აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოვიდა, რომელმაც კერძოდ შემდეგი განაცხადა: „ისტორიულად საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აბრეშუმის გზის განვითარებაში. თანამედროვე ეკონომიკური ინტეგრაციის და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებას, ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია და მასში მონაწილეობა ჩვენთვის კიდევ უფრო საამაყოა. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინის ინიციატივას „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ შესახებ. ეს ინიციატივა ახალი სავაჭრო-სატრანსოპტო დერეფნების შექმნასა და არსებულის გაუმჯობესების თაობაზეა, რომელიც ეფუძნება ქვეყნებს შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს და მისი მიზანია ჩინეთსა და პროექტის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. საქართველომ მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და უკვე 2015 წელს თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი მემორანდუმი გააფორმა ჩინეთის მხარესთან, რამაც ახალი ბიძგი მისცა საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და რამაც უკვე თავისი შედეგიც გამოიღო: დღეს საქარტველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება“.

მისივე თქმით, აზიისა და ევროპის უმოკლესი გზით დასაკავშირებლად საქართველო ჩართულია სხვადასხვა ინიციატივებში ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიზნით.

„საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირების და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართულობას. სწორედ ამიტომ და ამის მისაღწევად, საქართველოში ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურის პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი. ასევე ხორციელდება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. აღსანიშნავია ყველაფერი, რაც ხდება დღეს საქართველოს შავი ზღვისპირეთში ჩვენი ნავსადგურების როგორც მოდერნიზაციის, ასევე ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის,“ - განაცხადა გახარიამ.

მან აღნიშნა, რომ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ერთის მხრივ ჩინეთთან და მეორეს მხრივ ევროკავშირთან, რომლითაც დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონში არის უნიკალური, დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია ენერგეტიკული დერეფნის განვითარება. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ცდილობს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა თარგმნოს კონკრეტულ პროექტებში და შესაბამისად, შეასრულოს ენერგეტიკული დერეფნის როლი. საქართველო მხარდაჭერას უცხადებს სამხრეთ გაზის დერეფნის განვითარებას, სამხრეთ კავკასიური მილსადენის განვითარებას.

დღევანდელი ფორუმი სწორედ ის პლატფორმაა, სადაც ჩვენ შეგვიძლია პრობლემურ საკითხებზეც ვიმსჯელოთ და პირველ რიგში გავუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ეს ორდღიანი ფორუმი იქნება ეფექტური და ეფექტიანი განხილვების ძირითადი პლატფორმა ჩვენი სტუმრებისთვის. დარწმუნებული ვარ, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი აბრეშუმის გზის პერსპექტივის განხორციელებაში და ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს რეგიონს თქვენს თვალში წარმოაჩენს ახალი შესაძლებლობებისა და ახალი მიღწევების თვალსაზრისით,“ - განაცხადა გახარიამ.