დღეს ევა ბაბალაშვილის საავტორო გადაცემა „წახნაგები“-ს სტუმარია კომპოზიტორი და მომღერალი ეკა კვალიაშვილი

ევა ბაბალაშვილი - მოგესალმებით! ეთერშია გადაცემა „წახნაგები“ და დღეს ჩვენთან სტუმრად არის მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი - მუსიკოსი, კომპოზიტორი, რომელსაც უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. 2000 წელს ის დაჯილდოვდა როგორც ათწლეულის საუკეთესო ვოკალისტი, ასევე 1995 წელს მან მიიღო გრან-პრი ბათუმზე შექმნილი სიმღერების კონკურსში. მოგესალმებით!

ეკა კვალიაშვილი - მაშინ კონკურსზე ნატო გელაშვილის სიმღერა შევასრულე, თავად კონკურსი კი მაშინ ასლან აბაშიძის მიერ იყო ორგანიზებული.

ევა ბაბალაშვილი - და თქვენ, ალბათ, მიხვდით, რომ ჩემთან სტუმრად არის ეკა კვალიაშვილი. როდესაც მუსიკოსების წრეში ვიმყოფები, ყველა აღნიშნავს, რომ იშვიათია, სიმღერები ისეთი პროფესიონალიზმით იყოს შესრულებული, როგორც ამას ეკა კვალიაშვილი აკეთებს. მოგესალმებით, ეკა!

ეკა კვალიაშვილი - მოგესალმებით! მადლობა მოწვევისთვის!

ევა ბაბალაშვილი - მე ვიცი, როდესაც ეკა სცენაზეა, ყველა სულ განაბული ელოდება მისგან იმ სიმღერებს, რომელსაც ის ასრულებს, მაგრამ მათი შესრულება არასდროს მეორდება, რადგან ის ყოველთვის საკუთარ იმპროვიზაციას გვთავაზობს.

ეკა კვალიაშვილი - როდესაც ცოცხლად მღერი, იმპროვიზირებ, მიდიხარ კულმინაციამდე და არტისტულად აწვდი ამ ფლუიდებს, მაშინ ყველაფერი იცვლება, რადგან მე უკვე აღარ მახსოვს, როდის და რას ვაკეთებდი.

ევა ბაბალაშვილი - ეს შენზეა დამოკიდებული თუ მაყურებელზე? როგორ გადაეცემა ეს განწყობა?

ეკა კვალიაშვილი - მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია.

ევა ბაბალაშვილი - კვალიაშვილების გვარი ცნობილია როგორც მუსიკოსები, რომლებსაც დიდი ფესვები გააჩნია.

ეკა კვალიაშვილი - დიახ, მამიდაჩემი - კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილია, ჩემი დიდი ბებია კი ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი მარო თარხნიშვილი იყო. მისი მოწაფე იყო ჰამლეტ გონაშვილი. მამიდამ მთელი რეპერტუარი მას გადასცა.

ევა ბაბალაშვილი - შენ რა აიღე დიდი ბებიისგან?

ეკა კვალიაშვილი - ყველაფერი. ეს არის ნიჭი, სიმღერა, იმპროვიზაცია, რადგან ისიც ყოველთვის იმპროვიზირებდა, ხალხურ სიმღერებში კი ამის გაკეთება ძალიან რთულია.

ევა ბაბალაშვილი - ახლა როგორ ჟღერს ეს სიმღერები? ახლა თუ გაუჩნდება ვინმეს ამ სიმღერების მოსმენის სურვილი?

ეკა კვალიაშვილი - რა თქმა უნდა! მთავარია სიმღერის შესრულების და ადამიანის ხარისხი.

ევა ბაბალაშვილი - ოდესმე თუ გიცდია მისი სიმღერების შესრულება?

ეკა კვალიაშვილი - კი, მე ვასრულებ მეოთხე საუკუნის ქართულ იავნანას, რომელსაც ჩემი დიდი ბებია მღეროდა. ამ იავნანაზე გაიზარდნენ ბებიაჩემი, მამაჩემი და მამიდაჩემი. შემდეგ მე გავაკეთე მისი ორკესტრირება და ვიმღერე ზუსტად ისე, როგორც მარო მღეროდა.

ევა ბაბალაშვილი - არაფრის შეცვლა არ გინდოდა?

ეკა კვალიაშვილი - არა, რადგან უკეთესობისკენ მაინც ვერ შევცვლიდი, რადგან არ ვარ ხალხური სიმღერების შემსრულებელი. ის ღვთაებრივად მღეროდა!

ევა ბაბალაშვილი - რას აძლევს გენეტიკა ნიჭიერ ადამიანს? პასუხისმგებლობას ხომ არ გაკისრებთ?

ეკა კვალიაშვილი - მავალდებულებს იმ გაგებით, რომ ამ ოჯახის და ფესვების ღირსი უნდა იყო. ჩემი დიდი ბებია მარო თარხნიშვილი ფრონტის წინა ხაზზეც მღეროდა. მისი ვაჟი მაშინ ჯარში იყო და მარო თავის ანსამბლის რამდენიმე ბიჭთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე მართავდა კონცერტებს. ის ეძებდა თავის შვილს და კონცერტებსაც მართავდა. შემდეგ ანსამბლის ბიჭები დაბრუნდნენ, ის კი დარჩა და ჯარისკაცებს უვლიდა.

ევა ბაბალაშვილი - როგორ დაიწყე გამოსვლა ესტრადაზე?

ეკა კვალიაშვილი - ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ვოცნებობდი, როდესაც პატარა ვიყავი, ალბათ, 11-12 წლის. სანამ საკუთარი სიმღერების წერას დავიწყებდი, ფორტეპიანოზე დავდიოდი. მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მუსიკალურ სასწავლებელში გავაგრძელე. შემდეგ დავამთავრე სასწავლებელი, მაგრამ კონსერვატორიაში აღარ ჩავაბარე, რადგან ნოტებს ვეღარ ვუყურებდი. დღეში 8-9 საათს ვმეცადინეობდი, ამიტომ ყველა წვეულების გამოტოვება მიწევდა. ჩემი მეგობრები იკრიბებოდნენ, მე კი სულ ვმეცადინეობდი, და ეს მომბეზრდა. უცებ დავიწყე სიმღერა. ბავშვობიდან ვმღეროდი, მაგრამ აქ უკვე სიმღერების წერა დავიწყე. პიანისტის კარიერა აღარ მაინტერესებდა და სხვა მიმართულებით წავედი.

ევა ბაბალაშვილი - ამას არ ნანობ?

ეკა კვალიაშვილი - არა, არ ვნანობ, რადგან უკვე ძალა აღარ მქონდა.

ევა ბაბალაშვილი - და შენი პირველი სიმღერა...

ეკა კვალიაშვილი - ჩემს მიერ დაწერილი პირველი სიმღერის სახელწოდება იყო „წვიმა“. თემურ თათარაშვილი მას დღემდე ასრულებს. სიმღერის ტექსტიც მე დავწერე.

ევა ბაბალაშვილი - მე ვიცი, რომ შენი ქალიშვილი ერთ-ერთ სასიმღერო კონკურსში მონაწილეობდა. რას გრძნობდი, როდესაც ის სცენაზე იდგა?

ეკა კვალიაშვილი - როდესაც ის სცენაზე პირველად გავიდა, მე, რა თქმა უნდა, დარბაზში ვიჯექი. მას ყველა ტაშს უკრავდა. მაშინ უიტნი ჰიუსტონის სიმღერა შეასრულა. ძალიან ამაყი ვიყავი.

ევა ბაბალაშვილი - შენ ურჩიე ამ სიმღერის შესრულება?

ეკა კვალიაშვილი - არა, არა. იქ იყო ზაზა შენგელია, რომელსაც უნდოდა, რომ ეს სიმღერა შეესრულებინა. თავად მას ეს სიმღერა არ უნდოდა. მერე დამირეკა ზაზა შენგელიამ და მითხრა, რომ ეს ძალიან ლამაზი და დიდებული სიმღერაა. მე ვუთხარი ნუკის, რომ მან უნდა იმღეროს ეს სიმღერა და დაუმტკიცოს ყველას, რომ მას მისი შესრულებაც შეუძლია, რადგან ისიც ჩემსავით მრავალმხრივ ნიჭიერია, რადგან მე ვასრულებ ესტრადასაც, სოულსაც, ჯაზ-როკსაც, რუსულ რომანსებსაც...

ევა ბაბალაშვილი - როგორ მიყვარს, როდესაც რუსულ რომანსებს ქართველი ქალები მღერიან! დარწმუნებული ვარ, რომ თვით რუსებიც კი ვერ ასრულებენ მათ ისე, როგორც ამას ჩვენი მომღერლები აკეთებენ.

ეკა კვალიაშვილი - რა თქმა უნდა. ჩვენ სხვა ენერგეტიკა გაგვაჩნია, აბსოლუტურად სხვა ხმები და სხვა ტემპერამენტი. რომანსებში მთელი ცხოვრებაა. ერთ რომანსში ყველაფრის მოყოლაა შესაძლებელი.

ევა ბაბალაშვილი - რომანსებიდან რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი?

ეკა კვალიაშვილი - საყვარელი რომანსი ბევრი მაქვს.

ევა ბაბალაშვილი - ახლა მოდაშია ფონოგრამის გამოყენება. რა დამოკიდებულება გაქვთ ამის მიმართ?

ეკა კვალიაშვილი - პლუს ფონოგრამა, ანუ სადაც ხმაც არის ჩაწერილი - ეს მკვდარი შესრულებაა. შეგიძლიათ დაჯდეთ სახლში და სიმღერას ბევრჯერ მოუსმინოთ. ცოცხალი შესრულება - ეს არის ენერგეტიკა, ეს არის სიყვარული, ეს არის ფლუიდები, რომლებსაც აფრქვევ. მსმენელისგანაც საპასუხოდ სიყვარულისა და პოზიტივის ენერგეტიკას იღებ. უსიყვარულოდ არაფერი გამოდის.

ევა ბაბალაშვილი - რა არის სიყვარული?

ეკა კვალიაშვილი - სიყვარული - ღმერთია. მე ყოველთვის სიყვარულით ვარ განწყობილი. იქიდან გამომდინარე, რომ ღმერთი - სიყვარულია, მე მიყვარს ღმერთი, რადგან მისგან მივიღე სიმღერის ნიჭი, სიკეთე, სილამაზე, ქალიშვილი, შვილიშვილები... ორი შვილიშვილი მყავს - ლუკა და ალექსანდრე. ლუკას ძალიან ლამაზი ხმა აქვს და სიმღერას ცდილობს. მე გავზარდე და ძალიან უყვარვარ.

ევა ბაბალაშვილი - ისევ სიყვარულს ვუბრუნდებით.

ეკა კვალიაშვილი - აბა როგორ? ყველაფერი სიყვარულით უნდა აკეთო. ყველა ნეგატიური აზრი, რომელიც ჩვენს ტვინშია, უნდა წავშალოთ, გავთავისუფლდეთ ამისგან და მეოთხე განზომილებაში გადავიდეთ. როდესაც ამ სიმძიმეს გაუშვებ, გულზე მოგეშვება. თუ პრობლემების მორევს ზევიდან შეხედავ, ის ძალიან პატარა მოგეჩვენება. ყველას ვუსურვებ პოზიტიურ აზროვნებას, სიყვარულს, სურვილებისა და მოთხოვნილებების ასრულებას.

ევა ბაბალაშვილი - როგორ ქმნი საკუთარ მუსიკას?

ეკა კვალიაშვილი - არ ვიცი. ზოგჯერ ღამე ვდგები და ვწერ. როდესაც მუსიკა უკვე ჩემს თავში ჟღერს, ვიღებ ტელეფონს, ვჯდები როიალთან და ვიწერ.

ევა ბაბალაშვილი - ყოველთვის მოგწონს ის, რაც ჩაიწერე, თუ რაღაცეებს ცვლი?

ეკა კვალიაშვილი - როდესაც ვწერ მუსიკას და იქ არის რაღაც გადასვლა, სადაც თვალზე ცრემლი მადგება, უკვე ვიცი, რომ ეს ლამაზი სიმღერა იქნება.

ევა ბაბალაშვილი - როგორ გახდე ვარსკვლავი? ვარსკვლავად უნდა დაიბადო?

ეკა კვალიაშვილი - თბილისში ეს ძალიან ადვილია.

ევა ბაბალაშვილი - რატომ?

ეკა კვალიაშვილი - როგორ ხდებიან ვარსკვლავები? მთავარია - ქართულ ენაზე იმღერო აზერბაიჯანული ან სომხური სიმღერები, რომ ხალხმა იცეკვოს, დახარჯოს ფული და კარგი დრო გაატაროს, და როგორ მღერის ეს ადამიანი, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია რითმა და შალახოს რიტმი - მაშინ შენ ხარ ვარსკვლავი და ყველგან გიწვევენ (ჟიურიშიც კი).

ევა ბაბალაშვილი - ვარსკვლავი რომ გახდე, შრომა საჭიროა?

ეკა კვალიაშვილი - არ ვიცი. მე პროფესიულ სცენაზე 16 წლის ასაკში გამოვედი. გივი გაჩეჩილაძემ გააკეთა ჩემი სიმღერის პირველი არანჟირება. მაშინ გპი-ს ორკესტრში ვმღეროდი. ის მოვიდა, მოუსმინა ჩემს სიმღერას, გააკეთა არანჟირება, შემდეგ კი საახალწლო გადაცემა გადაიღეს. სიმღერა სტივი უანდერისადმი მიძღვნას წარმოადგენდა. მისი ფანი ვიყავი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მე დავესწარი მის კონცერტს პოლონეთში. ყველა მისი სიმღერა ზეპირად ვიცოდი. მე ვიცოდი, რომ ის ცოცხლად მღერის, იმპროვიზირებს, ანუ ყველა ამ სიმღერას ახლებურად მოვისმენ, და ამით ბედნიერი ვიყავი.

ევა ბაბალაშვილი - დღეს თუ გვყავს ქართულ სივრცეში ასეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავები?

ეკა კვალიაშვილი - ახლა ბავშვები მღერიან ძალიან კარგად.

ევა ბაბალაშვილი - ვინმემ ხომ უნდა მოგისმინოს და შექმნას შენგან ვარსკვლავი?

ეკა კვალიაშვილი - თუ არის კარგი, გამოცდილი პროდიუსერი, მაშინ ყველაფერი გამოვა, რადგან ამ პროდიუსერმა ზუსტად იცის, რა არის გასაკეთებელი.

ევა ბაბალაშვილი - ჩვენთან თუ არის ისეთი პროდიუსერი, რომელსაც შეუძლია ვარსკვლავის შექმნა? ჩვენ ძალიან ბევრი კარგი მომღერალი და მუსიკოსი გვყავს, მაგრამ მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჩვენთან ჯერ არ დაბადებულა.

ეკა კვალიაშვილი - ესე იგი, ასეთი პროდიუსერი არ არის. ჩვენთან არიან კარგი შემსრულებლები, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსებში, მაგრამ შემდეგ ისინი რესტორნებში მღერიან.

ევა ბაბალაშვილი - ჩვენ სულ რაღაც ერთი წუთი დაგვრჩა. მე მინდა, რომ უთხრა ჩვენს ახალგაზრდა მსმენელებს, როგორ უნდა მოეპყრონ საკუთარ ნიჭს.

ეკა კვალიაშვილი - მე პირველ რიგში ვუსურვებ ყველას წარმატებას შემოქმედებით საქმიანობაში და ცხოვრებაში. გაუფრთხილდით საკუთარ ნიჭს და განვითარდით. ნუ ჩაიციკლებით იმაზე, რომ უკვე ძალიან მაგრები ხართ.

ევა ბაბალაშვილი - განვითარდით, გიყვარდეთ თქვენი საქმე და უსმინეთ მათ, ვინც გეტყვით, როდის ხართ თუ არ ხართ მართალი. ყველას წარმატებული კვიტა მინდა გისურვოთ. მადლობა, რომ გვისმენდით. მადლობა ეკა, რომ გამონახე დრო და მოხვედი ჩემს გადაცემაში. წარმატებები!

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: