილიყავი. ყველამ იცოდა, რომ „ლიუბიმჩიკი“ ვიყავი. როდესაც შევდიოდი გამოცდაზე, სადაც კომისია იჯდა, უცებ შინაური ატმოსფერო იქმნებოდა. ჩემი პედაგოგი ლალი ტატიშვილი საგამოცდო კომისიის წევრი იყო და სანამ მე ვუკრავდი, ხან წითლდებოდა, ხან ფერს კარგავდა, რადგან მე ვმასხარაობდი. ყველა ბავშვს უნდოდა, რომ დარბაზში მხოლოდ კომისიის წევრები ყოფილიყვნენ, მე კი მინდოდა, რომ ყველა შემოსულიყო, რადგან კონცერტი უნდა გამემართა.

ევა ბაბალაშვილი - როგორ ირჩევდი ნაწარმოებს, რომელსაც შემდეგ ასრულებდი?

აჩი ფურცელაძე - მაგალითად, რიდინგის კონცერტი... მე ვთხოვდი პედაგოგს, რომ დაეკრა ან ემღერა. შემდეგ ის მეკითხებოდა: „მოგეწონა?“ თუ მომწონდა, ვთანხმდებოდი, თუ არა - უარს ვამბობდი. დავასრულებ ისტორიას იმაზე, თუ რატომ დავტოვე კონსერვატორია. ვარ მეოთხე კლასში, ისევ ოთხიანი დამიწერეს. ვეკითხები: „რატომ? ხომ კარგად დავუკარი?“. ამაზე მიპასუხეს: „კი, კარგად უკრავ, მაგრამ ზარმაცი ხარ“. მხოლოდ ამის გამო მიწერდნენ უფრო დაბალ ნიშანს.

ევა ბაბალაშვილი - მართლა ზარმაცი იყავი?

აჩი ფურცელაძე - კი, რა თქმა უნდა! კვირაში ერთხელ ვმეცადინეობდი.

ევა ბაბალაშვილი - შენთვის ეს ადვილი იყო, რადგან ნიჭიერი იყავი.

აჩი ფურცელაძე - კი, რადგან ყველა თავს იკლავდა, მე კი იგივეს ერთ საათში ვაკეთებდი. მე კიდევ მქონდა ფეხბურთი, თეატრალური სკოლა (პლასტიკა და პანტომიმა)... ძალიან ბევრი რამ... მოკლედ, ბავშვობა არ მქონია. იყო მხოლოდ კვირა, როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი. მთელ დანარჩენ დროს სწავლას ვუთმობდი.

ევა ბაბალაშვილი - ფეხბურთს სად თამაშობდი?

აჩი ფურცელაძე - ეზოში. სხვათაშორის, ამაშიც მაგარი ვიყავი, რადგან დიდმა მიშა მესხმა თქვა: „მოიყვანეთ ეს ბიჭი და ის ვარსკვლავი გახდება“.

ევა ბაბალაშვილი - ხომ ვამბობდი, რომ აჩი მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია! თურმე კარგი ფეხბურთელიც იყო.

აჩი ფურცელაძე - მოკლედ, მოვდივარ მეხუთე კლასში გამოცდაზე (შეგახსენებთ, რომ ეს იყო ათწლედი), და რაც მთავარია, დედაჩემს ძალიან უყვარდა სომეხი მევიოლინე კარო და დამპირდა, რომ როგორც კი შევძლებდი ვიოლინოზე მის მიერ შესრულებული პოპულარული მელოდიის დაკვრას, მუსიკიდან გამომიყვანდა. ამ პერიოდში უკვე ვეუბნებოდი, რომ აღარ მინდა მუსიკით მეცადინეობა. ის მელოდია მე მესამე კლასში დავუკარი, ამიტომ დედა უკვე ფიქრობდა, შემდგომში როგორ მოქცეულიყო. ამ პერიოდში (ეს უკვე 1989 წელი იყო) უკვე გამოჩნდა ჩემი საყვარელი სოსო პავლიაშვილი, რომელიც თან ვიოლინოზეც უკრავდა. დედა მეუბნება: „შეხედე სოსოს! მღერის, უკრავს... ხომ მოგწონს? ნახე, გრან-პრიც მიიღო...“. გრან-პრი მეც კი ავიღე მერე...

ევა ბაბალაშვილი - გრან-პრი სად მიიღეთ?

აჩი ფურცელაძე - თბილისში. ეს იყო საბავშვო სიმღერების კონკურსი, სადაც ვიმღერე და დავუკარი.

ევა ბაბალაშვილი - რა იმღერეთ?

აჩი ფურცელაძე - ჩვენ ვიმღერეთ მანანა მერაბიშვილის სიმღერა, რომელიც მან სპეციალურად ჩემთვის დაწერა, თანაც ტექსტით იმაზე, თუ როგორ მეზარება ვიოლინოზე დაკვრა, დედა კი მაძალებს, მე კი ბიჭებთან ფეხბურთის თამაში მინდა. მოკლედ, დედას ვუთხარი, რომ ათწლედს ვემშვიდობები, რადგან უკვე ის მელოდიაც დავუკარი, ვიმღერე, გრან-პრიც ავიღე... მოკლედ, მოვდივარ გამოცდაზე (მაშინ ისეთი წესი იყო, რომ შესვლისას ვიოლინოს აძლევ მთავარ ადამიანს, რომელსაც სიმები უნდა აეწყო და ჩემთვის უკან მოეცა). მე მივაწოდე ვიოლინო ქლიბაძეს, მან სიმები ააწყო, რის შემდეგაც დავიწყე დაკვრა, მაგრამ რაღაც მომენტში გავჩერდი. შეკითხვაზე, რა მოხდა, ვუპასუხე, რომ ვიოლინო თავიდან არის ასაწყობი. მან თავიდან ააწყო, მაგრამ სწორედ იმავე ადგილზე და იმავე ნოტზე ისევ გავჩერდი და ვუთხარი, რომ სიმები არასწორადაა აწყობილი. ამაზე მითხრეს: „აჩი, ოთხი წელია გიცნობთ და გიყურებთ. შენ, ალბათ, ამ მომენტიდან ნაწარმოები აღარ გახსოვს და არ იცი, რა უნდა დაუკრა“. მე ვთხოვე, რომ თავად ამეწყო სიმები. აქ უკვე სერიოზული პაუზა ჩამოვარდა. ქლიბაძემ შეხედა ლალის, მაგრამ მომცეს იმის ნება, რომ სიმები თავად ამეწყო. სიმები ავაწყე და ნაწარმოები თავიდან ბოლომდე დავუკარი. ფაქტობრივად ეს იმას ნიშნავდა, რომ მე ქლიბაძეს ვუთხარი, რომ უკეთესი სმენა მქონდა. მისთვის ეს სირცხვილი იყო. როდესაც გამოცდიდან გამოვედი, დედა მეკითხება: „რა ქენი?“ მე კი ვუთხარი: „თუ სინდისი გააჩნიათ, ახლა ხუთიანი უნდა დამიწერონ“. დედა მეუბნება: „ორჯერ გაჩერდი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ ან ორ ქულას დაგაკლებენ“. შემდეგ გამოვიდა კომისიის თავმჯდომარე და იკითხა დედაჩემი. დედა ელოდებოდა იმას, რომ გაგვაგდებდნენ, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ უთხრა: „დიდ სისულელეს ჩაიდენთ, თუ ახლა წაიყვანთ და არ დააძალებთ, რომ სწავლა დაასრულოს, რადგან მე პირადად დავაყენებ მას ლიანა ისაკაძის ორკესტრში“, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ოთხიანი დამიწერეს, მე კი ვთვლიდი, რომ ხუთიანი დავიმსახურე. ამის შემდეგ ათწლედში არავის ვუნახივარ.

ევა ბაბალაშვილი - არ გინანიათ, რომ არ გააგრძელეთ ვიოლინოზე დაკვრა?

აჩი ფურცელაძე - არა.

ევა ბაბალაშვილი - როგორ გეხმარებოდათ მუსიკალური განათლება შემდგომ განვითარებაში?

აჩი ფურცელაძე - ვიოლინო არანაირად არ დამხმარებია. ზოგჯერ შემიძლია ავიღო ხელში ინსტრუმენტი და დავუკრა რამე, რაც მახსოვს.

ევა ბაბალაშვილი - შენ შემოქმედებითი ადამიანი ხარ. გაგაჩნია თუ არა სხვებთან მეტოქეობის გრძნობა?

აჩი ფურცელაძე - არა. ზუსტად ვიცი, რომ იმას, რასაც მე ვაკეთებ, ასე სხვა ვერავინ აკეთებს.

ევა ბაბალაშვილი - ეს რას ნიშნავს?

აჩი ფურცელაძე - ეს ნიშნავს იმას, რომ მუსიკაში არ გამაჩნია რაღაც ჩარჩოები საკუთარი თავის და ემოციების გამოსახატავად.

ევა ბაბალაშვილი - სიმღერას ვინ გასწავლიდათ?

აჩი ფურცელაძე - არავინ.

ევა ბაბალაშვილი - ასეთი რამ ხდება თანამედრვე შოუ-ბიზნესში? მაშინ ალბათ, ძალიან ნიჭიერი უნდა იყო?

აჩი ფურცელაძე - ეს არ არის საჭირო. უნდა გაიარო რაღაც საბაზისო სკოლა, და მე ასეთი სკოლა გავიარე, ოღონდ ის მთლად ვოკალური არ იყო. მე თეატრალურ სტუდიაში გავდიოდი პლასტიკას და პანტომიმას და იქ, რა თქმა უნდა, სწორ სუნთქვას გვასწავლიდნენ...

ევა ბაბალაშვილი - მოძრაობას...

აჩი ფურცელაძე - ეს ყველაფერი მქონდა. იქ, პირიქით, მთხოვდნენ, რომ გავჩერებულიყავი. სცენაზე ყველაფერი მავიწყდება და უკონტროლო ვხდები.

ევა ბაბალაშვილი - შენს მიერ ნამღერ ნებისმიერ ქართულ სიმღერას თან ახლავს შენებური იმპროვიზაცია. როდესაც იგივე სიმღერის შესრულება მეორე დღესაც გიწევს, მისი შესრულება მეორდება?

აჩი ფურცელაძე - რა თქმა უნდა, არა. აქ ვუბრუნდებით სათავეებს და ბიძაჩემს, რომელიც ჯერ კიდევ იმ დროს მასმენინებდა მუსიკას ბაბინებიანი მაგნიტოფონით. მე დასავლურ მუსიკაზე ვიზრდებოდი: სტივი უანდერზე, რეი ჩარლზზე და სხვა დასავლურ შემსრულებლებზე. მე ძალიან ძლიერი და მდიდარი მუსიკალური ბაზა გამაჩნია. ამ მუსიკაზე გავიზარდე. საბავშვო ბაღში ყველა სიმღერას ჯაზურ მანერაში ვასრულებდი. მასწავლებელი მეუბნებოდა: „აჩი, რას შვრები?“. ერთხელ არ მომეწონა, როგორ უკრავდა. ვუთხარი, რომ ხელები აეღო, პიანინო დავხურე და ვუთხარი, რომ ხვალ მოვა ვაჟა და ასწავლის, როგორ უნდა დაუკრას. ბაღში სკანდალი ატყდა. მეორე დღეს ბიძაჩემი მართლა მოვიდა ბაღში. მან უბრალოდ პირველი აკორდი აიღო და ჩემმა მასწავლებელმა მაშინვე თქვა: „ახლა მესმის, რატომ ხარ ასეთი“. მთელი ზეიმი შემდეგ ვაჟამ ჩაატარა, რადგან ჩემი წყალობით ყველა საბავშვო სიმღერა იცოდა.

ევა ბაბალაშვილი - აჩი, შემდგომში რუსეთში აღმოჩნდით.

აჩი ფურცელაძე - კი, ეს 2006 წელი იყო. მაშინ 26 წლის ვიყავი. მივხდი, რომ აქ ყველაფერი გავაკეთე, თუნდაც როგორც ადამიანი, რომელიც იყო ტრამპლინი ძალიან სერიოზული მუსიკოსებისთვის და მომღერლებისთვის, რომლებიც დღესდღეობით საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში) ძალიან პოპულარულები არიან. მე მქონდა დუეტები, ვუკრავდი მუსიკალურ ჯგუფებში კლავიშებზე და საქსოფონზე. საქსოფონზე დაკვრის სწავლა თავად მოვინდომე. ეს მოხდა საქსოფონისტ კენი ჯის წყალობით. მის ჟღერადობას ყოველთვის გამოარჩევ. სხვათაშორის, გრძელი ნოტების აღებისას ის იყენებს იგივე ტექნიკას, რომლებსაც ჩვენი ქსოვრელები იყენებენ დუდუკზე დაკვრისას. როდესაც მოსკოვში კენი ჯის ვუსმენდი, ვთქვი, რომ ის, ალბათ, საქართველოდანაა. მოკლედ, დავიწყე საქსოფონზე დაკვრა. ზუსტად ერთი გაკვეთილი ჩამიტარა ლევონ ოგანეზოვმა, დანარჩენი კი თავად გავაკეთე. ვუწერდი სხვებს სოლოს, ჯგუფებში ვუკრავდი საქსოფონზე... უჩა კორძაია და მერაბ გუდაძე ყოველთვის ხუმრობდნენ, რომ მათ ლუკმა პურს ვართმევ, რადგან ისინი სოლო პარტიებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ წერდენენ, მე კი, როდესაც მთხოვდნენ, უფასოდ ვუკრავდი.

ევა ბაბალაშვილი - აჩი, საკუთარი თავი თუ მოგწონს?

აჩი ფურცელაძე - სცენაზე - კი. სცენა - ეს არის აბსოლუტურად სხვა ცხოვრება, თუმცა ცხოვრებაშიც დიდად არ გავნსხვავდები.

ევა ბაბალაშვილი - რას გრძნობ მას შემდეგ, რაც სრულდება კონცერტი და ეშვება ფარდა?

აჩი ფურცელაძე - არ მეყო.

ევა ბაბალაშვილი - ემოციები?

აჩი ფურცელაძე - დრო. მაგალითად, ჩემი 4 წუთი და სხვისი 4 წუთი... ჩემი 4 წუთი სიმღერის დროს ძალიან სწრაფად მთავრდება, სხვისი კი თითქოს უფრო დიდხანს გრძელდება. მე ყოველთვის ვამბობ: „მეც მინდა ასეთი გრძელი სიმღერა“. მეჩვენება, რომ როდესაც ვმღერი, ეს ესაა გავხურდი, და სიმღერა უკვე სრულდება.

ევა ბაბალაშვილი - თუ ყოფილა ისე, რომ კონცერტი ძალიან დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ამისგან არ დაღლილხართ?

აჩი ფურცელაძე - არის, რა თქმა უნდა, მომენტები, როდესაც იმეორებ რაღაც სიმღერებს, მაგრამ არსებობს გარკვეული სიტუაციები, როდესაც ფონოგრამაზე სიმღერა გიწევს. მე ყოველთვის ცოცხალი შესრულების მომხრე ვარ, თუნდაც მიკროფონი არ მუშაობდეს. ჩემთვის ასე ჯობია, ვიდრე უბრალოდ პირი გავაღო, რადგან ერთი-ორჯერ მომიწია სატელევიზიო გადაღების გამო ამის გაკეთება და არტიკულაცია ფონოგრამას ვერ დავამთხვიე. აქაც სულ ვეხვეწები, რომ ლაივი იყოს. ცუდ მიკროფონს ვერავინ შეამჩნევს. მთავარია, რომ ვმღერი. როდესაც ორკესტრთან ან ჯგუფთან ერთად ვმღერი, იქ საერთოდ ვიკარგები. იქ ვარ კლავიშებიც, დრამერიც, საქსოფონისტიც, რადგან მესმის, რომ ჩემს ზურგს უკან მყოფი მუსიკოსები - ეს არის ჩემი ზურგი და ძალა. ყველა მუსიკოსს, რომელთანაც მიმუშავია, უყვარს ჩემთან მუშაობა. მათ შესრულების სრულ თავისუფლებას ვაძლევ და ყველა ინსტრუმენტს ვაძლევ სოლო პარტიის შესრულების საშუალებას. ყველა მუსიკოსი როდი აძლევს ინსტრუმენტალისტებს ასეთ შესაძლებლობას.

ევა ბაბალაშვილი - გულგატეხილობის მომენტები თუ გქონიათ?

აჩი ფურცელაძე - რა თქმა უნდა. ეს იყო მოსკოვში. იმ მომენტში თბილისში დაბრუნება გადავწყვიტე. რაღაც შავი ზოლი დამეწყო, სამუშაოც არ იყო და მაშინ ვთქვი, რომ, ალბათ, ჩემი რესურსი აქ ამოიწურა და დროა იქიდან წამოვიდე. მე დავბრუნდი და მქონდა 170 კილოგრამი ბარგი (რაც მოსკოვში ყოფნისას დამიგროვდა). ზუსტად 3 დღეში მომიწია ერთი კვირით უკან დაბრუნება. ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ როგორც კი მიდიხარ, უფრო მეტად სჭირდები. პარადოქსალურია, მაგრამ ასეა.

ევა ბაბალაშვილი - რას ისურვებდი შემოქმედების კუთხით? როგორ კონცერტს გააკეთებდი?

აჩი ფურცელაძე - მინდა გავაკეთო დიდი კონცერტი სიმფონიური ორკესტრით, რადგან ის ძალიან კარგად ჟღერს.

ევა ბაბალაშვილი - სად უნდა გააკეთო?

აჩი ფურცელაძე - სულ ერთია. ფილარმონიაშიც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. შემდეგ ამ კონცერტით მთელ მსოფლიოს მოვივლიდი.

ევა ბაბალაშვილი - ამ საკონცერტო პროგრამას რას დაარქმევდი?

აჩი ფურცელაძე - „ყველაფერი ჩემს შესახებ“.

ევა ბაბალაშვილი - რას უსურვებდით ახალგაზრდა დამწყებ მუსიკოსებს?

აჩი ფურცელაძე - უნდა იყო ის, რაც ხარ. აუცილებელია გყავდეს კუმირი. ჩემთვის ეს უანდერია, სხვისთვის ვიღაც სხვა. უანდერის გამეორება შეუძლებელია. შეიძლება გაიმეორო მისი მელიზმატიკა. თუ ამას შეძლებ, მაგარი იქნები. შემდეგ რაღაც შენებური უნდა დაამატო და მაშინ რაღაც გამოვა.

ევა ბაბალაშვილი - დიდი მადლობა, აჩი! ყველაფერი ძალიან გასაგებად ჩამოაყალიბეთ. მე მგონი, ვისაც სურს რაღაცას მიაღწიოს, ყველაფერი ძალიან კარგად გაიგეს. მე გემშვიდობებით. ეს იყო გადაცემა „წახნაგები“ ევა ბაბალაშვილთან ერთად და ჩვენთან სტუმრად იყო ძალიან ნიჭიერი აჩი ფურცელაძე.

https://www.youtube.com/watch?v=bGN0MzOx7nk

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: