დღეს ევა ბაბალაშვილის საავტორო გადაცემა „წახნაგები“-ს სტუმრები არიან საბავშვო ჯგუფ „გვირილა“-ს ხელმძღვანელი და დამაარსებელი ერნა წიფურია და მისი მოწაფე მარიამ მელიქიძე, რომელმაც 10 წლის ასაკში საფრანგეთში გამართულ კონკურსზე „პარიზის ვარსკვლავი“ ერთ-ერთი პრიზი მოიპოვა.

ევა ბაბალაშვილი – მოგესალმებით! ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად წინასაახალწლო ციებ-ცხელებისა და დაკავებულობისა, ჩვენთან სტუმრად მობრძანდით.

ერნა წიფურია - გამარჯობა! დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. სხვათაშორის, ამას დიდი ხანია ველით, რადგან თქვენთან კარგა ხანია არ ვყოფილვართ. აქ ყოველთვის კარგი მეგობრული გარემოა. თქვენი გადაცემის შემდეგ ყოველთვის კარგ განწყობაზე ვართ. თქვენთან სტუმრად მოსვლა ძალიან მოგვწონს. ზაფხულიდან დაწყებული, ჩვენთან ბევრი რამ მოხდა. ერთ-ერთი იყო კონკურსი „პარიზის ვარსკვლავი“, რომელშიც ჩვენი ანსამბლის 7 წამყვანი სოლისტი მონაწილეობდა.

ევა ბაბალაშვილი – ეს კონკურსი ყოველწლიურად ტარდება თუ წელს პირველად გაიმართა?

ერნა წიფურია - ის უკვე 11 წლის მანძილზე ყოველწლიურად ტარდება.

ევა ბაბალაშვილი – მასში მონაწილეობას პირველად იღებდით?

ერნა წიფურია - პარიზშიც და ამ კონკურსზეც პირველად ვიყავით.

ევა ბაბალაშვილი – როგორ აღმოჩნდით ამ კონკურსზე? ვინ მიგიწვიათ?

ერნა წიფურია - შარშანწინ ვიყავით იტალიის ქალაქ რიმინიში (იქ სხვათაშორის ფედერიკო ფელინი დაიბადა), სადაც გავიცანით ცნობილი პრომოუტერი ჩეხეთიდან, რომელიც ევროპაში ფესტივალების ორგანიზებით არის დაკავებული. ის ესწრებოდა ფესტივალს რიმინიში და ჩვენი გოგოები ძალიან მოეწონა. მან მიგვიწვია კონკურსზე „პარიზის ვარსკვლავი“, რომელსაც ყოველწლიურად აწყობს.

ევა ბაბალაშვილი – რამდენი ქვეყანა მონაწილეობს აღნიშნულ ფესტივალში?

ერნა წიფურია - ძალიან ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა. სამი ჯგუფი იყო ჩამოსული ამერიკიდან, ორი - ესპანეთიდან, ასევე იყვნენ ჯგუფები ჩინეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან და ა.შ. ძალიან მიჭირს ყველას ჩამოთვლა, რადგან ძალიან ბევრი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და თითოეული ქვეყნიდან რამდენიმე ანსამბლი იყო ჩამოსული.

ევა ბაბალაშვილი – როგორ შეარჩიეთ ის ბავშვები თქვენი სტუდიიდან, რომლებსაც ამ კონკურსში უნდა მიეღოთ მონაწილეობა?

ერნა წიფურია - საფრანგეთში შვიდი ბავშვი წავიყვანეთ, რომლებიც მანამდე რიმინის კონკურსში მონაწილეობდნენ, რადგან სწორედ ეს ბავშვები მოეწონათ.

ევა ბაბალაშვილი – მარიამმა ფრანგულ ენაზე იმღერა. მისი სიმღერა თქვენს სტუდიაში მაქვს მოსმენილი. სიმღერას საკმაოდ კარგ ფრანგულზე ასრულებდა. გაოცებული ვიყავი იმით, რომ ასე კარგად იცოდა ფრანგული. მარიამ, საფრანგეთში პირველად იყავი?

მარიამ მელიქიძე – დიახ.

ევა ბაბალაშვილი – სიმღერა სახელწოდებით „მაპატიე“ სპეციალურად ამ კონკურსისთვის ისწავლე? ფრანგულს სად სწავლობდი?

მარიამ მელიქიძე – ფრანგული ენა არ მისწავლია.

ერნა წიფურია - ეს სიმღერა მე შევთავაზე და მას მოეწონა. მან მითხრა, რომ მას აუცილებლად იმღერებდა. სხვათაშორის, მარიამი სიმღერებს სხვადასხვა ენებზე ასრულებს.

ევა ბაბალაშვილი – გადაცემის დაწყებამდე ქალბატონმა ერნამ მითხრა, რომ კონკურსზე ისრაელში აპირებთ გამგზავრებას. გვიამბეთ ამ კონკურსზე.

ერნა წიფურია - ეს არის კონკურსი, რომელსაც ყოველწლიურად აწყობს ფოლკლორული მუსიკის საერთაშორისო ორგანიზაცია.

ევა ბაბალაშვილი – საბავშვო კონკურსია?

ერნა წიფურია - იქ მონაწილეობენ ბავშვები 12 წლის ასაკიდან.

ევა ბაბალაშვილი – ამ კონკურსისთვის ალბათ ძალზე სერიოზულად ემზადებით? არის იქ გარკვეული პროგრამა, რომელიც უნდა შეასრულოთ, თუ იმპროვიზირებაც არის დაშვებული?

ერნა წიფურია - იქ უნდა იყოს ქართული პროგრამა. თითოეული ანსამბლი საკუთარ ქვეყანას წარადგენს. „პარიზის ვარსკვლავში“ თითოეული ქვეყნიდან რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობდა, ამ კონკურსში კი თითოეული ქვეყნიდან მხოლოდ ერთი კოლექტივი იღებდა მონაწილეობას.

ევა ბაბალაშვილი – ასეთ კონკურსზე მიწვევა თქვენი ანსამბლისთვის ძალიან პრესტიჟული და სასიამოვნოა.

ერნა წიფურია - მით უფრო, რომ აღნიშნული ფესტივალი სამთავრობო დონეზე ტარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ მას მთავრობა აფინანსებს.

ევა ბაბალაშვილი – ისრაელის რომელ ქალაქში იმართება ეს კონკურსი?

ერნა წიფურია - ქალაქ უშრატში, რომელიც ხაიფას მახლობლად მდებარეობს.

ევა ბაბალაშვილი – იქ იგივე შემადგენლობა მიგყავთ?

ერნა წიფურია - ალბათ, იგივე შვიდი ბავშვი წავა. მათ ვენდობი. მარიამი მათ შორის ყველაზე პატარაა.

ევა ბაბალაშვილი – რამდენი წელია რაც თქვენი ანსამბლი არსებობს?

ერნა წიფურია - ჩვენი ანსამბლი 1995 წლიდან არსებობს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.

ევა ბაბალაშვილი – სად მდებარეობს თქვენი სტუდია?

ერნა წიფურია - ჩვენი სტუდია ძველ ქალაქში, კიევის ქუჩაზე მდებარეობს.

ევა ბაბალაშვილი – მე ვიცი, რომ ცოტა ხნის წინ თქვენი სტუდია გარემონტდა და ამაში დიდი წვლილი თბილისის მერიას მიუძღვის.

ერნა წიფურია - აუცილებლად მინდა ვუთხრა მადლობა ჩვენს მერს ბატონ კახი კალაძეს. რომ არა ის, ჩვენ ისევ ძველ შენობაში ვიქნებოდით, სადაც უკვე ბზარები იყო გაჩენილი.

ევა ბაბალაშვილი – ახლა ყველა პირობა გაგაჩნიათ იმისთვის, რომ იმოგზაუროთ მთელს მსოფლიოში და საქართველოსთვის ბევრი ჯილდო მოიპოვოთ.

ერნა წიფურია - ჩვენ აქაც ვაპირებთ კონცერტების გამართვას. 28 დეკემბერს ფილარმონიის დიდ დარბაზში გვაქვს გამოსვლა.

ევა ბაბალაშვილი – მარიამ, როგორ ხედავ საკუთარ მომავალს? ის სიმღერასთან იქნება დაკავშირებული? კონსერვატორიაში ჩაბარებას თუ აპირებ?

მარიამ მელიქიძე – დიახ.

ევა ბაბალაშვილი – ქალბატონო ერნა, როდესაც თქვენთან ახალი ბავშვი მოდის, მაშინვე ხედავთ, რომ მისგან ვარსკვლავი გამოვა თუ ყველა ბავშვისთვის არის შესაძლებელი, რომ ეს გამოიმუშაოს?

ერნა წიფურია - დიდ როლს თამაშობს მოტივაცია.

ევა ბაბალაშვილი – საჭიროა კარგი ხმაც და შინაგანი განწყობაც, რომელიც გამღერებს. როდესაც თქვენთან მოდიან ბავშვები, რომლებიც თქვენს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ, უარს ეუბნებით თუ ისინი შემდგომში თავად ტოვებენ სტუდიას?

ერნა წიფურია - ნებისმიერ ადამიანს უნდა მისცე საშუალება ჩამოყალიბდეს და გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენთან მოსული ათი ბავშვიდან პროფესიული მომღერალი შესაძლოა მხოლოდ ერთისგან დადგეს (შეიძლება არც დადგეს). ეს მოტივაციაზე და მონაცემებზეა დამოკიდებული.

ევა ბაბალაშვილი – დაგვისახელეთ ბავშვები თქვენი სტუდიიდან, რომლებიც ცნობილები გახდნენ.

ერნა წიფურია - არის ასეთი ბიჭი - გიორგი ანდღულაძე, რომელიც ახლა იტალიაში მღერის. არის გოგონა, რომელსაც ჰქვია მერი ღონღაძე. ის მილანში მღერის და სხვათაშორის, გუშინ კლიპის პრემიერა ჰქონდა. იანვარში ის თბილისში ჩამოვა და მისი კლიპის პრემიერა აქაც შედგება.

ევა ბაბალაშვილი – თუ ინარჩუნებთ კავშირებს იმ ბავშვებთან, რომლებმაც თქვენი სტუდია დაამთავრეს? თბილისში ყოფნისას ისინი, ალბათ, აუცილებლად მოდიან თქვენთან?

ერნა წიფურია - აუცილებლად! ჩვენ ვმეგობრობთ. ეს არის ჩვენი დიდი ოჯახი.

ევა ბაბალაშვილი – ყველა გახსოვთ?

ერნა წიფურია - ვცდილობ, რომ არავინ დავივიწყო.

ევა ბაბალაშვილი – როდესაც საქმე ბავშვებთან გაქვს, ფსიქოლოგიც უნდა იყო, თითოეულ ბავშვთან საკუთარი მიდგომა უნდა იპოვო. ეს ძალიან რთულია. ამაში ვინ გეხმარებათ?

ერნა წიფურია - აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ჩემი ქალიშვილი ჩემს კვალს გაჰყვა და როგორც მენეჯერი, დაკავებულია ჩვენი პროექტების განხორციელებით.

ევა ბაბალაშვილი – რა პრინციპით ადგენთ თქვენი კონცერტების პროგრამას? ირჩევთ იმას, რაც თქვენ მოგწონთ, თუ ვიღაცა გირჩევთ ან ჩანაწერები მოაქვთ? როგორ ხდება?

ერნა წიფურია - ამჟამად პროგრამა საახალწლო თემათიკისაა.

ევა ბაბალაშვილი – მარიამ, რაზე ოცნებობ?

მარიამ მელიქიძე – იმაზე, რომ კარგად ვიმღერო.

ევა ბაბალაშვილი – ისრაელში ფოლკლორული სიმღერებისგან შედგენილი პროგრამა უნდა წაიღოთ. რამდენი სიმღერა უნდა მოამზადოთ?

ერნა წიფურია - 7 სიმღერის მომზადებას ვაპირებთ.

ევა ბაბალაშვილი – მათ შერჩევაში ვინ გეხმარებათ?

ერნა წიფურია - პროგრამას თავად ვადგენ. სხვათაშორის, პარიზშიც ფოლკლორული პროგრამა გვქონდა. ჩვენი სიმღერები იქ ძალიან კარგად მიიღეს.

ევა ბაბალაშვილი – ხალხური სიმღერების შესრულება ძალზე რთულია. ჩვენი ბავშვები სულ სხვა დროში ცხოვრობენ. მათთვის თანამედროვე მუსიკა უფრო ახლოსაა. ფოლკლორის შესრულება ალბათ უჭირთ, თუ საკუთარ თავს ამ სიმღერებში მაშინვე პოულობენ?

ერნა წიფურია - ჩვენი სტუდიის ბავშვებს ძალიან მოსწონთ ხალხური სიმღერების შესრულება. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ სიმღერებს ვასრულებთ, თუმცა ქართული ფოლკლორი ჩვენი სულისთვის უფრო ახლოსაა, რადგან ჩვენთან ძირითადად ქართველი ბავშვები სწავლობენ. არიან ქართველი ბავშვები, რომლებიც ჩამოვიდნენ მოსკოვიდან, ყაზახეთიდან, რომელთა მშობლებმა აქ დაბრუნება გადაწყვიტეს. ეს ბავშვებიც სიამოვნებით მღერიან ქართულ სიმღერებს.

ევა ბაბალაშვილი – ბავშვებისთვის საკუთარი ნიჭის გამოვლენა უფრო ადვილია, ვიდრე მოზრდილებისთვის?

ერნა წიფურია - მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში იწყებს ბავშვი რაღაცის სწავლას (ეს იქნება სიმღერა, ცეკვა თუ სპორტი), მით უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ. თუ ახლა მისმენენ ბავშვები და მათი მშობლები, მინდა ვთქვა, რომ ბავშვები სხვადასხვა სტუდიებში აუცილებლად ადრეული ასაკიდან შეიყვანეთ. აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვის განვითარებას.

ევა ბაბალაშვილი – რა იგრძენით, როდესაც თქვენი ანსამბლის საპატივცემულოდ ვარსკვლავი გაიხსნა?

ერნა წიფურია - მე არ ვარ ამბიციური ადამიანი და მიმაჩნდა, რომ ეს, შესაძლოა, ნაადრევი იყო, მაგრამ რადგან ასე გადაწყვიტეს იმ ადამიანებმა, ვინც ამას ხელმძღვანელობს, ალბათ, ეს დავიმსახურეთ. მადლობა მინდა ვუთხრა დავით ოქიტაშვილს, რომელმაც ასე დააფასა ჩვენი მუშაობა.

ევა ბაბალაშვილი – ეს ვარსკვლავი დიდი შრომისა და თავგანწირვის ფასად მოიპოვეთ. თქვენ და თქვენი ქალიშვილი თითქმის არ ხართ სახლში. თქვენ მუდმივად მუშაობთ, ქმნით ახალ პროგრამებს, ეძებთ ახალ სიმღერებს, ახალ ტალანტებს... საინტერესო ცხოვრება გაქვთ!

ერნა წიფურია - საინტერესო და რთულიც, რადგან ყოველ დღე გიწევს ფიქრი იმაზე, თუ რა შეგიძლია გააკეთო ახალი.

ევა ბაბალაშვილი – ერთ ადგილას გაჩერება არ შეიძლება, განსაკუთრებით ხელოვნებაში...

ერნა წიფურია - რა თქმა უნდა! ყოველდღე ახალზე უნდა იფიქრო.

ევა ბაბალაშვილი – და კიდევ სპონსორების მოძიებაც არის საჭირო.

ერნა წიფურია - დიახ, ესეც, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ კუთხით ჩვენ, ალბათ, ოდნავ განებივრებულები ვართ. ჩვენ გვყავს კომპანიები, რომლებიც მუდმივად გვეხმარებიან. შეძლებისდაგვარად მთავრობაც გვეხმარება. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი მეგობრები და მთავრობა აკეთებს. მადლობა უფალს.

ევა ბაბალაშვილი – ახალი პროგრამის შედგენისას უკვე წინასწარ იცით, ვინ იმღერებს ამა თუ იმ ახალ სიმღერას?

ერნა წიფურია - დიახ, ამას ვხედავ. მარიამის შემთხვევაში, როდესაც ის საფრანგეთის ფესტივალისთვის ემზადებოდა, ჩვენ მისთვის სიმღერას ვეძებდით. დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ სიმღერა „მაპატიე“ მას ძალიან მოუხდებოდა. და მართლაც, როდესაც მარიამმა მას მოუსმინა, მითხრა, რომ ეს მისი სიმღერაა და მას აუცილებლად იმღერებდა.

ევა ბაბალაშვილი – გისურვებთ გამარჯვებას ფესტივალზე, რომელიც ისრაელში გაიმართება. და გადაცემის დასასრულს - რას უსურვებდით ჩვენს მსმენელს?

ერნა წიფურია - ყველას მინდა მშვიდობა ვუსურვო.

ევა ბაბალაშვილი – ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ჩემი მხრიდან, ჩვენს მაყურებელს და მსმენელს ბედნიერი ახალი წელი მინდა ვუსურვო. ეს იყო გადაცემა „წახნაგები“ ევა ბაბალაშვილთან ერთად და ჩვენთან სტუმრად იყვნენ ერნა წიფურია და ძალიან ნიჭიერი გოგო მარიამ მელიქიძე.

https://www.youtube.com/watch?v=xDZqe4oPk3I

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: