29 აპრილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის მიერ საქართველოსთვის სამედიცინო ნივთების ჩუქების ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის ელჩი ლი იენი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური დაესწრნენ.

.

.

ჩინეთის ელჩმა ლი იენმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსული ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად, ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას აქამდე დახმარების სახით უკვე გადასცა ვირუსის დასადგენი რეაქტივების ნაკრები და ამის საფუძველზე გადაწყვიტა, ქართულ მხარეს კიდევ აჩუქოს სამედიცინო ნივთები, რომელშიც შედის რეაქტივების ნაკრებები, ნიღბები, სამედიცინო ხელთათმანები, ბახილები, სიცხის საზომი შუბლის თერმომეტრები და სხვა ნივთები. საქართველოში ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, ჩინეთი საერთო მომავლის მქონე საზოგადოების კონცეფციაზე დაყრდნობით, ქართულ მხარეს უანგაროდ უზიარებს პრევენციისა და კონტროლის გამოცდილებას და სამედიცინო დახმარებას უწევს.

.

.

ამ დრომდე, ჩინეთს ჯამში საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული აქვს 200,000 ცალი ერთჯერადი ნიღაბი, 24,000 ცალი რეაქტივების ნაკრები, 100,000 წყვილი ერთჯერადი ხელთათმანი, 3,000 ერთეული დამცავი ტანსაცმელი და სხვა სამედიცინო ნივთები. შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი გააგრძელებს ექსპერტთა ვიდეოკონფერენციების ჩატარებას და შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოსთვის სამედიცინო დახმარების გაწევას. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობისა და ქართველი ხალხის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი მეგობარი საქართველო მალე შეძლებს ეპიდემიის დამარცხებას.

.

.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა მადლობა გადაუხადეს ჩინეთს საჭირო სამედიცინო ნივთების საქართველოსთვის უანგაროდ გადაცემის გამო, და აღნიშნეს, რომ ეს ჩინეთ-საქართველოს ძლიერი მეგობრობის ნათელი გამოხატულებაა. ჩინური მხარის მიერ გადმოცემული ნივთები მნიშვნელოვნად გაზრდის ვირუსის გამოვლენისა და კონტროლის შესაძლებლობებს. საქართველო მზადაა ჩინეთთან მჭიდრო კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გასაგრძელებლად და ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის მხარდამხარ სამუშაოდ.
ჩინეთის საჩუქარი საქართველოს მიერ ჩინეთში შეძენილი სამედიცინო ნივთებისთვის გაგზავნილი ჩარტერული რეისით 29 აპრილს გამთენიისას ჩამოვიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და მას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დახვდა.