5 მაისს საქართველოს დედაქალაქში ევროპის დღე აღინიშნა. ერთი დღით რიყის პარკში მისულ სტუმრებს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურის, სამზარეულოს, ტრადიციების გაცნობისა და სუვენირების შეძენის საშუალება ჰქონდათ.

უკვე 5 წელია საქართველო ევროპის დაბადების დღეს საზეიმოდ აღნიშნავს, სტუმრებს სიმბოლურად ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაუროდ ყველა აუცილებელი პროცედურის გავლის საშუალება ჰქონდათ სპეციალური დახლების მეშვეობით, რომელთა შორის სასაზღვრო პუნქტიც იყო.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში... ესტონეთში... ბულგარეთში... პორტუგალიაში..." - მსგავსი წარწერებით მიესალმა მოსულ სტუმრებს თითოეული ქვეყნის წარმომადგენლობითი კუთხე.

„ევროსოფელში“ კულტურის გაცნობა არც ისე იოლი აღმოჩნდა, წარმომადგენლები მისულ სტუმრებს სხვადასხვა კითხვებს უსვამდნენ ევროკავშირის, ადგილობრივი მუსიკის ან ტრადიცული კერძების შესახებ - დადებითი პასუხის შემთხვევაში კი „ევროსოფლის“ სტუმარი სიმბოლურ საჩუქარს იღებდა.

ღონისძება დატვირთული იყო მუსიკალური ნომრებით, გასართობი აქტივობებით და თეატრალური წარმოდგენებით. კვების განყოფილებაში კი ევროპის „გემო“ სხვადასხვა ნაირსახეობით იყო წარმოდგენილი.

ევროპის დღე 2018 რიყის პარკში

ევროპის დღის ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირის ელჩი, თბილისის მერი და მთავრობის სხვა წევრები შეუერთდნენ.

რადიო „შოკოლადის“ მეშვეობით პირდაპირ რიყის პარკიდან მსმენელებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე განხორციელებული ღონისძიებების, ამ დღის მნიშვნელობისა და სხვადასხვა ევროპული პროექტების შესახებ რადიოს სტუმრებისგან გაეგოთ.

რადიო "შოკოლადის" პორტატულ სტუდიაში სტუმრობისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ევროპის დღე ერთიანობის თავისუფლების და მეგობრობის დღეა.

„ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნებს, სხვადასხვა კულტურას, რომლებსაც ერთი ღირებულება აერთიანებთ და ერთიანი ხედვა სამომავლოდ. საქართველო ამ ხედვის ნაწილია. ჩვენ დღეს ძალიან ახლოს ვართ ევროკავშირთან. ჩვენ ასოცირების შეთანხმებით და ვიზალიბერალიზაციით მჭიდროდ ვართ დაკავშირებული, ჩვენს მოქალაქეს შეუძლია შენგენის ქვეყნებს უვიზოდ ეწვიოს,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ევროკავშირის კომუნიკაციების მენეჯერი საქართველოში მიკოლარი ბეკესიაკი ამბობს, რომ ამ დღის ქართველ მეგობრებთან ერთად აღნიშვნა ძალიან სასიხარულოა.

„საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ახლო კავშირები პოლიტიკურად და ეკონომიკურად. ჩვენმა ქვეყანამ გადაწვიტა, რომ ევროკავშრიის არაერთი რეზოლუცია საკუთარ სისტემას მოარგოს. ასეთი ღონისძიებები ძალიან კარგია იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ამ დღის აღნიშვნა, რათა მათ მივცეთ უკეთესი საშუალება გაიგონ, თუ რა არის ევროკავშირი,“ - განაცხადა მიკოლარი ბეკესიაკმა.

ღონისძიების მედიაპარტნიორის GBTIMES Georgia-ს გენერალური დირექტორის მიხეილ ტარახჩევის თქმით, მოსულ სტუმრებს განსაკუთრებულად სხვადასხვა მრავალფეროვანი კულტურის გაცნობა ხიბლავთ, ეს ჩვენს ევროპულ ღირებულებებზე და ინტერესზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.

„თბილისში დღეს ჩვენ ევროპის ნაწილს ვხედავთ. ეს დღე აჩვენებს რამდენად ახლოს ვართ ევროკავშირთან, რასაც ოფიციალური სტუმრების რაოდენობაც ამტკიცებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ევროპულ ოჯახს მივეკუთვნებით. მე ვფიქრობ ეს ღონისძიება ძალიან ღირებულია ჩვენი ევროპული გეზისთვის.“ - ამბობს მიხეილ ტარახჩევი.

ღონისძიება ნინო ქათამაძის, INSIDE-ს და ნათია თოდუას მუსიკალური ნომრებით ევროპის მოედანზე საზეიმოდ დასრულდა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: