„საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში უპრეცედენტო შეთანხმებას მიაღწია. კერძოდ, ქართული ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები, რომლებიც ერთობლივ საწარმოს დაარეგისტრირებენ პეკინში, შანხაისა და ტიანძინის საპილოტე თავისუფალ სავაჭრო ზონებში, შეძლებენ ჩინეთის ყველა პროვინციიდან ტურისტების გაყვანას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

საქართველოში ყოველწლიურად ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მატულობს. 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54%-ით მეტი ტურისტი ჩამოვიდა.