15 იანვარს არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო სპორტსმენების ათეული გამოვლინდა. საქართველოში პირველი და ერთადერთი სპორტული რადიო Jako.FM-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე ტრადიციულად დაჯილდოვდნენ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენები არაოლიმპიურ სახეობებში.

ღონისძიება რადიო Jako.FM-ის 13 წლის იუბილეზე გაიმართა. რადიოს დამფუძნებელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა, გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ტარახჩევმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ საუკეთესო ათეული მედლებით, სერთიფიკატებითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს.

პირველი ადგილის მფლობელი კოტე ჯანაშია გახდა (საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაცია). მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად დაიკავეს ლევან გორგოძემ (ტოჩინოშინი-სუმოს ეროვნული ფედერაცია) და ლევან საგინაშვილმა (მკლავჭიდელთა ეროვნული ფედერაცია).

ღონისძიებაზე ასევე რადიო Jako.FM-სა და 13 სპორტულ ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მედიისა და სპორტული ფედერაციების თანამშრომლობა სპორტის აღმავლობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

რადიო Jako.FM-ს იუბილე მიულოცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ: "რადიოს ვულოცავ მეცამეტე დაბადების დღეს , ვულოცავ გამარჯვებულ სპორტსმენებს. მინდა აღვნიშნო, რომ 2018 წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო სპორტულ სფეროში, 900-ამდე მედალი მოიპოვეს ჩვენმა სპორტსმენებმა".

რადიო Jako.FM-ის გენერალური დირექტორის მიხეილ ტარახჩევის განცხადებით რადიოს მიერ კიდევ დიდხანს გაგრძელდება ქართული სპორტული მიღწევების გაშუქება და პოპულარიზაცია: "რადიო ჯაკო ატარებს ჩვენი წარჩინებული კომენტატორების ბატონი კოტე მახარაძისა და ჯამლეტ ხუხაშვილის სახელს და ემსახურება ქართულ სპორტს. ამ 13 წლის მანძილზე ჩვენ ჩავატარეთ არაერთი დაჯილდოება არაოლიმპიური სპორტსმენების და კვლავ ვაგრძელებთ ქართული სპორტის პოპულარიზაციას".

ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, მერიის, სპორტული ფედერაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: