თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეცრეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოში 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა, მათ შორის 40 ათასი PCR-ტესტი და ასევე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთები. ამავე რეისით ჩამოიტანეს ანტისხეულების 20 ათასი ტესტი, რომელიც საქართველოს ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა. მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა ჩინეთში საქართველოს საელჩო.

Related Articles

ჩარტერული რეისი ავიაკომპანია „ჯეოსქაიმ” განახორციელა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსული ტესტების გადმოტვირთვის პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო.

„ამ ტვირთში ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს რა თქმა უნდა, ის 40 ათასი pcr ტესტი და 40 ათასი ექსტრატი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ველოდებით. ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ნაჩუქარი 20 ათასი ანტისხეულების ტესტი, ასევე დანარჩენ ტვირთს წარმოადგენს უკვე პირადი დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს. ჩვენ ვაფართოებთ ამ კვირაში ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალია რისკი, ასევე დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხებზე, თუ ვინ იქნება შემდგომი პრიორიტეტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ქვეყანაში დადებითი ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნებისთვის რეკომენდაციების მკაცრად დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: