ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. გადაცემაში ,,თქვენი მოსაზრება" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი მაია გაბუნია საუბრობდა.

უკვე ცნობილია ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი. სულ რამდენი ცენტრი გაიხსნება ქვეყნის მასშტაბით, როდიდან აიღებს სტარტს ერთიანი ეროვნული გამოცდები და როდის დასრულდება?

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება 1 ივლისს და 23 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება 5 ივლისს. მაგისტრატურის კანდიდატები გამოცდებს 17-დან 24 ივლისის ჩათვლით ჩააბარებენ. საგამოცდო ცენტრები, ისევე როგორ წინა წელს, 11 ქალაქშია განთავსებული. სულ 23 საგამოცდო ცენტრი გახლავთ.

ძირითადად რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა? რა რეკომენდაციებს მისცემს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათ?

როდესაც უკვე შეძლებენ პლასტიკური ბარათების ამობეჭდვას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა წაიკითხონ ის, თუ რომელ საგამოცდო ცენტრში არიან განაწილებულნი. მოგეხსენებათ, რამდენიმე საგამოცდო ცენტრია და უნდა გაიგონ პლასტიკური ბარათის მეშვეობით ზუსტი მისამართი. პლასტიკურ ბარათზე ასევე მითითებული იქნება საგამოცდო რიცხვი და დრო, რომელიც რეგისტრაციის დაწყებას ნიშნავს. სამწუხაროდ დაგვიანებული აბიტურიენტები აღარ დაიშვებიან, ამიტომ ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის ერთი და იგივეა - არ უნდა დაიგვიანონ!

საათები როგორ არის გადანაწილებული?

როგორც წესი, გამოცდები ორ სესიად ტარდება. პირველი სესია იწყება 8 საათზე და მეორე სესია, მე როგორც მახსოვს, 14 საათზე. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, არის შემთხვევები როდესაც მეორე სესია 3 საათზე იწყება, გააჩნია გამოცდას და მის ხანგრძლივობას. თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ რომელი გამოცდა რომელ საათზე უნდა ჩატარდეს თავისთავად დატანილია პლასტიკურ ბარათზე და ვთხოვ მათ რომ ყურადღებით წაიკითხონ.

სულ რამდენი აბიტურიენტია დარეგისტრირებული ერთიან ეროვნულ გამოცდებში და წინა წლებს თუ შევადარებთ, არის თუ არა მატება ?

41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. თითქმის იგივეა, რაც წინა წელს.

ასევე საინტერესოა, რა პროფესიას ირჩევენ მომავალი სტუდენტები, თუ გაქვთ ინფორმაცია?

ზოგადად ეს არის ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალმცოდნეობა. თავისთავად, მეტია არჩევანი საბუნებისმეტყველო მიმართულებითაც, თუმცა ეს არ არის საბოლოო და ზუსტი ინფორმაცია რადგან მათ არჩევანის გაკეთება შემდგომაც შეუძლიათ.

როდის დაიწყება სამაგისტრო გამოცდები?
სამაგისტრო გამოცდები დაიწყება 17 ივლისს და დასრულდება 24 ივლისს. არის სამი ტიპის გამოცდა და განაწილებულია ტიპის მიხედვით.

გადაცემის აუდიო ვერსია

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: