არაოლიმპიურ სახეობებში 2017 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგა, რომელსაც სასტუმრო „ბილტმორ თბილისმა“ უმასპინძლა.

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა.

გამარჯვებული სპორტსმენები მედლებით, თასებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოების ცერემონია რადიო JAKO FM-ის დამფუძნებელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა და რადიო JAKO FM-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ტარახჩევმა გახსნეს.

„რადიო JAKO FM თავის მე-12 დაბადების დღეს აღნიშნავს და ამ დღესთან ერთად უკვე ტრადიციად ვაქციეთ არაოლიმპიურ სახეობებში წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება. ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად გვაძლევს საშუალებას წავახალისოთ ჩვენი სპორტსმენები და გარკვეულწილად სტიმული მივცეთ მიაღწიონ მსოფლიო დონეზე საუკეთესო შედეგებს“, - განაცხადა რადიო JAKO FM-ის და GBTIMES Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ტარახჩევმა.

რადიო JAKO FM-ის დამფუძნებელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ 12 წლის წინ დაარსებულ რადიოს აქვს ექსკლუზიური უფლება დააჯილდოოს არაოლიმპიურ სახეობაში 10 საუკეთესო სპორტსმენი.

„აქ მრავალი არაოლიმპიური სპორტის სახეობაა წარმოდგენილი და არიან ერთმანეთზე უძლიერესი სპორტსმენები, ასე რომ მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ შევძელი არამარტო ოლიმპიური, არამედ არაოლიმპიური სახეობის სპორტსმენთა მოფერება“, - განაცხადა ჯამლეტ ხუხაშვილმა.

Related Articles

არაოლიმპიურ სახეობებში 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე, ევროპის ჩემპიონი და სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო პირველობის გამარჯვებული ნანა ძაგნიძე დაასახელეს.

„2017 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო ჩემს კარიერაში, ევროპის ჩემპიონიც გავხდი და უკვე წლის მიწურულს მსოფლიო ჩემპიონიც, აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ წლის რჩეულ სპორტსმენად დამასახელეს და რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთი აღიარებაა ჩემთვის“, - განაცხადა ნანა ძაგნიძემ.

გამარჯვებულს ჯილდო კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გადასცა და აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები ძალიან კარგია, რადგან ეს არის დაფასება არაოლიმპიური სახეობების, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს დაჯილდოება რადიო JAKO FM-ის იუბილეს დაემთხვა და ვულოცავ რადიოს ამ დღეს. არაოლიმპიური სპორტის ტრადიციული სახეობები ძალიან პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის და ბუნებრივია იმ ადამიანების შრომის და წარმატების დაფასება, რომლებიც ჩვენ ასე გვახარებენ - უმნიშვნელოვანესია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რადიო JAKO FM-ს ამ ინიციატივისთვის“, - აღნიშნა კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

ასევე საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ:

რაგბი – მიხეილ ნარიაშვილი;

მკლავჭიდი – ლევან საგინაშვილი;

უძლიერეს მამაკაცთა ფედერაცია – კოტე ჯანაშია;

სამბო – ლევან ნახუცრიშვილი;

სუმო – გიორგი მეშვილდიშვილი;

ძალისმიერი სამჭიდი – გიორგი ბეროშვილი;

ფუტსალი – არჩილ სებისკვერაძე;

ავტოსპორტი – დავით კვარაცხელია;

უშუ – მარიამ თურმანიძე.

ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ოკუპირებული ტერიტორიების და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის მერი კახი კალაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იანჩი და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.