როგორც გაზეთი „Beijing Business Today“ იუწყება, ტაქსის გამოძახების ჩინურმა მობილურმა სერვისმა Didi Chuxing განაცხადა, რომ გავიდა მექსიკის ბაზარზე და საკუთარ მომსახურებას მეხიკოს შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ტოლუკა-დე-ლერდოს შესთავაზებს.

ამგვარად, კომპანიამ პირველად გადაწყვიტა, რომ საკუთარი სერვისი არაჩინურენოვან ბაზარზე შეეთავაზებინა. მანამდე ის მხოლოდ ტექნოლოგიების ექსპორტს ახორციელებდა და კაპიტალს უცხოურ ბაზრებში აბანდებდა.

როგორც ცნობილი გახდა, კომპანია Didi-მ აპრილის დასაწყისიდან უკვე დაიწყო სამსახურში მძღოლების აყვანა, აამოქმედა მექსიკურ ბაზარზე სპეციალური მობილური აპლიკაცია და შვილობილი კომპანია შექმნა. მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ლათინურ ამერიკაში Didi საგანგებო სამსახურების გამოძახების ფუნქციას, დინამიური უსაფრთხოების შემოწმებას, კლიენტის მხარდაჭერის სადღეღამისო სამსახურს და ასევე მძღოლთა შეფასების მრავალმხრივ სისტემას აამუშავებს.

დღესდღეობით Didi-ს სერვისი ხელმისაწვდომია სიანგანში, ტაივანზე, იაპონიაში და ლათინურ ამერიკაში. ამავე დროს, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ტაქსის გამოძახებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საწარმოსთან და კერძო მძღოლებთან. Didi-ს პარტნიორებს შორის არიან ისეთი კომპანიები, როგოიცაა Grab, Lyft, Ola, Uber, 99, Taxify და Careem.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: