დღეს ევა ბაბალაშვილის საავტორო გადაცემა „წახნაგები“-ს სტუმარია მსახიობი და პაროდისტი ბიძინა მახარაძე

ევა ბაბალაშვილი - ეთერშია გადაცემა „წახნაგები“ და დღეს ჩვენთან აბსოლუტურად არაორდინალური სტუმარია. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება, რადგან ჩემთან სტუმრად არის მსახიობი, იუმორისტი, რომელმაც საკუთარ თავს სასცენო იუმორის მსახიობს უწოდებს - ბიძინა მახარაძე. ბატონი ბიძინა უკვე დიდი ხანია არის დაკავებული საკუთარი პროფესიით და „იუმორინასთან“ ერთად აგრძელებს საკუთარ შემოქმედებით საქმიანობას. მოგესალმებით, ბატონო ბიძინა!

ბიძინა მახარაძე - მოგესალმებით!

ევა ბაბალაშვილი - ალბათ, საინტერესო მოგზაურობა გველის იუმორის სამყაროში.

ბიძინა მახარაძე - და არა მხოლოდ იუმორის. შეგვიძლია ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ. წეღან „სასცენო იუმორის მსახიობი“ ახსენეთ, საბჭოთა კავშირში კი ეს იყო „სასაუბრო ჟანრის მსახიობი“. როდესაც კონკურსი ტარდებოდა, მას ეწოდებოდა „სასაუბრო ჯანრის მსახიობების საკავშირო კონკურსი“.

ევა ბაბალაშვილი - მონაწილეობა თუ მიგიღიათ ასეთ კონკურსებში?

ბიძინა მახარაძე - კი, 1979 წელს. ჟიურის თავმჯდომარე მაშინ არკადი რაიკინი იყო. მე გამოვედი სცენაზე და უცებ დავიჭირე საკუთარი თავი იმაზე, რომ მე სცენაზე ვარ, რაიკინი კი - დარბაზში. მაშინ ქართულ ენაზე გამოვდიოდი, თუმცა მე მქონდა პაროდიები რაიკინზე, ლუი დე ფიუნესზე, მე კი ქართული ნომერი წარვადგინე და არ დამიშვეს.

ევა ბაბალაშვილი - რატომ?

ბიძინა მახარაძე - 1979 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პაროდისტები მსახიობები არ არიან, და ყველა პაროდისტი სცენას ჩამოაშორეს.

ევა ბაბალაშვილი - თქვენ გამოხვედით სცენაზე, დარბაზში კი ზის რაიკინი. რა იგრძენით? როგორი თვალით შემოგხედათ?

ბიძინა მახარაძე - მხოლოდ მისი რეაქცია დამამახსოვრდა, როდესაც რამაზ ჩხიკვაძის პაროდიას ვაკეთებდი. მას ძალიან უყვარდა რამაზ ჩხიკვაძე და სტურუა და აღნიშნავდა, რომ ეს იყო გლობალური მოვლენა. ხოდა, როდესაც რამაზ ჩხიკვაძის პაროდიას ვაკეთებდი, მას გაეცინა და თავისთვის რაღაც ჩაიწერა.

ევა ბაბალაშვილი - მას შემდეგ არ შეხვედრიხართ?

ბიძინა მახარაძე - არა. ერთხელ კონცერტის შემდეგ დავუდარაჯდი მას, როდესაც თბილისის ფილარმონიაში გამოდიოდა. ეს იყო 1974 წელი. მე დავიმალე, რომ დამენახა, როდის გამოვიდოდა ფილარმონიიდან და ძალიან გაოცებული ვიყავი, რომ ჩემს გარდა იქ არავინ იყო. მე მეგონა, რომ იქ უამრავი ადამიანი იქნებოდა, რადგან ხალხს მაშინ ის ძალიან უყვარდა და ძალიან აფასებდნენ.

ევა ბაბალაშვილი - მაგრამ ბევრს მისი ეშინოდა კიდეც...

ბიძინა მახარაძე - მის სიტყვას ძალა ჰქონდა.

ევა ბაბალაშვილი - ის რუსი ჩარლი ჩაპლინი იყო.

ბიძინა მახარაძე - არა, ის იყო სიტყვის უდიდესი ოსტატი, ინტონაციის მეფე, ჩაპლინი კი ხალხს უსიტყვოდ აცინებდა. როგორც კი ჩაპლინმა ხმოვანი კინო გადაიღო, ეს უკვე ის აღარ იყო. 1967 წელს მან გადაიღო ფილმი „გრაფინია ჰონგ-კონგიდან“. ეს იყო უბრალოდ კოშმარი, თუმცა იქ სოფი ლორენი და მარლონ ბრანდო თამაშობდნენ. წლებია ვაძალებ საკუთარ თავს ეს ფილმი ბოლომდე ვნახო, მაგრამ არ შემიძლია.

ევა ბაბალაშვილი - რა არის ეს?

ბიძინა მახარაძე - არაფერი, უბრალოდ ის იყო პანტომიმის მეფე, სიტყვა კი - სულ სხვა რამაა.

ევა ბაბალაშვილი - თქვენ ხომ არ გაგჩენიათ სურვილი რომელიმე ფილმის რეჟისორი გამხდარიყავით?

ბიძინა მახარაძე - კი, რადგან მთელი ცხოვრება სიტყვით ვიბრძვი. მე ვიცი, საიდან და რატომ იბადება სიტყვა. რაღაც ჩანაფიქრებიც კი გამაჩნია.

ევა ბაბალაშვილი - რა სახის?

ბიძინა მახარაძე - მაქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩანაფიქრი, მაქვს სერიალის ჩანაფიქრი... მაგალითად, შექსპირს აქვს პიესა, რომლისგანაც სერიალის გაკეთება შეიძლება.

ევა ბაბალაშვილი - თანამედროვე ახალგაზრდობა თუ შეძლებს მის ყურებას?

ბიძინა მახარაძე - კი. თანამედროვე სერიალების წინამორბედი შექსპირის ეს პიესაა.

ევა ბაბალაშვილი - თქვენ თუ უყურებთ სერიალებს?

ბიძინა მახარაძე - მე ვუყურებდი სერიალებს, რადგან ჩემი ცოლი სულ ტელევიორს არის მიჯაჭვული. უბრალოდ მაინტერესებდა: რა იზიდავს მათში ადამიანებს? სიუჟეტი. მეტი არაფერი. შენ სულ გაინტერესებს, რა მოხდება შემდეგში.

ევა ბაბალაშვილი - და მოკლემეტრაჟიან ფილმებს რაც შეეხება?

ბიძინა მახარაძე - ეს იგივეა, რომ ჩეხოვი გადაიტანო კინოში. ფორმით მინიატურულია, მაგრამ მასში დიდი აზრია ჩადებული.

ევა ბაბალაშვილი - ეს, ალბათ, უფრო რთულია, ვიდრე სერიალის გადაღება.

ბიძინა მახარაძე - არ ვიცი. გააჩნია, რა არის შენთვის საინტერესო. ჩემთვის ნოველისტიკა უფრო ახლოსაა.

ევა ბაბალაშვილი - მსახიობები ორმაგ ცხოვრებას ეწევიან არა? ცხოვრება სცენაზე და ცხოვრება სახლში.

ბიძინა მახარაძე - მე ვიტყოდი, არა სახლში, არამედ გავაფართოვებდი ამ ცნებას და ვიტყოდი, რომ არის პირადი ცხოვრება და არის სასცენო.

ევა ბაბალაშვილი - რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვევა?

ბიძინა მახარაძე - მე პირადი ცხოვრება არ გამაჩნია. ალბათ, ყველას ჰგონია, რადგან პოპულარული მსახიობია, ესე იგი ყოველ საღამოს სუფრაზეა. მე ეს ყველაფერი უკვე ისე მომბეზრდა!

ევა ბაბალაშვილი - და რა არ მოგბეზრდათ?

ბიძინა მახარაძე - არ მომბეზრდა შეცნობა.

ევა ბაბალაშვილი - წიგნების კითხვას გულისხმობთ?

ბიძინა მახარაძე - სულ ერთია.

ევა ბაბალაშვილი - კომპიუტერთან ჯდომა უფრო გიყვართ თუ წიგნების კითხვა?

ბიძინა მახარაძე - ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

ევა ბაბალაშვილი - უცხოპლანეტელების არსებობის თუ გჯერათ?

ბიძინა მახარაძე - მჯერა კი არა, ამას ვგრძნობ.

ევა ბაბალაშვილი - როგორ?

ბიძინა მახარაძე - მინიშნებებით. რაღაც დამემართა და უცებ ზევიდან ვიღაცა მიმანიშნებს, რომ ხვალ ესა და ეს მოხდება...

ევა ბაბალაშვილი - დაემთხვა ყველაფერი?

ბიძინა მახარაძე - კი, და თავს ვიღაცის ნების ან პროექტის შემსრულებლად ვგძნობ. თუ არ ვიქცევი ისე, როგორც ეს ხმა მეუბნება, ვისჯები.

ევა ბაბალაშვილი - ეს რაში გამოიხატება?

ბიძინა მახარაძე - შეიძლება მიდიოდე ქუჩაში და უცებ წაიქცე.

ევა ბაბალაშვილი - დავარქვათ ამას წინათგრძნობა.

ბიძინა მახარაძე - მომდის რაღაც ნიშნები და უკვე ვიცი, რომ რაღაც ჩავიდინე.

ევა ბაბალაშვილი - თქვენ სწავლობდით გპი-ში, ზუსტი მეცნიერებებით უნდა დაკავებულიყავით და უცებ აღმოჩნდით სცენაზე. როგორ მოხდა ეს?

ბიძინა მახარაძე - სპორტის სასახლეში გამართულ კონცერტზე ვნახე რომელიღაც იტალიელი პაროდისტი. განცვიფრებული ვიყავი! იმდენად მომეწონა, რომ ვთქვი: ამით უნდა დავკავდე. მიმართულება არკადი რაიკინმა მომცა. როდესაც სოფელში ტელევიზორში რაიკინის ცნობილ მინიატურას დეფიციტზე ვუყურებდი, როგორც კი დავინახე, მაშინვე ვთქვი, რომ ეს - ჩემი საქმეა და 1979 წელს მე უკვე ვიყავი სცენაზე, ის კი - დარბაზში.

ევა ბაბალაშვილი - თქვენი პირველი კონცერტი იუმორისტის ამპლუაში.

ბიძინა მახარაძე - ეს ისეთი საინტერესო იყო! მაშინ ყველაფერს თავად ვწერდი. შემდეგ გამოდიხარ სცენაზე და ეს მაყურებლამდე უნდა მიიტანო. უცებ მაყურებელი იწყებს სიცილს. პირველად ეს ისე გამიკვირდა, რომ კინაღამ გავჩერდი. იმდენად ვიყავი გაოცებული იმით, რომ ჩემს ფანტაზიებს უსმენენ.

ევა ბაბალაშვილი - რას ეტყოდით დამწყებ ნიჭიერ იუმორისტებს?

ბიძინა მახარაძე - ახლა ვუყურებდი სერიალს „მოცარტი“. ეს არის 18-ე საუკუნე. მოცარტი არ დააფასეს. ის დარბოდა მთელს ევროპაში და არსად დააფასეს. ეს უკვე შემდგომ მოხდა. ქართველებს არ მოეწონებათ ის, რასაც ახლა ვიტყვი. თუ გინდათ, რომ მოთხოვნადი იუმორისტი იყოთ, რუსეთში უნდა წახვიდეთ.

ევა ბაბალაშვილი - რატომ?

ბიძინა მახარაძე - იქ ისინი უფრო მოთხოვნადები არიან. იქ ეს ჟანრი ყვავის. მანდ ძალიან ბევრი ავტორია.

ევა ბაბალაშვილი - და „იუმორინას“ კოლექტივი?

ბიძინა მახარაძე - და რა, ერთი ან ორი კონცერტი? ადრე -კი.

ევა ბაბალაშვილი - მაშინ შეიძლება ტელევიზიაში რაღაც გადაცემა გაკეთდეს...

ბიძინა მახარაძე - არ უნდათ. პირადად ჩემს მიმართ ყველას პანიკური შიში უჩნდება. როგორც კი ვიტყვი: მოდით გავაკეთოთ, უკვე აღარავინ ჩანს. მათ ვეუბნები, რომ სცენაზე არ გამოვალ და მხოლოდ დავეხმარები. დახმარებაზეც კი პანიკაა. ერთადერთი პროგრამა, სადაც არ ეშინიათ, ეს „იუმორინაა“. იქ მიწვევენ. ასე რომ, რა უნდა ვურჩიო ახლა: დაიწყონ მან-სან-კან-ით, იქიდან კი ტელევიზიაში მოხვდებიან.

ევა ბაბალაშვილი - ბატონო ბიძინა, ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან იყავით. თითქოს არაფერი სერიოზული არ გაგვიხილავს, მაგრამ თითოეულ თქვენს სიტყვაში იგრძნობა, რომ ყველაფერი უნდა გავიაზროთ, ვაკეთოთ ჭკვიანურად და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, საკუთარ მიზანს მივაღწიოთ. დიდი მადლობა! ეს იყო გადაცემა „წახნაგები“ ევა ბაბალაშვილთან ერთად და ჩვენი სტუმარი იყო შესანიშნავი ადამიანი - ბიძინა მახარაძე.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: