„ჩემსა და შენს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ შენ უცნაური დაჟინებით ეძებ ამ განსხვავებას“. ჰერმან ჰესე 1877 წლის 2 ივლისს, გერმანიაში, კალვიში, გერმანელი მისიონერების ოჯახში დაიბადა.

ჰესეს მამა გამომცემლობაში მუშაობდა, ბაბუა კი ფილოსოფოსი იყო. სწორედ მან დააინტერესა ჰესე ფილოსოფიური ჟანრის წიგნებით და მოუწოდებდა მას ბევრი ეკითხა. ბებია-ბაბუა დედის მხრიდან მისიონერულ ცხოვრებას ეწეოდნენ, სწორედ ასეთი მისიონერული მოგზაურობის დროს დაიბადა ჰერმანის დედა.

ფილოსოფიური სიღრმე და სიმბოლურ ალეგორიული ხასიათი ჰესეს შემოქმედებას „მაგიურს“ ხდის. ცხადია, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ოჯახმა, სადაც კითხულობდნენ ბიბლიას და შესანიშნავად იცნობდნენ ბუდას. მრავალმხრივი ნიჭი მან ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა.

ჰესე მოგვიანებით დაინტერესდა თეოლოგიური მწერლობით, ბერძნული მითოლოგიით, გოეთეთი, ლესინგით, შილერით და ნიცშეთი.

1881 წელს ჰესემ ადგილობრივ მისიონერულ სკოლაში დაიწყო სწავლა, 1891 წელს კი მელბრონის სააბატოში, ევანგელისტურ თეოლოგიურ სემინარიაში განაგრძო სწავლა. ამ პერიოდშივე დაიწყო ესეების წერა და კლასიკური ბერძნული პოეზიის გერმანულ ენაზე თარგმნა. მიუხედავად ამისა, მეამბოხე ბუნების ჰესესთვის მელბრონში გატარებული დრო სერიოზული ფსიქოლოგიური კრიზისის დასაწყისი აღმოჩნდა.

1892 წლის მარტში ჰერმანი სემინარიიდან გაიქცა. იგი მეორე დღეს მინდორში იპოვეს. ამ ინციდენტის შემდეგ ჰესე მშობლებს მუდმივად ერთი სასწავლებლიდან მეორეში გადაჰყავდათ. მალევე მან თვითმკვლელობაც კი სცადა, რაც შემდგომშიც არაერთხელ განმეორდა, რის შემდეგაც იგი თეოლოგი და მღვდელი კრისტოფერ ბლუმჰარდტის ზედამხედველობისა და მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა. მოგვიანებით ჰერმანი მენტალურ დაავადებათა დაწესებულებაში მკურნალობდა.

ჰესემ 1904 წელს ცოლად მარია ბერნოული შეირთო. წყვილი ქალაქ გაიენჰოფენში ბოდენის ტბის მახლობლად დასახლდა. მათ სამი ვაჟი შეეძინათ.

გაიენჰოფში ცხოვრების მანძილზე მწერალსა და მის ცოლს შორის თანდათან იზრდებოდა უთანხმოება. 1911 წელს ჰესე შრი ლანკასა და ინდონეზიაში ხანგრძლივ მოგზაურობაში წავიდა, რომლის შთაბეჭდილებებმაც შემდგომ ასახვა მწერლის შემოქმედებაში ჰპოვა.

1912 წელს, ჰესეს დაბრუნების შემდეგ, მისი ოჯახი საცხოვრებლად ბერნში გადავიდა, თუმცა წყვილს შორის ურთიერთობა მაინც ვერ დალაგდა.

,,ტრამალის მგელი“

ჰერმან ჰესემ თქვა, რომ ადამიანი არის მგელი და ამავე დროს არის მაღალკულტურული არსება. ასეთი პერსონაჟი გამოიყვანა მან და მისცა მაღალკულტურული ნიშნები რომანში ,,ტრამალის მგელი“.

რომანი ეჭვით და მიუღებლობით იწყება მთხრობელსა და პერსონაჟს შორის, სანამ მთხრობელი არ ივსება სიმპათიით და სიყვარულით პერსონაჟის მიმართ. კითხვის დროს ეს ნაკლებად იგრძნობა, თუმცა მაინც შეიმჩნევა ავტორისეული ეჭვი და უნდობლობა.

ვინ არის ადამიანი? ადამიანი უპირველეს ყოვლისა არის ერთდროულად ორი არსება: ის არის ბიოლოგიური და ზნეობრივი ქმნილება.

ჰერმან ჰესეს ბიოგრაფებისთვის მისი რომანები არის დიდი აღმოჩენა, რადგან მათ მისი ცხოვრების ყოველი წუთის აღმოჩენა ახლიდან შეუძლიათ.

რომანის მთავარ გმირში, ნატიფ, წიგნიერ ადამიანში იმალება მგელი, თუმცა მისმა მთავარმა პერსონაჟმა ჰალერმა ამის შესახებ არ იცის, სანამ არ დადგება მომენტი და მასში მხეცი არ გაიღვიძებს.

ჰალერი მის მუზას, ჰერმინას კლავს. აქ იგი ძირითადად ადამიანური ბუნების გაორებაზე გვესაუბრება. ის ხან ადამიანად გრძნობს თავს, ხან კი ტრამალის მგლად. ადამიანურში მოიაზრება სული, მგლურში კი ინსტინქტები.

უდიდესი ოსტატობით, რეალურსა და არარეალურს შორის მოგზაურობა არასოდეს სრულდება ჰერმან ჰესესთან ერთად.

და როგორც თავად ავტორი ურჩევდა ახალგაზრდებს: „იკითხეთ ჰესე არა იმიტომ, რომ ის ცნობილია, ან მოდური, არამედ იმიტომ, რომ ეს ლიტერატურა თქვენთვის მართლა საჭიროა და ახლობელი“.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: