გამოფენა „IMMAGICA” -იტალიური ხელოვნება - მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში გახლავთ შთამბეჭდავი ვირტუალური მოგზაურობა დროში, იტალიურ ფერწერასა და ქანდაკებაში. ეს არის ხმის, განათების, იმერსიული გამოსახულებებისა და მულტიმედიური კონტენტის ერთობლიობა; ხელოვნების აღმოჩენა ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით; შთაბეჭდილებების მიღებისა და ცოდნის გაღრმავების ახლებური ხერხი; ყველასთვის გასაგები, ხელმისაწვდომი და, ამავე დროს, მეცნიერული თვალსაზრისით ზედმიწევნით ზუსტი ენა. გამოფენა "IMMAGICA". იტალიური ხელოვნება - მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში ხუთ საუკუნეს მოიცავს (მე-14 საუკუნიდან მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით) და მნახველს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაეცნოს ისეთი დიდოსტატების უმნიშვნელოვანეს ნამუშევრებს, როგორიცაა: ჯოტოს „მაესტა დი ონისანტი“ და სკროვენის კაპელის ფრესკები, ლეონარდო და ვინჩის "ხარება", ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“ და „გაზაფხული“, რაფაელის „მადონა ჩიტბატონათი“, ბელოტოს "სან მარკოს მოედანი" და "კასტელო სფორცესკო", "კანალეტოს იტონის კოლეჯის კაპელა". კანოვას „სამი გრაცია“ და“ამური და ფსიქეა”. გამოფენის შესავალ ნაწილში ვიდეოგამოსახულებების მეშვეობით მოთხრობილი ამბები ერთდროულად ხუთ უზარმაზარ ეკრანზე გადაიცემა. საგანმანათლებლო პლატფორმისა და სენსორული ეკრანების მეშვეობით შესაძლებელია წარმოდგენილი ნამუშევრების დეტალების დათვალიერება. გამოფენის VR ტექნოლოგიებით შექმნილ ნაწილში მნახველებს საშუალება აქვთ, კანალეტოსა და ბელოტოს ტილოებზე ასახული ამბები აღმოაჩინონ. ნამუშევრების აღწერის მოსმენა კი შეიძლება ყურსასმენებით, ორიგინალური მუსიკის ფონზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე. გამოფენის განხორციელების იდეა გაჩნდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული სემინარების ციკლის შედეგად, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების გამოყენების თემას ეძღვნებოდა. წამყვანი ტექნოლოგიებით შექმნილი მულტიმედიური ექსპოზიცია კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის სფეროში მომუშავე სამი იტალიური კომპანიის ერთობლივი მუშაობის შედეგია: ვირტუალური მარშრუტის იდეა და განხორციელება Cose Belle d’Italia Media Entertainment-ს ეკუთვნის, პლატფორმა Centrica-ს შექმნილია, ETT კი ვირტუალური რეალობის სივრცის კურატორია. გამოფენის ჩატარება შესაძლებელი გახდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.

გამოფენა ღია იქნება მნახველისთვის 2019 წლის 31 მაისიდან 31 აგვისტომდე სიმონ ჯანაშიას
სახელობის საქართველოს მუზეუმში (მის: შოთა რუსთაველის გამზ. 3).

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: