დღეს ევა ბაბალაშვილის საავტორო გადაცემა „წახნაგები“-ს სტუმარია მომღერალი ანრი გოგნიაშვილი

ევა ბაბალაშვილი - დღეს ჩვენთან სტუმრადაა მომღერალი და კომპოზიტორი ანრი გოგნიაშვილი. მოგესალმებით! სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მაინტერესებს, რატომ ჩამოხვედით საქართველოში?

ანრი გოგნიაშვილი - ჩემს ჩამოსვლას შესანიშნავი მიზეზი აქვს - ჩემი ნათესავის ქორწილი.

ევა ბაბალაშვილი - საკუთარი შემოქმედებით თუ წარსდგები ამ ქორწილში?

ანრი გოგნიაშვილი - ვფიქრობ, რომ მე არც არავინ მკითხავს. რაღაც მომენტში მომიწევს ალბათ სიმღერა, მაგრამ მე ყოველთვის მზად ვარ.

ევა ბაბალაშვილი - სიმღერის არჩევანი სიტუაციაზე ან შენს განწყობაზე თუ არის დამოკიდებული? იქნებ იტყვი, რომ არ ხარ სათანადო განწყობაზე და საერთოდ არ იმღერებ?

ანრი გოგნიაშვილი - არა, როდესაც ასე ხდება, ვთვლი, რომ ეს შესაძლოა არაკომპეტენტურობა და არაპროფესიონალიზმია. არის გარემოებები, როდესაც არ გაგაჩნია რაღაც საშუალება ან ხელსაწყო, ისე კი მე ყოველთვის მზად ვარ.

ევა ბაბალაშვილი - როგორ მოხდა, რომ „ვოისზე“ ჯო კოკერის სიმღერით წარსდექით? ეს ხომ საკმაოდ რთული სიმღერაა?

ანრი გოგნიაშვილი - მოხდა ისე, რომ ჩემდა გასაკვირად, გავიარე შერჩევის პროცესი. ქასთინგზე პირველ ათეულში ვიყავი. ჩვენ შემოგვთავაზეს დაგვეწერა, რომელი სიმღერის შესრულება გვინდოდა. მე დავწერე ლეფსის სიმღერა. როდესაც მომისმინეს, მითხრეს, რომ ყველაფერი თითქოს კარგია, მაგრამ სიმღერა არ არის ჩემთვის მომგებიანი. შემდეგ სიმღერების ჩამონათვალში დავინახე ჯო კოკერის სიმღერა და გადავწყვიტე, რომ მისი შესრულება მეცადა. როდესაც პირველი კუპლეტი ვიმღერე, მითხრეს, რომ ეს ჩემი სიმღერა იყო და პირველ ტურში სწორედ ის უნდა შევასრულო. აღმოჩნდა, რომ ეს სწორი გათვლა იყო.

ევა ბაბალაშვილი - იქ გეხმარებიან თუ ხელს გიშლიან?

ანრი გოგნიაშვილი - ყველა მეხმარებოდა, რა თქმა უნდა. ჟიურიშიც და პროდიუსერებს შორისაც ინტერნაციონალური შემადგენლობა იყო. იქ იყო პოზიტიურად განწყობილი ხალხი, რადგან ეს იყო პირველი პროექტი და ყველას უნდოდა, რომ ყველაფერი ღირსეულად და მსოფლიო დონეზე ყოფილიყო გაკეთებული.

ევა ბაბალაშვილი - შენ უკვე დაიკავე საკუთარი ადგილი მუსიკალურ სცენაზე და შენი სახელი უკვე გაჟღერდა... რას გრძნობდი იმ მომენტში?

ანრი გოგნიაშვილი - სიმართლე გითხრათ, ის, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობდი, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, როდესაც უკვე პროექტი დავტოვე. იქ გატარებული დრო - ეს რაღაც ზღაპრული მოგზაურობა იყო. ვერც წარმომედგინა, რომ 21 წლის ასაკში ეს გამომივიდოდა.

ევა ბაბალაშვილი - რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებიდან თუ დაინტერესდა ვინმე შენით?

ანრი გოგნიაშვილი - იყო ასეთი შემთხვევა, რომ როდესაც მესამე ტური გავიარე, როგორც პელაგეა მიყვებოდა, ის მონაწილეობდა პუგაჩოვას „საშობაო შეხვედრების“ გადაღებებში, რა დროსაც მასთან მივიდა კირკოროვი, ჩემი დატოვებისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ ევროვიზიაზე უნდა ჩემი წაყვანა. პელაგეამ გამაფრთხილა, რომ თუ ვინმე დამირეკავს და იტყვის, რომ კირკოროვია, ეს ნამდვილად ფილიპი იქნება. ევროვიზიას რაც შეეხება, შემიძლია ოდნავ ავხადო ფარდა და ვთქვა, რომ ძალიან ვეცდები, რომ მომავალ წელს საქართველოს სახელით გამოვიდე. არის ასეთი გეგმები.

ევა ბაბალაშვილი - როგორ აისახება მუსიკალური შეჯიბრი ადამიანზე, რომელსაც სურს საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს მუსიკალურ ოლიმპზე?

ანრი გოგნიაშვილი - საკუთარი აუდიტორია შეიძლება ყველა მუსიკოსს და შემსრულებელს ჰყავდეს, თუ ეცდება, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს. კონკურსის დროს (თუნდაც მეორე ტურში) მე არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ეს შეჯიბრი იყო. მინდოდა, რომ უბრალოდ კარგი დუეტი და კარგი სანახავი ყოფილიყო.

ევა ბაბალაშვილი - რატომ გინდა ევროვიზიის მოგება?

ანრი გოგნიაშვილი - ევროვიზიის მოგება იმიტომ მინდა, რომ ეს კონკურსი აქ ჩამოვიდეს და ევროპამ გაგვიცნოს. მხოლოდ ასეთი მოტივაცია: ქვეყნისა და საკუთარი შემოქმედების წარდგენა.

ევა ბაბალაშვილი - რა არის უკეთესი - იყო თვითდაჯერებული თუ მუდმივად ეჭვი უნდა გეპარებოდეს საკუთარ ძალებში?

ანრი გოგნიაშვილი - სჯობს უბრალოდ კარგი მუსიკოსი იყო და აკეთო შენი საქმე.

ევა ბაბალაშვილი - რას ნიშნავს იყო კარგი მუსიკოსი?

ანრი გოგნიაშვილი - თუ სიმღერას წერ, მან ადამიანის სულში უნდა შეაღწიოს. არა ისე, რომ უბრალოდ დაიმახსოვროს სიმღერა და ზოგჯერ წაიღიღონოს, არამედ სიმღერამ რაღაც ემოცია უნდა აღძრას შენში.

ევა ბაბალაშვილი - შენი პირველი სიმღერა ვის მოასმენინე? ვის გაანდე?

ანრი გოგნიაშვილი - პირველ რიგში ოჯახს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ ისინი, რადგან გააჩნიათ რაღაც მუსიკალური ბაზა და როგორც ამ საქმის არაპროფესიონალები, მაშინვე მეუბნებიან, რა ისმის. ზოგჯერ სოციალურ ქსელში ვირჩევ ადამიანებს და ვთავაზობ დემოს მოსმენას, რის შემდეგაც ეს ადამიანი მწერს და მიზიარებს საკუთარ აზრს, ან რაღაცას მთავაზობს. მე ამას უბრალოდ ჩემს შეფასებას ვაძლევ და შემდეგ ვითვალისწინებ.

ევა ბაბალაშვილი - ნებისმიერი ნაწარმოები, ნებისმიერი შემოქმედება იქმნება არა შენთვის, არამედ ადამიანებისთვის: მათ უნდა ნახონ, მათ უნდა მოისმინონ, მათ უნდა მიიღონ...

ანრი გოგნიაშვილი - ამ საკითხზე ბევრი კამათი და დისკუსია იმართება. პირველ რიგში, ვთვლი, რომ როდესაც ავტორი წერს სიმღერას საკუთარი თავისთვის, ის პირველ რიგში თავად მას უნდა მოსწონდეს. როდესაც სცენაზე გამოდიხარ, სიამოვნება უნდა მიიღო იმისგან, რასაც აკეთებ.

ევა ბაბალაშვილი - შენი ნაწარმოებებიდან რომელია ისეთი, რომელიც შექმნისთანავე მოგეწონა?

ანრი გოგნიაშვილი - არის ასეთი ნაწარმოები, რომელსაც ახლა ვამზადებ. არ მინდა საიდუმლოს გამხელა, მაგრამ უკვე გითხარით, რომ მსურს ევროვიზიაზე საქართველოს სახელით გამოსვლა.

ევა ბაბალაშვილი - სიმღერა ინგლისურენოვანი უნდა იყოს?

ანრი გოგნიაშვილი - ის არის და ეძღვნება ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას.

ევა ბაბალაშვილი - ეს რაღაც პატრიოტულია?

ანრი გოგნიაშვილი - არა, მაგრამ არის გეგმა და იდეა, რომელიც აგვისტოს ბოლოს უნდა განვახორციელო საქართველოში. აუცილებლად! მინდა ყველაფერი მოგიყვეთ, მაგრამ ჯერ არ შემიძლია.

ევა ბაბალაშვილი - როგორ ფიქრობ, რა არის ნიჭი?

ანრი გოგნიაშვილი - ვფიქრობ, ეს ღვთის ნაბოძებია.

ევა ბაბალაშვილი - მუსიკას როგორ წერ?

ანრი გოგნიაშვილი - ეს შეიძლება აბსოლუტურად მოულოდნელად მოხდეს, ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ ადგილას.

ევა ბაბალაშვილი - ამ მომენტში ინსტრუმენტთან უნდა იჯდე?

ანრი გოგნიაშვილი - მე ვიღებ ტელეფონს და ვიწერ საკუთარ ნამღერს ან გიტარის პარტიას ვღიღინებ. შემდეგ მოვდივარ სახლში, ვუკრავ ამას ინსტრუმენტზე და ვაკეთებ არანჟირებას.

ევა ბაბალაშვილი - ყველაფერს შენ თვითონ აკეთებ?

ანრი გოგნიაშვილი - დიახ, აბსოლუტურად ყველაფერს: მუსიკას, ჰარმონიას, არანჟირებას...

ევა ბაბალაშვილი - ანრი, რა ყოჩაღი ხარ! ადამიანი წერს მუსიკას, ლექსებს, აკეთებს არანჟირებას... კიდევ რითი ხარ დაკავებული?

ანრი გოგნიაშვილი - მხოლოდ მუსიკალური საქმიანობით.

ევა ბაბალაშვილი - მუსიკალური განათლების კუთხით თუ ვითარდები?

ანრი გოგნიაშვილი - ჯერ-ჯერობით არა.

ევა ბაბალაშვილი - შენი მუსიკალური განათლების დონე საკმარისია?

ანრი გოგნიაშვილი - არა. როდესაც კოლეჯში ვსწავლობდი, იმის გამო, რომ ფული უნდა მეშოვა, მოხდა ისე, რომ ღამ-ღამობით მუსიკალურ კლუბებში ვმუშაობდი, კარაოკეში და ლექციებზე დაქანცული მივდიოდი. მუშაობა ზოგჯერ დილის 7 ან 8 საათამდე მიწევდა, ათის ოც წუთზე კი ლექციები მეწყებოდა. წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში ვიყავი? კარაოკეს შემდეგ ჩემი თავი მუსიკალური ინფორმაციით იყო გამოტენილი, აქ კი სოლფეჯიოს მიხსნიდნენ და რაღაც უნდა მესწავლა. ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. ბოლომდე ვერ ავითვისე ის, რაც უფრო მეტად დამეხმარებოდა, თუმცა, როდესაც კონსერვატორიის კურსდამთავრებულებს ვუყურებ, რომლებიც შესანიშნავად უკრავენ კლავიშებზე, მათ რაღაც უბრალო მელოდიის შექმნაც კი არ შეუძლიათ. ისინი ყველაფრის გართულებას იწყებენ. ძალიან ბევრი ინფორმაცია გააჩნიათ, მსმენელს კი ამის აღქმა არ შეუძლია.

ევა ბაბალაშვილი - როდესაც საკუთარ მოღვაწეობას იწყებდით, ვინ იყო თქვენი კუმირი?

ანრი გოგნიაშვილი - კუმირები არ მყოლია, მაგრამ მყავდა საყვარელი არტისტები. მე დასავლურ როკ-ჯგუფებზე გავიზარდე, ძალიან მიყვარს ფანკი. ეს ყველაფერი ჩემში დევს. პროექტმა ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი გამაცნო. მანამდე ძირითადად როკით ვიყავი გატაცებული. შემდეგ ფანკის მოსმენაც დავიწყე. როკ-მუსიკა იმიტომ მომწონდა, რომ მე ენერგეტიკული არტისტი ვარ. ვცდილობ ადამიანებს სიამოვნება მივანიჭო. როდესაც ფანკ-მუსიკა გამაცნეს, მე მივხდი, რომ ეს იგივეა, რაც როკ-მუსიკა, ოღონდ უფრო პოზიტიურია.

ევა ბაბალაშვილი - საკუთარი ჯგუფი თუ გყავს?

ანრი გოგნიაშვილი - ორი.

ევა ბაბალაშვილი - რა კრიტრიუმებით ირჩევ საკუთარ პარტნიორებს? ალბათ, ადამიანურ თვისებებსაც აქვს, არა, მნიშვნელობა?

ანრი გოგნიაშვილი - აუცილებლად! ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რადგან ბევრი მუსიკოსი ვიცი, რომლებიც იკრიბებიან, რათა ერთად დაუკრან, შემდეგ კი თავიანთ სახლებში მიდიან. ჩემთვის ეს მიუღებელია. თუ კოლექტივში არ არის ადამიანური ურთიერთობა და მეგობრობა, სერიოზული მუსიკალური შიგთავსი ვერასდროს შეიქმნება. მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი შემადგენელია. როდესაც ცოცხლად გამოდიხარ, სცენაზე არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი გუნდის ენერგია უნდა იგრძნობოდეს.

ევა ბაბალაშვილი - ცოცხლად ხშირად მღერი?

ანრი გოგნიაშვილი - ხშირად. ფონოგრამაზე სიმღერა სულ ორჯერ მომიწია სატელევიზიო გადაცემის ჩაწერის დროს.

ევა ბაბალაშვილი - პირადი ცხოვრება შემოქმედებით ადამიანს ხელს უშლის?

ანრი გოგნიაშვილი - ჩემი ცოლი, მაგალითად, სტიმულს მაძლევს. საერთოდ, შთაგონების წყარო შეიძლება ბევრი რამ იყოს: ადამიანები, გარემოებები, რაღაც პეიზაჟი...

ევა ბაბალაშვილი - საქართველოში თუ გქონია კონცერტები?

ანრი გოგნიაშვილი - არა, სამწუხაროდ, არც ერთხელ.

ევა ბაბალაშვილი - არ აპირებ?

ანრი გოგნიაშვილი - ძალიან მინდა. არის რაღაც მოლაპარაკება, მაგრამ რაღაც ვარიანტი ხელიდან იყო გაშვებული: ქაღალდებს ხელი მოვაწერე, მაგრამ მერე ჩამოსვლა ვერ შევძელი, რადგან მოსკოვში რაღაც საქმეები მქონდა. მოხდა ისე, რომ ორი წლის განმავლობაში აქ მეძახდნენ და მეც მინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ეს არ გამოვიდა.

ევა ბაბალაშვილი - იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საკუთარი სოლო კონცერტით ჩამოხვალ, პროგრამას როგორ შეადგენ? ქართულ სიმღერებს შეასრულებ?

ანრი გოგნიაშვილი - აუცილებლად, და პლიუს კიდევ გავაკეთებ ქართულ სიმღერას, რომელიც ჩემს მიერ იქნება დაწერილი.

ევა ბაბალაშვილი - საქართველოში სულ სხვა მსმენელია. ამაზე გიფიქრია? ხომ არ გეშინია?

ანრი გოგნიაშვილი - ქართველი მსმენელი - ძალიან კარგი მსმენელია. ვფიქრობ, რომ ბენდთან ერთად ისე მოვემზადებით, რომ ყველა კმაყოფილი დარჩება. ამას მაქსიმალურად ვეცდები.

ევა ბაბალაშვილი - იმისათვის, რომ მოხვდე ევროვიზიაზე საქართველოდან, ალბათ, მოგიწევს რაღაც კონკურსის ან შესარჩევი ტურის გავლა და იქ დიდი კონკურენციაც იქნება?

ანრი გოგნიაშვილი - ყველაფრისთვის მზად ვარ. ვეცდები, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.

ევა ბაბალაშვილი - ამ პროგრამის მომზადებაში დახმარებას ვინ გაგიწევს?

ანრი გოგნიაშვილი - ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებ. მაინცდამაინც არავინ მეხმარება.

ევა ბაბალაშვილი - სამწუხაროდ, ცოტა დრო გვრჩება. ძალიან მიხარია, რომ გვესტუმრე. გადაცემის ბოლოს გაჟღერდება ორი სიმღერა, მაგრამ მანამდე ყოველთვის ვეკითხები სტუმრებს, რას უსურვებდნენ ახალგაზრდა მომღერლებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ კარიერას? როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას?

ანრი გოგნიაშვილი - ჩემი სურვილია - იყვნენ ჯანმრთელები და ყოველთვის ისწრაფოდნენ იმისკენ, რისი რეალიზებაც სურთ. იყავით გაბედულები და გარშემო ნურავის მოუსმენთ. თუ რაღაც იდეა გაგაჩნიათ, უნდა ეცადოთ, რომ განახორციელოთ.

ევა ბაბალაშვილი - დიდი მადლობა, ანრი! იმედი მაქვს, რომ შენი ოცნება ახდება და ევროვიზიაზე საქართველოს სახელით გამოხვალ. წარმატებებს გისურვებ! ეს იყო გადაცემა „წახნაგები“ ევა ბაბალაშვილთან ერთად და ჩვენთან სტუმრად იყო მომღერალი ანრი გოგნიაშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=To3duadibMk

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: