ჰელოუინის ღამე ბევრისთვის საყვარელი დღესასწაულია, რომლისთვისაც დიდი მონდომებით ემზადებიან უამრავ ქვეყანაში. მოემზადე შენც, გაეცანი ჩვენ მიერ შერჩეულ, ჰელოუინზე საკითხავი წიგნების სიას და შეივსე საშიში ისტორიების მარაგი!

1 „ბოროტი მოდის“, რეი ბრედბერი

ოქტომბრის გრილ საღამოს, ჰელოუინამდე ერთი კვირით ადრე, როცა შუაღამეს სამი საათი გადასცდება, ილინოისის შტატის ქალაქ გრინთაუნს მოხეტიალე ცირკი ეწვევა. ტრიალებს უცნაური და საშიში კარუსელი! სარკეების ლაბირინთი ცნობისმოყვარეებს იზიდავს და კარნავალიც პირველ მსხვერპლს იქცევს თავის კლანჭებში. ბოროტი და სასტიკი ძალა ცდილობს აქაურობას დაეპატრონოს, სინათლე განდევნოს და კეთილი ადამიანები ზომბებად აქციოს... მხოლოდ წმინდა სულის ადამიანებს შესწევთ ბოროტებასთან დაპირისპირების ძალა. ქალაქი ორი მოზარდისა და შუახნის მამაკაცის იმედად რჩება. მათ უნდა შეძლონ შემოდგომის ადამიანებთან გამკლავება, თორემ ყველაფერს წყვდიადი შთანთქავს.

2 „ინტერვიუ ვამპირთან“, ენ რაისი

ეს სწორედ ის ნაწარმოებია, რომელიც არა მხოლოდ ვამპირების არსებობას დაგაჯერებთ, არამედ მასში აღწერილი ისტორიის ნამდვილობასაც. ავტორი მეტად გამომსახველობითად აღწერს არა მხოლოდ საუკუნეების განმავლობაში გადაშლილ ეპოქებს – მე-18 საუკუნის ახალ ორლეანსა და ვიქტორიანული ეპოქის მიჯნასთან მდგარ ევროპას, არამედ ვამპირთა ისტორიასა და კულტურას. ნაწარმოებს სამი მთავარი გმირი ჰყავს: ახალგაზრდა, თუმცა მრავალი წლის ყმაწვილი ვამპირები, ლუი და ლესტატი და ხუთი წლის გოგონა კლაუდია, რომელიც ამ ისტორიის ალბათ ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟია. ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია 1994 წელს გამოვიდა.

3 „დრაკულა“ ბრემ სტოკერი

ბრემ სტოკერის ცნობილი რომანი, რომელმაც განსაკუთრებით პოპულარული გახადა ვამპირის, სისხლისმწოველი ადამიანის სახე მსოფლიო ლიტერატურაში. ავტორმა თავისი პერსონაჟი სკანდინავიური მითოლოგიის გავლენით შექმნა, ხოლო პროტოტიპად ისტორიული პიროვნება, რუმინელი გრაფი, ვლახეთის მმართველი ვლად III, იგივე ვლად დრაკულა გამოიყენა, რომელიც თავისი სისასტიკით იყო ცნობილი.

4 „თილისმა“, სტივენ კინგი და პიტერ სტრაუბი

„თილისმა“ სტივენ კინგისა და პიტერ სტრაუბის ერთობლივი რომანია. საშინელებათა ჟანრის ორი სახელგანთქმული მწერლის ამ ნამუშევარმა, რომელიც პირველად 1984 წელს გამოქვეყნდა, აღიარება მალევე მოიპოვა და არაერთი ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა. უჩვეულო, დაძაბული სიუჟეტი, რომელსაც დღემდე თვალს ვერ სწყვეტს მკითხველი, ერთგულებასა და შიშზე მოგვითხრობს. ყოვლისმომცველი ბოროტების წინაშე მდგარი თორმეტი წლის ბიჭის ამბავი „თილისმას“ მართლაც გამოარჩევს ფენტეზის ჟანრში დაწერილი სხვა ნაწარმოებებისგან. ჯეკ სოიერი წარმოუდგენლად საშიშ გარემოში ხვდება. უდანაშაულო მსხვერპლით, ურჩხულებით, მისტერიითა და დაუჯერებელი ხიფათით სავსე სამყაროში გადარჩენა მისი უმთავრესი ამოცანაა.

5 „ძილისპირული“, ჩაკ პალანიკი

„ძილისპირულის“ ავტორი უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მწერალი ჩაკ პალანიკია, რომელმაც მსოფლიო აღიარება 1996 წელს გამოცემული „მებრძოლთა კლუბით“ მოიპოვა. რომან „ძილისპირულის“ მთავარი პერსონაჟი გაზეთის რეპორტიორი კარლ სტრიტორია, რომელიც იკვლევს, რამ გამოიწვია ჩვილი ბავშვების სიკვდილიანობა დროის მცირე მონაკვეთში. ის მალევე არკვევს, რომ ყველა გარდაცვლილ ბავშვს სიკვდილის წინა ღამეს ძილის წინ ერთი ლექსი წაუკითხეს. კარლი კვალს მიჰყვება და ერთ-ერთ „მკვლელ“ მშობელთან ერთად ცდილობს გაანადგუროს იმ წიგნის ყველა ეგზემპლარი, რომელშიც ეს ლექსია დაბეჭდილი. „ძილისპირული“ 2002 წელს გამოქვეყნდა და პალანიკის ერთ-ერთ საუკეთესო და წარმატებულ ნაწარმოებად მიიჩნევა.

6 „ფრანკენშტაინი“, მერი შელი

ამბობენ, რომ ადამიანებს ყველაზე მძაფრად საკუთარი შიშები ამახსოვრდებათ, შესაბამისად, ლიტერატურული პერსონაჟი, რომელმაც ყველაზე მეტად შეგაშინა, განსაკუთრებული განცდები დაგიტოვა - არასდროს დაგავიწყდება... „ფრანკენშტაინი“ - წიგნი, რომელმაც არაერთ მკითხველს დაუფრთხო ძილი, ამბავი შემქმნელისა და ქმნილების დაპირისპირების, პასუხისმგებლობის, ადამიანის შესაძლებლობების უსაზღვროების, სიყვარულის, შიშის, ძრწოლის შესახებ...

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: