ჩინური კოსმოსური აპარატის „ჩანიე-5“-ის მოდულმა დედამიწაზე მთვარის ქანების ნიმუშები ჩამოიტანა. ეს არის პირველი ნიმუშები ჩინეთისთვის და უახლესი - მსოფლიოსთვის, რადგან ამგვარი მისია ბოლო 44 წლის მანძილზე არ განხორციელებულა.

ხომალდ „ჩანიე-5“-ის მოდული, რომელშიც ორ კილოგრამამდე მთვარის გრუნტი იყო მოთავსებული, ჩინეთის ჩრდილოეთში, შიდა მონღოლეთის პროვინციაში დაეშვა. ინფორმაცია ამის შესახებ ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა სამმართველომ (CNSA) გაავრცელა.

.

.

მოდულის დედამიწაზე დაბრუნება, 2004 წელს დაწყებული, მთვარის შესწავლის 3-ეტაპიანი გეგმის დასკვნით ნაწილს წარმოადგენდა.

„ჩანიე-5“ - ერთ-ერთი ყველაზე რთული და დაძაბული მისია იყო ჩინეთის აეროკოსმოსური დარგის ისტორიაში. კოსმოსური ხომალდი მთვარეზე 1 დეკემბერს დაეშვა, ქანების ნიმუშები შეაგროვა და ორი დღის შემდეგ უკან, დედამიწისკენ გამოეშურა.

გრუნტის ნიმუშები გადაიგზავნა ლაბორატორიაში შემდგომი კვლევის ჩასატარებლად, რომელშიც, სავარაუდოდ, ჩინელი მეცნიერების გარდა, მათი ევროპელი კოლეგებიც ჩაერთვებიან.

ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდა აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის შემდეგ, რომელმაც ათწლეულების შემდეგ ასეთი მისიის განხორციელება შეძლო. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშების ანალიზი მისცემს კაცობრიობას საშუალებას მეტი შეიტყონ მთვარისა და დედამიწის წარმოშობაზე და ევოლუციაზე, ასევე, მთვარის ფორმირებისა და მის ზედაპირზე ვულკანური აქტივობის შესახებ.

ჩინეთი კოსმოსურ პროგრამებში მილიარდობით დოლარს ხარჯავს. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, 2023-2024 წლებში პეკინი კოსმოსში ავტომატური სადგურის „ჩანიე-6“-ის გაშვებას გეგმავს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: