გიორგი კეკელიძის ,,თომას ზღაპრები“ ჩინურ ენაზე ითარგმნა. ზღაპარის მთავარი გმირი თომა და მისი მეგობრები პატარების საყვარელი ზღაპარი გახდა და წიგნი ბესტსელერად იქცა. გადაცემაში ,,აღმოაჩინე ჩინეთი“ მწერალი გიორგი კეკელიძე საუბრობდა.

გიორგი კეკელიძე: „ზღაპრების იდეა საინტერესოდ არის განვითარებული, ამ შემთხვევაში დასაწყისს ვგულისხმობ. თავის დროზე მე ერთ-ერთი კომპანიის თხოვნით დავწერე პატარა, საახალწლო ზღაპარი 2015 წელს თომთეზე, სკანდინავიელ პერსონაჟზე, სადაც უკვე გამოჩნდა თომა როგორც პერსონაჟი. როდესაც შევატყვე რომ ეს საქმე ჩემთან ახლოს მოვიდა და ცოტა მაინც გამომდიოდა ვიფიქრე ხომ არ მეცადა ზღაპრების მიმართულებით ბედი და ხომ არ გამომეყვანა ეს ეპიზოდური პერსონაჟი უკვე როგორც მთავარი პერსონაჟი და დავწერე ზღაპრები, რომლებიც გამოსცა საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ და ჩემდა გასაკვირად იქცა ბესტსელერად. რეალურად ბევრმა სკოლამ და ბაღმა შეხვედრები მომიწყო ამ მიმართულებით. ჩემი თავი სრულიად ახალ ამპლუაში ვიგრძენი და გამოვცადე, რისთვისაც მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ ვინც დაინტერესდა ამ ზღაპრებით, ჩემი საბავშვო პროექტით.

რაც შეეხება ჩინურ ამბავს მანამდე ეს ზღაპრები გამოვიდა თურქულად და გერმანულად. ჩინური პროექტი დაიწყო პარალელურად თურქულსა და გერმანულ პროექტს შორის. მარინა ჯიბლაძემ შესთავაზა საკუთარ შვილს ეთარგმნა ეს ზღაპრები ჩინურ ენაზე, რომელმაც მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგად გაართვა თავი. ანი გოგუაძის თარგმანი როგორც სპეციალისტებმა თქვეს არის ერთ-ერთი გამორჩეული იმიტომ, რომ შემდეგ ეს წიგნი ითარგმნა იტალიურად, ფრანგულად და ინგლისურადაც. რისთვისაც ქალბატონ მარინას და უშალოდ მთარგმნელს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ასე აღმოჩნდა თომა თავისი მეგობარი პერსონაჟებით ჩინურ სამყაროში".

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: