ელექტროკავშირისა და საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო დღეს ყოველწლიურად 17 მაისს აღნიშნავენ.

ეს დღე ყველა პროგრამისტის, სისტემური ადმინისტრატორის, ინტერნეტ-პროვაიდერის, ვებ-დიზაინერის, ინტერნეტ-გამოცემების რედაქტორებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ადამიანების პროფესიულ დღესასწაულად ითვლება.

დღესასწაულის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ხელი შეუწყოს ინტერნეტისა და საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების შესაძლებლობების თაობაზე ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.

1969 წლიდან დაწყებული, 17 მაისს ელექტროკავშირის მსოფლიო დღეს აღნიშნავდნენ.

საინფორმაციო საზოგადოების საკითხებზე ჩატარებული მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ორ ეტაპად 2003 წელს ჟენევაში და 2005 წელს ტუნისში გაიმართა, მიღებულ იქნა „საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ტუნისის პროგრამა“ და მიმართვა გაეროს გენერალურ ასამბლეას, რომელშიც იყო მოწოდება, რომ 17 მაისი საინფორმაციო საზოგადოების დღედ გამოცხადებულიყო.

2006 წლის 27 მარტს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც 17 მაისი საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო დღედ გამოცხადდა.

2006 წლის ნოემბერში ელექტროკავშირის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენციაზე, რომელიც ანტალიაში გაიმართა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ორივე ღონისძიება (ელექტროკავშირის მსოფლიო დღე და საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო დღე) 17 მაისს აღინიშნება, როგორც ელექტროკავშირისა და საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო დღე.

მაღალმა ტექნოლოგიებმა კარდინალური გავლენა მოახდინეს ტექნიკურ პროგრესსზე და ცივილიზაციის განვითარებაზე. წარმოების უამრავ სფეროში მათი დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა პროდუქციის ხარისხი, განხორციელდა შრომის პირობების რეორგანიზაცია. დღესდღეობით ადამიანი პრაქტიკულად გათავისუფლებულია მძიმე ფიზიკური სამუშაოსგან, რომელსაც ახლა კომპიუტერის მეშვეობით ავტომატური სისტემები ასრულებენ.

მაღალი ტექნოლოგიების ფართო გავრცელება დიდ გავლენას ახდენს ასევე საზოგადოებრივ მოვლენებზე. ციფრულ ფორმაში მოქცეული ინფორმაცია და მასზე თავისუფალი წვდომა მომხმარებელს აძლევს ფართო შესაძლებლობებს საკუთარი თვალსაწიერის გაფართოებისთვის, ფაქტების მომენტალური გაცვლისთვის, ასევე ხელს უწყობს პროფესიონალურ და პიროვნულ ზრდას.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: