23 მაისს, საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვევა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან.

ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით; ასევე, ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: