ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი შაბათს ბუენოს-აირესში არგენტინის პრეზიდენტ მაურისიო მაკრის შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო სინხუამ გამოაქვეყნა.

მხარეები ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ერის დაწყებაზე შეთანხმდნენ. სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ის ხუთჯერ შეხვდა მაურისიო მაკრის, რითაც ჩინეთ-არგენტინის ურთიერთობაში ახალი რეკორდი დაამყარა. ჩინეთის მეთაურმა მოუწოდა მხარეებს გახსნან ურთიერთპატივისცემის და თანასწორობის საფუძვლებზე დამყარებული მრავალმხრივი სტრატეგიული ურთიერთობის ახალი ერა, ახალი წვლილი შეიტანონ ორივე ქვეყნის და მთელი პლანეტის მშვიდობის, სტაბილურობის და აყვავების საქმეში.

სი ძინფინგმა განაცხადა, რომ მხარეებმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ საკითხებში, რომლებიც საკვანძო ინტერესებს ეხება, ასევე, მტკიცედ უნდა დაუჭირონ მხარი მეორე ქვეყნის მიერ დამოუკიდებლად არჩეულ განვითარების გზას. მიუთითა რა არგენტინაში წელს არსებული ფინანსურ-ეკონომიკური სიტუაციის არამდგრადობაზე, ჩინეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა იმისთვის, რომ რეალური ქმედებებით მხარი დაუჭიროს ბუენოს-აირესის მცდელობას მოახდინოს ფინანსური სფეროს სტაბილიზაცია და განაცხადა, რომ არგენტინის განვითარების პერსპექტივებში სრულად არის დარწმუნებული.

სი ძინფინგის თქმით, ჩინური მხარე მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს არგენტინულ პროექტებში ინფრასტრუქტურული მშენებლობის სფეროში, გაამყაროს ორმხრივი თანამშრომლობა ენერგეტიკის, ფინანსების, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სპორტის სფეროში.

მაურისიო მაკრი მიესალმა სი ძინფინგის ვიზიტს არგენტინაში, მადლობა გადაუხადა ჩინეთს გრძელვადიანი დახმარებისთვის და მისი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და რეფორმების ორმოცწლიანი პოლიტიკის პერიოდში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში და სიღარიბის ლიკვიდაციაში მიღწეული უზარმაზარი წარმატება მიულოცა. მისი თქმით, ჩინეთის განვითარება და „ჩინური ოცნების“ რეალიზაცია დიდ გავლენას ახდენს არგენტინისა და ლათინური ამერიკის განვითარებაზე, ასევე მთელს პლანეტაზე სიმშვიდისა და სტაბილურობის დამყარებაზე.

პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის, ფინანსების, ავიაციის, ინფრასტრუქტურული მშენებლობის, ტურიზმისა და სპორტის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების იმედი გამოთქვა და ქვეყნის ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციების გაზრდას მიესალმა.

ორივე ქვეყნის ლიდერი ჩინეთისა და არგენტინის რესპუბლიკის ერთობლივი მოქმედების 2019-2023 წლების გეგმისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ სხვა დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მხარეების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: