სეზონური ვირუსები, იმუნიტეტი და გრიპის აცრები - ცნობილი პედიატრის, ევგენი კომაროვსკის ექსკლუზიური რჩევები გადაცემაში "FM პედიატრი".

პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. საქართველოში ძალიან სკრუპულოზურად და ყურადღებით უსმენენ თქვენს რჩევებს, რომელიც ვრცელდება ინტერნეტში. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო თქვენს დატვირთულ გრაფიკში. მინდა გკითხოთ იმ ყველაზე აქტუალური საკითხების შესახებ, რაც აწუხებთ მშობლებს.

უკვე შემოდგომაა და ყველა მშობლის საზრუნავია ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერება. როგორი იქნება თქვენი რჩევა, როგორც გავუძლიეროთ იმუნიტეტი პატარებს ამ შემოდგომას?

ევგენი კომაროვსკი - ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა. ადამინებს გულწრფელად სჯერად იმისა, რომ მედიცინაში ცნობილია რაღაც ჯადოსნური აბები, რომელსაც მისცემთ ბავშვს და ის გამოჯანმრთელდება. ამით სარგებლობს უამრავი შარლატანი, რომლებიც სხვადასხვა სახის აბებს ყიდიან, მეტიც - ყიდიან ყველაფერს: აბებს, ხელსაწყოებს, რაღაც მოდურ ნივთებს, რომელიც კისერზე უნდა ჩამოიკიდო და ავად აღარ გახდები და ა.შ. ეს ყველაფერი აბსოლუტური სისულელეა! მინდა მოვუწოდო ადამიანებს საერთოდ დაანებონ თავი იმაზე ფიქრს, რომ ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერება აბებითაა შესაძლებელი. ბავშვის იმუნიტეტს მხოლოდ ცხოვრების წესი განსაზღვრავს. თუ ბავშვი სუნთქავს სუფთა ჰაერით, დაკავებულია სპორტით, ერიდება კონტაქტს ავადმყოფ ადამიანებთან, მაშინ მას აქვს გადარჩენის შანსი. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დილიდან საღამომდე იმყოფება დახუთულ ოთახში, თამაშობს ტელეფონით, მის გვერდით კი ასეთი კიდევ სამი ცინგლიანი ბავშვია, ისინი ყველანი ავად იქნებიან, ამიტომ ჩემი მთავარი რჩევაა: ნუ უსმენთ ნურავის სისულელეებს. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილებს ასეთ სიტუაციაში. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ როდესაც ხვდებით ბავშვს, რომელსაც ინფექცია აქვს და მასთან მჭიდრო კონტაქტი გაქვთ, დიდი ალბათობით, თქვენც ავად გახდებით, ამიტომ დაავადების გაჩენის აღკვეთა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავს აარიდებთ ასეთ კონტაქტებს, იმ ადგილებში ყოფნას, სადაც ბევრი ხალხია და ეცდებით საკუთარი ორგანიზმი ნორმალურ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ. ანუ, ფიზიკური დატვირთვები, გაკაჟება, სუფთა ჰაერი - აი ეს არის მთავარი, მაგრამ ჩვენ ვზარმაცობთ, ამიტომ გვინდა დავურეკოთ ექიმ კომაროვსკის, იმის იმედით, რომ ის გვირჩევს რაღაც ოქროს აბებს, რომლებსაც დავალევინებთ ბავშვს და ის ავად აღარ გახდება. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ასეთი აბები არ არსებობს.

როგორ გავუკაჟოთ ორგანიზმი პატარას?

ევგენი კომაროვსკი - ყველაზე მთავარია - იცხოვრო ბუნებრივად და ნორმალურად. თუ ბავშვს უნდა ფეხშიშველა სიარული, არ ჩააცვათ მას ფეხსაცმელი. თუ მას არ უნდა ჭამა, ნუ აძალებთ. თუ ბავშვი ამბობს, რომ სცხელა, გახადეთ ზედმეტი ქურთუკი და იაროს ისე, როგორც მისთვის არის მოსახერხებელი. დედებმა შესანიშნავად იციან, რომ თუ ბავშვი არის დაუბანელი, მშიერი, გათოშილი, ის ავად არ ხდება. თუ კი ის უყვართ, არის თბილად, ნაჭამია, კარგად არის ჩაცმული, არ აკლებენ მასწავლებლებს და წამლებს, მისი ავადმყოფობა არასდროს მთავრდება. ბავშვის მიმართ სიყვარული იმაში კი არ უნდა გამოიხატებოდეს, რომ მას ახალ ტანსაცმელს უყიდით, არამედ იმაში, რომ წაიყვანთ სასეირნოდ, დახარჯავთ ფულს ველოსიპედზე, როლიკებზე, იმაზე, რაც მოგცემთ საშუალებას ნებისმიერ ამინდში გაუშვათ სასეირნოდ. აი ეს არის მთავარი. ჩვენი შვილები ნორმალური იმუნიტეტით იბადებიან და არ საჭიროებენ არანაირ გაკაჟებას. თქვენ ჯერ ზედმეტი ტანსაცმლით და გადაჭარბებული კვებით ბავშვებს აფუჭებთ, შემდეგ კი მათი გაკაჟება გსურთ. დაანებეთ თავი სისულელეებს! სუფთა ჰაერზე სეირნობა და ფიზიკური დატვირთვა - აი ამაში უნდა გამოიხატებოდეს თქვენი სიყვარული ბავშვის მიმართ.

რა როლი აქვს ამ მიმართულებით კურორტებს? რა ინტენსივობით არის მისი წაყვანა ქალაქგარეთ რეკომენდებული და რა უნდა ვიცოდეთ რომ სწორად შევარჩიოთ კურორტი, დასვენების პერიოდი და ხანგრძლივობა?

ევგენი კომაროვსკი - ბავშვისთვის მნიშვნელოვანია კონტაქტი გარემოს ბუნებრივ ფაქტორებთან (მოძრავი ჰაერი, ტემპერატურის კონტრასტი, მზე, წყალი და ა.შ.). ასეთ მომენტებში ორგანიზმი იხსენებს, როგორია ნორმალური ცხოვრება: საყოფაცხოვრებო ქიმიის, ქლორირებული წყლისა და ათასობით ადამიანის გარეშე, ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა, დაარქმევთ ამას კურორტს, თუ ეს იქნება სახლი ქალაქ გარეთ. თუ არ გაქვთ კურორტზე გამგზავრების საშუალება, უბრალოდ სუფთა ჰაერზე სეირნობის შესაძლებლობა გამოიყენეთ. მთავარია, რომ კურორტზე წასვლა თვითმიზნად არ იქცეს. არ შეიძლება, რომ დაისვენო კურორტზე ორი კვირა, შემდეგ კი მთელი წლის მანძილზე აკეთო სისულელეები და უფუჭებდე ბავშვს ჯანმრთელობას. ბავშვით ყოველ დღე უნდა იყოთ დაკავებული. რა სირთულეა იმაში, რომ გაასეირნოთ ძილის წინ ან დილით, მოაცილოთ ბავშვი ტეელეფონს ან ტელევიზორს, აიძულოთ, რომ გარე სამყაროს შეხედოს. მიაქციეთ ყურადღება: 5 წლამდე ასაკის ბიჭუნების 90% ადვილად განასხვავებს „აუდის“ „მერსედესისგან“, მაგრამ ვერ განასვხვაებს მუხას ნეკერჩხლისგან. ძალიან მნიშვნელოვანია გაიყვანოთ ბავშვები გარეთ, აზიაროთ ბუნებას, მზეს, ჰაერს, წყალს. არ არის აუცილებელი, რომ ამას კურორტი ერქვას. ეს უბრალოდ შეიძლება იყოს ბაღი თქვენი სახლის გვერდით.

დაიწყო ახალი სასწავლო სეზონი საბავშო ბაღებში და სკოლებში. დაიწყო ვირუსული ინფექციებიც. როგორ ფიქრობთ, არის გრიპის აცრები ვირუსებისგან დაცვის საშუალება?

ევგენი კომაროვსკი - აცრა გრიპისგან - დაცვის შესანიშნავი საშუალებაა, მაგრამ ის მხოლოდ გრიპისგან იცავს. უბრალოდ, ადამიანებს ხშირად ეშლებათ. გრიპი - ეს არის კონკრეტული ინფექციური დაავადება. გრიპის გარდა არსებობს უამრავი სხვა ვირუსი, რომელსაც სხვადასხვა სახელწოდება აქვს. უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, რომ ადამიანი გაცივდეს, დაეწყოს ხველა და ა.შ., მაგრამ გრიპის ვირუსი კარგად არის ცნობილი. ეს არის ვირუსი, რომელიც ყოველ წელს იჩენს თავს და ყველაზე საშიშ ვირუსულ ინფექციებს იწვევს. ის განსაკუთრებით საშიშია პატარებისთვის,მოხუცებისთვის,ადამიანებისთვის, რომლებსაც რაიმე სერიოზული დაავადება აწუხებს (ასთმა, დიაბეტი, გულის მანკი, ნევროლოგიური პრობლემები). ასეთი ადამიანებისთვის გრიპის ვირუსი განსაკუთრებით საშიშია, ამიტომ მისგან თავის დაცვაა საჭირო. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თუ არ აცრით თქვენს მოხუცებს, მაშინ სკოლიდან დაბრუნებულმა თქვენმა შვილებმა შესაძლოა მათ ინფექცია გადასდონ, რის შედეგადაც მოხუცი შეიძლება გარდაიცვალოს კიდეც. განსაკუთრებულ საშიშროებას გრიპის ვირუსი ფეხმძიმე ქალებისთვის წარმოადგენს. თუ ბავშვის გაჩენას აპირებთ, ოჯახის ყველა წევრი უნდა აცრათ. თანამედროვე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთება ფეხმძიმე ქალებისთვისაც არის დაშვებული. ფეხმძიმობა არანაირად არ უშლის ხელს ვაქცინაციას. ადამიანებმა იციან, რომ გრიპის ვირუსი მუდმივად იცვლება, ამიტომ არსებობს ასეთი აზრი, რომ რახან ის იცვლება, აცრა აზრს კარგავს და არ არის საჭირო. საქმე იმაში გახლავთ, რომ ყოველ წელს არა მხოლოდ გრიპის ვირუსი, არამედ ვაქცინაც იცვლება. იქიდან გამომდინარე, თუ რა ტიპის ვირუსია მოსალოდნელი, ყოველ წელს ახალი ვაქცინა იქმნება.

ყოველთვის ყველაზე აქტუალურია ბავშვთა სწორი კვება. ყველამ იცის რომ საკვები უნდა იყოს დაბალანსებული, გაჯერებული ვიტამინებით და ა.შ.. მაგრამ როგორია თქვენი რეცეფტი, რა არის ის ძირითადი საკვები მასალა, რაზეც დგას ბავშის ორგანიზმი?

ევგენი კომაროვსკი - მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე მშობლები გადაჭარბებულ შეფასებას ანიჭებენ ჭამას. თქვენ გეჩვენებათ რომ თუ ბავშვი არ მიიღებს ყველა ვიტამინს და დაბალანსებულ კვებას, აუცილებლად ავად გახდება. სინამდვილეში, ბავშვის ორგანიზმს საკვების დეფიციტის გადატანაც შეუძლია და ეს ზოგჯერ მარგებელიცაა. ჭამის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს მადა. როდესაც ბავშვი მშიერია და საჭმლის მიღების საჭიროებას განიცდის, საკვებს ნორმალურად ინელებს და ეს მისთვის სასარგებლოა. თუ ბავშვი არ ჭამს სადილს და მხოლოდ კანფეტი უნდა, თუ მისი კვება არ არის მრავალფეროვანი, აქედან ჩნდება პრობლემებიც. არ აჰყვეთ ბავშვებს. ბავშვმა უნდა ჭამოს ის, რასაც აძლევთ, მაგრამ ისევ და ისევ უნდა ჭამდეს სიამოვნებით. თუ მადა არა აქვს, ჯობია საერთოდ არ აჭამოთ. გაუზარდეთ ფიზიკური დატვირთვა, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ მშობლების, სკოლის და საბავშვო ბაღის მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვებმა მადიანად ჭამონ. არ შეიძლება, რომ საბავშვო ბაღში ბავშვმა სამ საათზე ნაკლები დრო ატაროს სუფთა ჰაერზე. როდესაც ბავშვი სუფთა ჰაერზე დიდ დროს ატარებს, ის შესანიშნავად ჭამს და საკვებსაც კარგად ინელებს.

ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი გონებრივი განვითარება. რა არ უნდა გამოგვრჩეს ბავშვის განვითარებაზე დაკვირვებისას?

ევგენი კომაროვსკი - უპირველეს ყოვლისა, მას უნდა მივცეთ ჰარმონიული განვითარების საშუალება. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა. ჩვენ ბავშვის სწავლა უინტერესო გავხადეთ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მშობლები ხშირად ცდილობენ საკუთარი თავი ჩაანაცვლონ სმარტფონით, კომპიუტერით ან ტელევიზორით. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ღმერთმა და ბუნებამ ისე ინება, რომ ბავშვი სწავლობს მაშინ, როდესაც დიდებს აკვირდება. ბავშვს სათამაშოზე და კომპიუტერზე კარგად დაინტერესებული უფროსი ადამიანი ასწავლის. ჩემი მთავარი რჩევაა - დიდებმა არ უნდა დაზოგონ საკუთარი დრო და ბავშვებს მეტი ყურადღება დაუთმონ. ყველაზე ძალიან ჩვენს შვილებს დედები და მამები აკლიათ.

ჩვენ ვიცით თქვენი დამოკიდებულება ერთჯერადი საფენების მიმართ. ქართველი მშობლებიც აქტიურად ხმარობენ საფენებს. იქნებ ურჩიოთ, როგორ გადააჩვიონ ამ ჩვევას?

ევგენი კომაროვსკი - ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ერთჯერადი საფენები ბავშვებს არ სჭირდებათ. ჩვენი წინაპრები, ისევე, როგორც თქვენ, ამის გარეშე იზრდებოდნენ. პამპერსები ბავშვებს კი არა, დედებს სჭირდებათ. საფენები დედებს აძლევენ იმის საშუალებას, რომ დაისვენონ, არ რეცხონ და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ დედამ გამოიძინა და არ არის დაღლილი, ოჯახში მამაც და შვილებიც კმაყოფილები არიან. ერთჯერადი საფენების გარდა, არის მრავალჯერადიც. მთავარია არ იჩქაროთ. როგორც წესი, ბავშვი თავად იწყებს თავისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების კონტროლირებას. ამ უნარის ფორმირება ხდება წლინახევრიდან სამი წლის ასაკამდე. ბევრ კითხვაზე პასუხი თავისუფლად არის ხელმისაწვდომი დოქტორ კომაროვსკის საიტზე.

თქვენ ხშრად გაქვთ შეხვედრები მშობლებთან. რამდენიმე დღეში, კიევშიც შედგება ასეთი ტიპის შეხვედრა. რას გეკითხებიან ხოლმე ყველაზე ხშირად ისინი და რამდენად მნიშნელოვანია მიიღონ სწორი ინფორმაცია, რადგან ინტერნეტი სავსეა ქაოტური ინფორმაციით?

ევგენი კომაროვსკი - სრულებით გეთანხმებით. არის სპეციფიკური კითხვები, რომლებიც ადგილობრივ პირობებზე და იქაური ექიმების აქტიურობაზეა დამოკიდებული. ძირითადი პრობლემები თითქმის ყოველთვის ერთნაირია: ეს არის იმუნიტეტი, აცრები, ალერგია, კვება, გაკაჟება და ა.შ. რა თქმა უნდა, ადამიანებს იმედი აქვთ, რომ დოქტორ კომაროვსკის გააჩნია ინფორმაცია რაღაც ჯადოსნურ აბებზე, რომელთა შესახებ ის საჯაროდ ვერ საუბრობს, ამიტომ თავად ესტუმრება და მოუყვებათ. როდესაც სხვა ქალაქში ჩავდივარ, არასდროს მაქვს რაღაც კონკრეტული გეგმა, თუ რაზე ვისაუბრებ. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომლებიც კონკრეტული შეხვედრის დროს ჩნდება. 2 ნოემბერს მე ვიქნები კიევში, 19 ნოემბერს შეხვედრა მაქვს ბაქოში, 26 ნოემბერს - კიშინოვში. საკმაოდ ბევრს დავდივარ. ველი, როდის მექნება ასეთი სახის შეხვედრა თბილისში. ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება, თუმცა ჩემს ფოსტაში ძალიან ბევრი წერილია საქართველოდან.

და ბოლოს, თქვენ სულ აქტიური ხართ წიგნების, სატელევიზიო ეთერების და შეხვედრების კუთხით. რააზე მუშაობთ ამჟამად და რას უნდა ელოდნენ თქვენი ლექციების გულშემატკივრები ექიმი კომოროვსკისგან უახლოეს მომავალში?

ევგენი კომაროვსკი - ორი კვირის წინ დავასრულე ახალი წიგნი. ეს საკმაოდ დიდი წიგნია და მისი სახელწოდებაა „365 რჩევა თქვენი ბავშვის დაბადებიდან წლამდე“. მასში ვპასუხობ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც მშობელს უჩნდება პატარას მოვლინებიდან ერთ წლამდე. ახლა ამ წიგნზე რედაქტორები და მხატვრები მუშაობენ და მის გამოსვლას თებერვლის თვეში ველოდებით. გარდა ამისა, ჩვენ „დოქტორ კომაროვსკის სკოლის“ ახალ სეზონს ვამზადებთ. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ფორმატი - „ჰკითხეთ დოქტორ კომაროვსკის“ (ეს არის ორ ან სამ წუთიანი რგოლები, სადაც შეკითხვებს ვპასუხობ). გარდა ამისა, ვაგრძელებ გადაცემების ჩაწერას რადიოში, მომდის უამრავი წერილი, მაქვს შეხვედრები, ჩემი საკუთარი პროექტები და ა.შ.

წარმატებებს გისურვებთ ამ საქმიანობაში და მინდა, რომ რადიო LIFE.FM-ს უსურვოთ თქვენი კეთილი სურვილები.

ევგენი კომაროვსკი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულები ხართ ბავშვებით და მათი ჯანმრთელობის პრობლემებით. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ქვეყნის მთავარი ამოცანა - ბავშვებია. არა სიტყვიერად, როდესაც ამბობენ, რომ ბავშვები - ჩვენი მომავალია. ასე თქმა არასწორია. ბავშვები - ჩვენი აწმყოა. როდესაც ბავშვი კარგად არის, მისი მშობლებიც კარგად არიან. მთელი პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ დედამ, მამამ და შვილმა თავი კარგად იგრძნოს. სახელმწიფო ამისათვის არსებობს. სამყაროში ყველაფერი ამაზეა აგებული. თუ ჩვენ ვასწავლით ადამიანებს, როგორ უნდა იყვნენ ბედნიერები, ესე იგი სწორ გზას ვადგივართ. იმედი მაქვს, რომ თქვენი რადიო მაღლა აიტაცებს ადამიანთა ჯანმრთელობისა და ბედნიერი ოჯახების დროშას. ჩემი რესურსები ყოველთვის თქვენს განკარგულებაში იქნება.

სხვა სტატიები თეგით: