“ყველაფერი პოპულარული არასწორია” - ეს სიტყვები ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მწერალს, ოსკარ უაილდს ეკუთვნის.

მწერალი 1854 წლის 16 ოქტომბერს განათლებულ, კულტურულ და ამავდროულად ბოჰემურ ოჯახში, ირლანდიაში, დუბლინში დაიბადა. თუმცა, ის თავს სიცოცხლის ბოლომდე ინგლისელად მიიჩნევდა და არასოდეს აღნიშნავდა, რომ ირლანდიელი იყო.

ელეგანტური, ნიჭიერი, ეპატაჟურობის მოყვარული ოსკარი ორიგინალური იდეებით გამოირჩეოდა. ქარიზმატული ბუნების გამო თავიდანვე დიდებისკენ მიისწრაფოდა. მდიდარ საზოგადოებაში, რომლის სასურველი წევრი თავიდანვე გახდა, დიდხანს კამათობდნენ და მსჯელობდნენ მისი ხასიათის თავისებურებებზე. ზოგი მას წმინდანად მოიხსენიებდა, ზოგი კი ეშმაკს ადარებდა.

სტილი, რომლითაც მწერალი გამოირჩეოდა, სრულიად ახლებური იყო. ლაკონური, ცინიკური მიმართულება, ამავდროულად კლასიკური და ტრადიციული ელემენტებით გაჯერებელი ხედვა სრულიად უცხო სახეს სძენდა მის შემოქმედებას.

მწერალზე დიდი გავლენა იქონია დედის ლიტერატურულმა სალონმაც, სადაც მომავალმა მწერალმა ბავშვობის წლები გაატარა. უაილდს არისტოკრატიზმი და მასთან დაკავშირებული ელემენტრაული ნიუანსებიც კი ბავშვობიდან ჩაუნერგეს. მისმა დედამ, ლედი ფრანჩესკამ, კარგად იცოდა უძველესი ენები. შესაბამისად, დედანში იცნობდა ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს. ელინური ღვთაებრივი ენისადმი სიყვარულიც სწორედ მან ჩაუნერგა თავის ვაჟს.

ოსკარმა განათლება დუბლინთან ახლოს, პორტორის სამეფო სკოლაში მიიღო. მკვირცხლი და მჭერმეტყველი ბიჭუნა მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ მან სტიპენდია თრინითი-კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად მიიღო, სადაც ანტიკური ისტორიისა და კულტურის შესწავლა დაიწყო. აქედან მან უკვე შემდგომ კოლეჯში მიიღო სტიპენდია სწავლის გასაგრძლებელად და გამოიმუშავა ნამდვილი ინგლისური აქცენტი, რომლითაც ის ამაყობდა.

ოსკარი უაილდი

.

უაილდი და პირველი სასიყვარულო იმედგაცრუება

უაილდი მრავალი წლის მანძილზე შეყვარებული იყო ლედი მალკომბზე, თუმცა ის სხვაზე გათხოვდა და ოსკარმაც კონსტანს ლოიდზე იქორწინა, რომელთანაც 2 ვაჟი, სივილი და ვივიენი, შეეძინა. სწორედ მის შვილებს უკავშირდება მწერლის მიერ ზღაპრების წერის სურვილი, რომელთაც თავდაპირველად მათთვის თხზავდა.

ესტეთიური სილამაზით შეპყრობილი უაილდი

ადამიანი ვალდებულია ლამაზად იცხოვროს - მოხდენილ და მიმზიდველ ნივთებს შორის. სილამაზე, უაილდმა ზნეობრიობის მიღმა, სიყვარულზე, სიბრძნეზე და შეიძლება ითქვას ყველაფერზე მაღლაც კი დააყენა. ის აღფრთოვანებული იყო ნახატებით, ნაქარგებით, ქანდაკებებით, ლამაზი ავეჯით, ყველაფერს აღმერთებდა, რაც ლამაზი და მიმზიდველი იყო.

ოქსფორდის კოლეჯში სწავლისას უაილდის მისამართით სულ უფრო ხშირად ისმოდა ფრაზა, რომ მას ადამიანის შინაგანი სამყაროს ჭვრეტა შეეძლო. მწერლის ნიჭი წინასწარმეტყველური ჭვრეტის შესახებ კარგად გამოჩნდა მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გახმაურებულ რომანში სახელწოდებით ,,დორიან გრეის პორტრეტი“, რომელიც 1890 წელს ჟურნალში „Lippincott’s Monthly Magazine“-ში დაიბეჭდა.

მაგრამ, კრიტიკოსებმა რომანი და მისი ავტორი ამორალურობაში დაადანაშაულეს. დორიან გრეის პორტრეტზე 216 დაბეჭდილ კრიტიკულ წერილზე, უაილდმა 10-ზე მეტი წერილი გამოაქვეყნა საპასუხოდ ბრიტანული გაზეთებისა და ჟურნალების რედაქტორებისთვის, სადაც განმარტა, რომ ხელოვნება, რომელსაც ის ემსახურებოდა ამორალური არ იყო.

დორიან გრეის პორტრეტი

რომანის მთავარი გმირი, დორიანი, მარადიული სილამაზის სიმბოლოა. მას ავტორი წარმოაჩენს ისე, როგორც ხელოვნების ნიმუშს. მთავარი გმირი სიბერის შიშით იტანჯება. უაილდი, შესაძლოა, ამ შიშის ავტორადაც კი ჩაითვალოს, რომელ იდეაზე დაყრდნობითაც პლასტიკურმა ქირურგიამ უდიდეს წარმატებას მიაღწია. დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროცედურად სწორედ გაახალგაზრდავების პორცედურა ითვლება.

დორიან გრეი მხატვარ ლორდ ჰენრის გავლენის ქვეშ ექცევა. იგი მატყუარა და მლიქვნელი ხდება. გადის წლები, დორიანი კი არ ბერდება, სამაგიეროდ, მახინჯდება მისი პორტრეტი.

პორტრეტი მისი სინდისის სარკეა. დორიანი თავის პორტრეტს სხვენში მალავს. ტილოს ყოველი ნახვა კი უფრო და უფრო მტკივნეული ხდება მისთვის. ერთ დღესაც ის დანით აზიანებს პორტრეტს. მსახურები კი თავიანთი პატრონის ულამაზეს პორტრეტს ოთახში შესვლის შემდეგ ნახულობენ. იქვე, იატაკზე დავარდნილი ასაკოვანი ადამიანის გვამის ამოცნობა კი შეუძლებელია, მისი იდენტიფიცირება მხოლოდ ბეჭდის საშუალებით ხდება.

დორიან გრეის წაკითხვის შემდეგ მის გულშემატკივრებს უფრო გაუღრმავდათ ეჭვები უაილდის წინასწარმეტყველურ ნიჭთან დაკავშირებით. მასში რაღაც ამოუცნობს, მისტიურს ხედავდნენ. ისინი თვლიდნენ რომ ხელოვანი სრულიად უცხო მხარეს არ ამჟღავნებდა და ჭვრეტის ნიჭით იყო დაჯილდოებული. უამრავი ეჭვის მიუხედავად, ოსკარს არასოდეს უპასუხია მათ შეკითხვებზე, ვინ იცის, მწერალს იქნებ სურდა კიდეც ასე ეფიქრათ.