ჩინეთი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 16 ქვეყნისთვის 2,5 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბუდაპეშტში ვიზიტის დროს ჩინეთის პრემიერმა ლი კეციანმა განაცხადა.

ლი კეციანი უნგრეთში 16+1 ფორმატის (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 16 სახელმწიფო და ჩინეთი) მეექვსე სამიტში მონაწილეობს, რომელზეც სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

ლი კეციანის განცხადებით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის განვითარებისთვის China Development Bank-დან 1,7 მილიარდი ევრო გადაირიცხება. დამატებით 800 მილიონი ევრო საინვესტიციო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ბოლოს ჩინეთმა ჰოლდინგური კომპანია Sino-CEEF-ი დააარსა, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პლატფორმა უნდა გახდეს. ამას გარდა, დაფუძნდა ფონდი Sino-CEE, როლის მთავარი ამოცანა, მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და მასობრივი მოხმარების ინდუსტრიაში ინვესტიციების ჩადება იქნება.