მხატვრული ნაწარმოებების წაკითხვისას, ალბათ ყველას უფიქრია, რამდენად საინტერესო იქნებოდა ამა თუ იმ ეპოქაში (გადა)ცხოვრება. თუმცა, თუ კი მე არჩევანის წინაშე დავდგებოდი - რომელ ეპოქაში ვამჯობინებდი ვხოვრებას, ეს დღეს და აქ იქნებოდა ნამდვილად. ძალიან საინტერესო და გამოწვევების პერიოდში გვიწევს ყოფნა, როდესაც რეალური სამყარო ნელ-ნელა ონლაინ “ღრუბლებში” ინაცვლებს. შეიცვალა და გამარტივდა ურთიერთობებიც, დღეს 1 წუთში აკეთებ იმას, რასაც 10 წლის წინ 10 საათს მოანდომებდი. ტექნოლოგიურმა განვითარებამ, ინტერნეტმა და სოციალურმა მედიამ სამყარო რამდენიმე საფეხურით გადაახტუნა გლობალური განვითარების ტემპებს და პროცესებიც დააჩქარა.

პირველად ინტერნეტს 14 წლის ასაკში ვეზიარე, როდესაც ჩემი საყვარელი მუსიკალური ჯგუფი “დავსერჩე” და ის ინფორმაცია მივიღე, რაც მანამდე არცერთ ჟურნალში დაწერილა, და აი სწორედ მაშინ მივხვდი -

Internet is a new black.

ტრადიციული მედია “კვდება” და მას ახალგაზრდა, სავსე შესაძლებლობებით ციფრული მედია ანაცვლებს. ციფრული მედია კონკურენტუნარიანია, რეიტინგების ბრძოლაში კი სოციალური მედია უდაოდ იგებს. სანამ ჟურნალისტი სტატიას “აცხობს”, სოციალური მედიის მენეჯერი პოსტს აქვეყნებს და 1-0, რეიტინგს დებს.

დღეს 2019 წლის ივლისის ერთი ჩვეულებრივი დღეა, ზუსტად ასე ცხელოდა თბილისში 50 წლის წინ, თუმცა განსხვავება ისაა, რომ მაშინ ამინდის პროგნოზსს შავ ყუთში შავ-თეთრ ეკრანზე ამცნობდნენ საზოგადოებას, დღეს კი საკუთარი ტელეფონი გესაუბრება ამინდზე - SIRI, დღეს იწვიმებს? და პასუხი დაუყოვნებლივია - ეს ცხოვრების გაციფრულებაა. ონლაინ სამყარომ ცხოვრება გაამარტივა. მილიონობით აპლიკაცია, ვებ-გვერდი თუ დივაისი არამხოლოდ გვიმარტევებს ცხოვრებას, არამედ ახალ მოთხოვნებს და პლატფორმებს ქმნის.

საინტერესოა ახალი პროფესიებიც, რომლებიც თანამედროების გაციფრულებამ თავისთავად შვა, მათ შორის კი ინფლუენსერები, რომლებიც ყველაზე მოთხოვნად სარეკლამო ინფორმაციების მატარებლად იქცნენ. დღეს კომპანიები არა ტრადიციული სარეკლამო რგოლებით ან პოსტერებით, არამედ კონკრეტული პირების მეშვეობით გვესაუბრებიან და ჩვენც მეტად ვენდობით კატოს, ნინოს, გიორგის ინსტაგრამ ფოტოს თუ ფეისბუქ პოსტს, ვიდრე შპს-ს მიერ საკუთარი პროდუქტისა თუ სერვისის ქება-დიდებას ტრადიციული მედია არხების მეშვეობით.

კომპანიები უკვე ჩაებნენ ონლაინ ფერხულში და მათთვის მეტად მნიშვნელოვანია, რეალური ინფლუენსერების მეშვეობით წარმოაჩინონ ესა თუ ის სერვისი თუ პროდუქტი. Casa Angelina ამალფიზე, Kayakapi Premium Caves კაპადოკია, Room Mate და სხვა მრავალი სასტუმრო, ასევე სამოსისა და აქსესუარების ბრენდები - ეს ის მწირი ჩამონათვალია, რომელთანაც პირადად მე მითანამშრომლია. მიუხედავად იმისა, რომ Instagram-ზე ჩემი გამომწერთა რაოდენობა 6000 არ აღემატება, ხშირად კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია შენი ნეთვორკი და კრეატიული ქონთენთი რომელსაც მათთვის ქმნი. თუმცა იმისათვის, რომ სოციალური ქსელში პოპულარული გახდეთ და ეს ერთგვარ პროფესიადაც იქცეს, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ: შექმენით საინტერესო ქონთენთი, გაუზიარეთ პოზიტიური სიახლეები თქვენს მიმდევრებს, გამოიყენეთ #-ები, პოსტეთ რეგულარულად - სულ ეს არის სოციალური მედიის ფილოსოფია.

განვმეორდები, საოცრებათა ხანაში ვცხოვრობთ, გარდამავალ პერიოდში და თან განვითარებად ქვეყანაში, ეს მიქსი შესაძლებლობას გვაძლევს არამხოლოდ ჩვენი კომპანიები იყვნენ მოწინავე პოზიციებზე, არამედ ქვეყანაც, ვინაიდან განვითარებული ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკაზე დიდი ციფრებით აისახება.

ონლაინ ფერხულში, სადაც საზღვრები არ არსებობს და “ჩეკინი” განაპირობებს ბევრი კომპანიისა თუ ქვეყნის წარმატებას, ვფიქრობ, საქართველოც აქტიურად უნდა ჩაებას, განსაკუთრებით კი ინფლუენსერების მიმართულებით. წარმოიდგინეთ: ირინა შეიკის “ჩეკინი” ქართულ ვენახში ან ენვირომენტალისტი ლეონარდო დიკაპრიოს პოსტი ოკაცეს კანიონიდან ტექსტით: “ყველაზე ეკო ქვეყანა მსოფლიოში” - სოციალური მედიის აფეთქება, მსოფლიო მედია გაშუქება და რუსული ბაზარი აღარ თამაშობს ქართული ეკონომიკაში ეგზომ “მნიშვნელოვანი” ციფრებით.

სამყარო არის აქ და ამ წუთას, ონლაინ სივრცეში, სადაც არამხოლოდ კომპანიების, არამედ ქვეყნისა და ხალხის ბედიც წყდება. ხოლო ის ვინც ამ ტენდენციებს ვერ მიყვება, ალბათ ჯერ კიდევ ფარნიანი ნოკიით დადის, ან ბუზებს ითვლის და ჩიხირთმა-ბოზბაშის ეპიზოდით ცხოვრობს ჯერ კიდევ.

ნანკა კიკალა

ნანკა კიკალა