„მკვლელი ვირუსი“ - ამ სახელით გაიცნო მსოფლიომ ახალი კორონავირუსი რომელიც ჩინეთიდან ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით, გლობალურად დადასტურებულია 6065 შემთხვევა (აქედან ჩინეთში - 5 997). მსოფლიოს 15 ქვეყანაში გავრცელების 68 შემთხვევა დადასტურდა. დაფიქსირებულია 170-მდე გარდაცვალების ფაქტი. საზოგადოებაში მომატებული ინტერესის გამო, გადაცემაში თქვენი მოსაზრება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე საუბრობდა.
რა სახის პრევენციული ღონისძიებები ტარდება ქვეყანაში იმისთვის რომ კორონა ვირუსისგან დავიცვათ თავი?

საქართველოში ტარდება რიგი ღონისძიებები იმისათვის რომ მოსახლეობა იყოს ინფორმირებული მათ შორის საინფორმაციო კამპანია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ყველა ადამიანმა რომელიც ჩამოდის ჩინეთიდან ან აპირებს რომ წავიდეს ჩინეთში, უნდა იცოდეს როგორ დაიცვას თავი. ამის შესახებ ვრცელდება საინფორმაციო ბროშურები, მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია. ასევე ტარდება პრევენციული სკრინინგი ყველა შემოსასვლელ პუნქტში, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თუმცა სკრირინგით მხოლოდ სიმპტომური პაციენტების გამოვლენაა შესაძლებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეულმა მათგანმა იცოდეს რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ეს არის სიცხე, ხველა, სუნთქვის გაძნელება, აუცილებლად თანდართული მოგზაურობა ჩინეთში, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას: ინფექციურ საავადმყოფოს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში, რათა გაუზიაროს ინფორმაცია მისი მოგზაურობის შესახებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
რამდენად დიდია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე?

ამ ეტაპზე საქართველო დაბალი რისკის ქვეშ იმყოფება, თუმცა რა თქმა უნდა, ამის თეორიული შანსი არსებობს და მზადყოფნისთვის ყველანაირი ღონისძიებები ტარდება. დაბალი რისკის ქონა არ გამორიცხავს რომ ჩვენ არ ვიყოთ მზად. ამისთვის ტარდება ეს ღონისძიებები.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია რომ ვირუსი ბანანით და კომპანია Ali Express-ის ამანათებიდან შეიძლება გავრცელდეს?

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. თავისუფლად შეუძლია მოსახლეობას მიირთვას ბანანი და ნებისმიერი ხილი. ასევე არანაირი დადასტურებული მტკიცებულება არ არსებობს რომ გამოგზავნილი ამანათი ჩინეთიდან არის სახიფათო.

მოსახლეობას რა რჩევებს მისცემთ იმისთვის რომ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმადე დავიყვანოთ?
რეკომენდაციები იგივეა რაც არის ნებისმიერი რესპირატორული ინფექციის დროს, ანუ თუ ხართ ავად, გაქვთ სიცხე და ხართ შეუძლოდ, დარჩით სახლში. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, თუ ეს ვერ ხერხდება ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებით დაიმუშავეთ. უპრიანი იქნება რომ თავი შეიკავოთ ჩინეთში მოგზაურობისგან. თუ გამოგივლინდათ კლინიკური ნიშნები, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: