ჩინეთმა და აშშ-მ სავაჭრო-ეკონომიკური კონსულტაციების შედეგების თაობაზე ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. ინფორმაციას ამის თაობაზე სააგენტო სინხუა ავრცელებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის და ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულებით, ჩინურმა და ამერიკულმა დელეგაცებმა 17-18 მაისს სავაჭრო საკითხებზე კონსტრუქციული კონსულტაციები გამართეს.

ჩინურ დელეგაციას სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენელი, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი ლიუ ხე ხელმძღვანელობდა. ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი, ვაჭრობის მინისტრი უილბურ როსი და ამერიკის წარმომადგენელი სავაჭრო მოლაპარაკებებზე რობერტ ლაითხაიზერი.

მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ეფექტურ ზომებს მიიღებენ ჩინეთსა და აშშ-ს შორის არსებული სავაჭრო დეფიციტის რეალური შემცირებისთვის. ჩინეთი საგრძნობლად გაზრდის ამერიკული საქონლის და სერვისების შესყიდვის მოცულობას, ასევე მოახდენს ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდის სტიმულირებას.

მიღწეულია შეთანხმება ამერიკიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და ენერგორესურსების ექსპორტის გაზრდის შესახებ. ამერიკული მხარე დეტალური მოლაპარაკებისთვის ჩინეთში დელეგაციას გააგზავნის.

მხარეები დიდ ყურადღებას მიაქცევენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას. მიღწეულია შეთანხმება ამ სფეროში თანამშრომლობის გამყარების თაობაზე.

მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ შეინარჩუნებენ კონტაქტებს მაღალ დონეზე და აქტიურად მოძებნიან გზებს სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: