საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, ზამთრის სეზონზე ხშირდება გაზით მოწამვლის და გაჟონვის შედეგად საცხოვრებელი ბინების აფეთქებების ფაქტები.

2016-2019 წლებში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების და ინტოქსიკაციის შედეგად 101 ადამიანი გარდაიცვალა.
სად უშვებს შეცდომას მოსახლეობა, გვაქვს თუ არა ჯერ კიდევ ცნობიერების ამაღლების პრობლემა, რომ კუსტარულად დამონტაჟებული გაზის გამათბობლები საფრთხეს უქმნის ჩვენს და სხვის სიცოცხლეს. ამ თემაზე გადაცემაში „თქვენი მოსაზრება“ ,,თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე საუბრობდა.

-ყველაფერი თანხვედრაშია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება აუცილებელია, ამასთან ერთად საჭიროა აბონენტებმა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, რომელიც მოქმედია საქართველოში. ამასთან ერთად სავალალო სტატისტიკა ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია არასწორად, თვითნებურად დამონტაჟებული დანადგარებისგან, რომელსაც მოსახლეობა სამწუხაროდ არ ამოწმებს. 99% უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, დახურულ სივრცეში ღია წვის კამერიანი დანადგარების თვითნებურად განთავსების შედეგს უკავშირდება.
შესაბამისად მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს აბონენტებს, გაითვალისწინონ ჩვენი სპეციალისტების რჩევები, რომლებიც კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში დადიან და ამოწმებენ აბონენტებს. ჩვენ ვალდებულებაც გვაქვს რომ წელიწადში ერთხელ ჩვენი აბონენტების მოთხოვნით შევამოწმოთ თუ რამდენად გამართულად მუშაობს დანადგარები, თუმცა სტატისტიკის მიხედვით 50% აბონენტებისა, ყურად არ იღებს ჩვენს გაფრთხილებას და ისევ თვითნებურად აერთებს დანადგარებს, რაც შემდგომში უბედური შემთხვევის მიზეზი ხდება.

თქვენ აღნიშნეთ, რომ მოსახლეობა ყურად არ იღებს გაფრთხილებას. ხომ არ ფიქრობთ რომ რეგულაციების გამკაცრება პრობლემას გარკვეულწილად მოაგვარებს?

-რეგულაციები მოამზადა ეკონომიკის სამინისტრომ და სემეკმა, რაც უახლოეს მომავალში შევა ძალაში. აღნიშნული რეგულაციების შემდეგ, მე მინდა გითხრათ რომ საკმაოდ გამკაცრებულია კანონპროექტი ამ მხრივ და უკვე ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენ კომპანიას იმედი აქვს რომ მნიშვნელოვნად შემცირდება უბედური შემთხვევების რიცხვი, რაც გამოწვეული იქნება ჩვენს მიერ აღსრულებული კანონით.

თქვენ აღნიშნეთ, რომ კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მონიტორინგი, როგორია სტატისტიკა ამ თვალსაზრისით?

-2018 წელს მონიტორინგის შედეგად ჩვენს მიერ აღმოჩენილი დარღვევების ფონზე ჩაჭრილი იქნა 65 800 არასწორად დამონტაჟებული ღია წვის დანადგარი. წელს, არასრულ წელს 23 000 დანადგარია ჩაჭრილი. ფაქტიურად 2018 წელში და 2019 წელს სექტემბრის თვის ჩათვლით, 100 000 ოჯახამდე მომხამრებელი იქნა აღმოჩენილი მხოლოდ და მხოლოდ თბილისში, რომელთა სიცოცხლეც ყოველდღიური საფრთხის ქვეშ იყო.

როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს გამოსავალი, იმიტომ რომ ეს მართლაც ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ამით ჩვენს თავს და ჩვენს შვილებს უდიდეს საფრთხეს ვუქმნით.

-აფეთქების პრევენციის მიზნით, აუცილებელია ყველა მობინადრე კანონმა დაავალდებულოს, რათა ბინაში განთავსებული იქნას მეთანო დეტექტორი, ანუ საუბარია გაზის გაჟონვის აღმომჩენ ხელსაწყოზე და მეორე საკითხი არის ის რომ საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს დახურულ სივრცეში ღია წვის კამერიანი დანადგარების გამოყენება. ანუ ეს ორი აკრძალვა მინიმუმამდე დაიყვანს უბედურ შემთხვევათა რიცხვს.

რას ეტყოდით მოსახლეობას იმისათვის რომ თავიდან აიცილონ გაზის მოწამვლით გამოწვეული საფრთხე?

-პირველ რიგში, მინდა მოგიწოდოთ რომ არ დააყენოთ თვითნებურად ღია წვის კამერიანი დანადგარები, არამედ დააყენეთ დახურული წვის კამერიანი დანადგარები. გაზის სუნის შეგრძნებისას დაუყოვნებლივ გაანიავეთ ფართი და დაგვირეკეთ ნომერზე 114. ეს არის 24 საათიანი საავარიო ტელეფონი, რომელიც მუდმივად ჩართულია და მუდმივად მოქმედებს.
ახალი დანადგარის დამონტაჟებისას დარეკეთ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე: 240-40-04

ჩვენი სპეციალისტები სრულიად უსასყიდლოდ და უფასოდ გაგიწევენ დახმარებას. გეგმიური შემოწმების დროს, როდესაც ჩვენს მიერ ჩაიხსნება დანადგარი, თვითნებურად აღარ მიაერთოთ, იმიტომ რომ უკანასკნელი 10 ფაქტის სავალალო შედეგი სწორედ თვითნებურად მიერთებული დანადგარებით იყო გამოწვეული. უბედური შემთხვევების უმეტესობა ხდება ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში, შესაბამისად მე მინდა მოგიწოდოთ: დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე- 240-40-04 რათა გადაგვამოწმოთ ბინაში არსებული მდგომარეობა და შემდეგ უკვე ისარგებლოთ გამათბობელით.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: