გემრიელი დესერტი ყველას უყვარს, თუმცა დროის სიმცირის გამო უმრავლესობა ვერ ახერხებს სხვადასხვა სახის ტკბილეული ოჯახის წევრებისთვის სახლში მოამზადოს. ხშირად დიასახლისების უმეტესობა გარეთ შეძენილ ტკბილეულს სჯერდება.

დესერტი, რომლის მომზადების წესსაც ქვემოთ გაგაცნობთ, შედარებით მარტივად მოსამზადებელია და თქვენგან განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს. ბლინები, რომლითაც დესერტი მზადდება, თითოეულ თქვენგანს ალბათ ხშირად გამოუცხვია. სწორედ ბლინებია მთავარი პროდუქტი, რომლისგანაც უგემრიელეს ტორტს გამოაცხობთ და გაახარებთ მთელს ოჯახს.
ბლინის ტორტი ციტრუსით გემრიელია ჩაისთან, კაკაოსთან და სხვადასხვა სახის, მსუბუქ წვენებთან ერთად.
ახლა კი უშუალოდ პროდუქტების ჩამონათვალს და მომზადების წესს გაეცანით, რომელთა მეშვეობითაც მოამზადებთ ტორტს.

საჭირო მასალა:

ფქვილი - 250 გ
რძე - 3 ჭიქა
შაქარი - 2 ს/კ
კვერცხი - 5 ცალი
მწიკვი მარილი და ვანილი
ზეთი - 5 ს/კ

კრემი:

რძე - 500 მლ
სიმინდის სახამებელი - 1 ს/კ
შაქარი - 120-150 გ
ფქვილი - 1/3 ჭიქა
კვერცხის გული - 3 ცალი
შედედებული რძე - 2 ს/კ
ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
მწიკვი მარილი
კარაქი - 100 გ
ფორთოხალი - 300 გ

მომზადების წესი:

კვერცხი, მარილი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ ზეთი, რძე, ფქვილი, მარილი და ვანილი. მიღებული ცომით გამოვაცხოთ თხელი ბლინები და გავაგრილოთ.

კრემის ინგრედიენტები, კარაქისა და შესქელებული რძის გარდა, გავთქვიფოთ და დავდგათ ცეცხლზე, მუდმივი მორევით წამოვადუღოთ და მოვხარშოთ კრემი. ცხელ კრემს 1 ს.კ. კარაქი შევურიოთ და გავაცივოთ.
შესქელებული რძე და დარბილებული კარაქი კარგად ავთქვიფოთ, შევათქვიფოთ მოხარშული კრემი.
ბლინის 2-3 ფენა ჩავაფინოთ ჯამში ან სხვა სასურველ ფორმაში. 2-3 ფენას წავუსვათ კრემი, დავჭრათ რულეტებივით და ჩავაწყოთ ჯამში და წავუსვათ კრემი. ფორმაში ბლინის ფენები, კრემი და თხლად დაჭრილი ფორთოხალი მონაცვლეობით მოვათავსოთ, ბოლოს გადავაფაროთ ბლინი და მაცივარში შევდოთ 3 საათით.
მზა ტორტი გადმოვაბრუნოთ თეფშზე და კრემითა და ფორთოხლით მოვრთოთ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: