დედამიწის პეიზაჟები იმდენად საოცარია, რომ ზოგჯერ ადამიანს სხვა კონტინენტზე გამგზავრებას აიძულებს. თუმცა არის ჩვენს პლანეტაზე ისეთი ადგილებიც, რომლებიც მათ სიცოცხლე საფრთხეს უქმნის. დედამიწაზე ასობით ასეთი ადგილია ცნობილი, მაგრამ ლეგენდარული სწორედ ეს შვიდეულია.

1. სიკვდილის ველი, აშშ

.

.

ამ ადგილებში ტურისტებისთვის არაამქვეყნიური პეიზაჟები იხსნება. აქ გამგზავრება თითქოს მარსზე მოგზაურობის რეპეტიციაა: გარშემო წითელი, უსიცოცხლო უდაბნოა. "სიკვდილის ველის" სახელი კი მას ტყუილად სულაც არ მოუპოვებია.

ამბობენ, რომ თუ დედამიწა ჩვენი სახლია, მაშინ ღუმელი სწორედ ეს უდაბნოა. სიკვდილის ველს ეკუთვნის პლანეტაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურის რეკორდი +56,7⁰С. რაც არ უნდა გამძლე ადამიანი იყოთ, მზის მცხუნვარე სხივებისა და საშინელი სიცხის გამო ძალა გამოგელევათ. წყლის გარეშე ამ უდაბნოში ადამიანმა შეიძლება მაქსიმუმ 14 საათი გაძლოს. სიკვდილის ველის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს დამშრალი ტბის, რეისტრეკ-პლაიას (Racetrack Playa), თიხის ფსკერი, რომელსაც იქ არსებული ფენომენის გამო, მოძრავი ქვების ველს უწოდებენ. ამ დამშრალი ტბის ფსკერზე მოძრაობს 30 კილოგრამიანი და მეტი წონის მქონე ქვები. პროფესორ პაულა მესინას ვარაუდით, ქარბუქის შემდეგ, ქარები ორ მხარეს გადაადგილდება, რაც იმ ადგილის რელიეფითაა გამოწვეული. ზუსტად ეს არის ქვების მოძრაობის მიზეზი. ამ ტბის მიდამოებში არის პატარ-პატარა ტორნადოებიც და ესეც ხელს უწყობს ამ საოცარ ფენომენს.

ამასთან, ზამთარში აქ საშინელი სიცივეა.

2. დანაკილის უდაბნო, ეთიოპია

.

.

დანაკილის უდაბნოს დედამიწის ჯოჯოხეთს უწოდებენ. ჰაერის ტემპერატურა აქ +50⁰С აღწევს. ყოველ ნაბიჯზე აქტიური ვულკანები და გეიზერებია, რომლებიც საშიშ ტოქსიკურ გაზებს გამოყოფს. უდაბნოში გიდის გარეშე ყოფნა აკრძალულია.

საშიში ვულკანების, ტოქსიკური გაზის ღრუბლების და გოგირდიანი ტბების ერთობლიობამ ეს ადგილი ცხოვრებისთვის შეუფერებლად აქცია. საოცარია, მაგრამ, უდაბნოს ლანდშაფტი უჩვეულოდ ლამაზი ფერებით გამოირჩევა და პეიზაჟებს არარეალური, ხელოვნური ქმნილების ელფერს სძენს.

3. გველების კუნძული, ბრაზილია

.

.

კუნძულის სახელწოდება მას სრულიად შეეფერება. შეიძლება ითქვას, რომ გველებმა ამ ადგილიდან ყველა დანარჩენი სიცოცხლე გამოდევნეს. გველების კუნძულზე ბინადრობს ბოტრაპსი - ყველაზე შხამიანი გველი ჩვენს პლანეტაზე. მისი ნაკბენი იწვევს რბილი ქსოვილების ნეკროზს, რაც ძვალშიც კი აღწევს და აუცილებლად იწვევს ადამიანის სიკვდილს.

შეუძლებელია წარმოიდგინო ის ტკივილი, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს. მკვლევრები ამბობენ, რომ კუნძულის ყოველ კვადრატულ მეტრზე ხუთამდე ასეთი გველი ბინადრობს. დღეს გველების კვების წყაროს კონტინენტიდან ჩაფრენილი ფრინველები და არა მარტო ფრინველები წარმოადგენენ. ამ ადგილს ბევრი ტრაგიკული შემთხვევა ახსოვს. ერთ-ერთი შემთხვევა უკავშირდება შუქურის ყარაულებს, რომლებიც ამ კუნძულზე 1985 წლამდე მუშაობდნენ. გველებმა შეაღწიეს შუქურაში და ყველა დაკბინეს. ამ შემთხვევის მერე შუქურა ავტომატურ რეჟიმზე გადაიყვანეს, კუნძული კი აქციეს ნაკრძალად, სადაც ადამიანის ფეხი აღარ დადგმულა.

4. სიკვდილის გზა, ბოლივია

.

.

სიკვდილის გზა ბოლივიაში - ყველაზე სახიფათო გზაა მსოფლიოში. ის იმდენად ვიწროა, რომ სატვირტო მანქანებს და ავტობუსებს ერთმანეთისთვის გვერდის ავლა მხოლოდ რამდენიმე ადგილას შეუძლიათ და ეს იქაც კი საკმაოდ რთულია. სამწუხაროდ, ეს არის ერთადერთი არსებული გზა, რომელიც აერთიანებს ლა-პასსა და კოროიკოს.

ერთი მხრიდან აქ არის კლდე, მეორედან კი - 600 მეტრიანი უფსკრული. გზის სიგანე მხოლოდ 3,5 მეტრია. მთელს მარშრუტზე ორასამდე მკვეთრი მოსახვევია.

ტრაგიკული შემთხვევები აქ რეგულარულად ხდება: ყოველწლიურად უფსკრულში საშუალოდ 26 ავტობუსი იჩეხება და იღუპება 300-მდე ადამიანი. საოცარია, მაგრამ ადრენალინის მოყვარულ ტურისტებს ეს ადგილი ძალიან უყვართ ველოექსკურსიების გამო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ გზაზე ველოსიპედით გადაადგილებისას შესაძლებელია ყურადღების მოდუნება. აქ ხშირია მეწყერი, ქვების ცვენა და ნისლი, ამიტომ ხიფათის შეგრძნება წამითაც არ გტოვებს.

5. ნიოსის ტბა, კამერუნი

.

.

აფრიკაში უამრავი ადგილია, სადაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ერთი შეხედვით, ნიოსის ტბა ასეთ ტერიტორიას სულაც არ ჰგავს: შესანიშნავი ბუნება, ნაყოფიერი ნიადაგი, სიმწვანე... თუმცა, 1986 წელს აქ მოხდა შემთხვევა, რომლის გამოც ნიოსის ტბას მკვლელი-ტბა უწოდეს. ღამე ტბაზე ტოქსიკური აირების აფეთქება მოხდა. მომწავლავი ნისლი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა და კლავდა ყველაფერს, რაც ცოცხალი იყო. იმ ღამეს 1700 კამერუნელის სიცოცხლე შეეწირა.

საქმე იმაშია, რომ ტბა ვულკანების ჩაქრობის და კრატერების ნალექების შედეგად წარმოიქმნა. შიგადაშიგ ამ ტბაზე ტოქსიკური აირების აფეთქება ხდება. კამერუნის მთავრობა ყველა ღონეს ხმაროbს იმისთვის, რომ ის, რაც 1986 მოხდა, აღარ განმეორდეს.

6. ნატრონის ტბა, ტანზანია

.

.

ტბის დასახელება „წითელ ტბას“ ნიშნავს. ის დაფარულია მარილით და წლის მანძილზე ფერს იცვლის. წელიწადში რამდენჯერმე ტბა მკვეთრი წითელი ფერის ხდება. ტბაში მცხოვრები მიკროორგანიზმები წყალს საოცარ სანახაობად გარდაქმნიან - მარილი პერიოდულად წითელ და ვარდისფერ შეფერილობას იღებს. იშლება წარმოუდგენელი ხედები, მაგრამ, უმჯობესია, ამას შორიდან ადევნო თვალი.

ტბაში ბანაობა აკრძალულია. მარილის კონცენტრაცია იმდენად მაღალია, რომ წყალთან კონტაქტის გამო კანზე მაშინვე შეშუპება და დამწვრობა ჩნდება. ცხოველები და ფრინველები ტბის წყალში მოხვედრისთანავე იღუპებიან, რაზედაც ჩონჩხებით მოფენილი ნაპირი მეტყველებს.

ტბასთან დიდი რაოდენობით გვხვდება ფლამინგო. ნატრონის ტბაზე დედამიწაზე მცხოვრები ფლამინგოების 75% იბადება. მათთვის ეს იდეალური ადგილია - მარილის ბალანსის გაზრდის გამო, მტაცებლები და სხვა ფრინველები ცდილობენ არ მიუახლოვდნენ ტბას.

7. ვაშინგტონის მთა, აშშ

.

.

ამ მთის სიმაღლე მხოლოდ 1917 მეტრია, თუმცა მის მწვერვალზე ასვლას მხოლოდ ექსტრიმის დიდი მოყვარული თუ გარისკავს. ეს ყველაზე ქარიანი ადგილია დედამიწაზე. აქ დაფიქსირებული ქარის მაქსიმალური სისწრაფე 324 კმ/სთ-ია და თუ ამას დავუმატებთ -40 გრადუს ტემპერატურას მუდმივი თოვლით, ძალიან არაკომფორტულ გარემოს მივიღებთ.

ამბობენ, რომ ადამიანის ორგანიზმი აქ ისეთივე დატვირტვას იღებს, როგორც ევერესტზე ასვლისას.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: