თეთრი ცხენის ტაძარი - ერთ-ერთი პირველი ბუდისტური ტაძარია ჩინეთში. ტაძარი ქალაქ ლოიანში ჩვენი წელთაღრიცხვით 68 წელს დაარსდა.

არსებობს საინტერესო ლეგენდები იმის თაობაზე, თუ საიდან გაჩნდა მონასტრის სახელწოდება. ლიუ ჭუანს დაესიზმრა ფიგურა, რომელიც ანათებდა. ბრძენმა მას აუხსნა, რომ მან ნახა ბუდა, რომელსაც იმ დროს თაყვანს სცემდნენ ინდოეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. იმპერატორმა სასწრაფოდ გააგზავნა ინდოეთში ექსპედიცია, რათა მათ გაერკვიათ ყველაფერი იმ საიდუმლო სწავლების შესახებ, რომელზეც უკვე ჩინეთის მოსახლეობაც საუბრობდა. იმპერატორის მიერ გაგზავნილი ქვეშევრდომები დაბრუნდნენ ბუდისტურ ბერებთან ერთად, რომლებმაც წმინდა წიგნები თეთრი ცხენებით ჩამოიტანეს. საკუთარი სახელწოდება ტაძარმა ამ თეთრი ცხენების საპატივცემულოდ მიიღო. მეორე ლეგენდა პირდაპირ უკავშირდება ბუდიზმის გავრცელებას ჩინეთში. იმპერატორმა ჩაუ ვანმა (დინასტია ტანის მმართველმა) ცაში არაჩვეულებრივი ნათება დაინახა. ასტროლოგებმა წმინდანის დაბადება იწინასწარმეტყველეს, ასევე ისიც, რომ ის სწავლება, რომელსაც ეს წმინდანი მისდევს, მთელს ჩინეთში გავრცელდება. წინასწარმეტყველება სამეფო სარეგისტრაციო წიგნში იყო შეტანილი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ წელს ინდოეთში გაუტამა ბუდა დაიბადა.

ტაძარი საკმაოდ პატარაა, თუმცა მას მორწმუნეთა უმრავლესობა „ჩინური ბუდიზმის აკვნად“ მიიჩნევს. ტაძრის ტერიტორია 13 ჰექტარზეა განლაგებული. ტაძრის ფასადი სამხრეთისკენაა მიმართული. შესასვლელთან ქვისგან დამზადებული ცხენების ქანდაკებები დგას.

ტაძარში არის რამდენიმე დარბაზი და უძველესი წმინდა წიგნების საცავი. მთავარი დარბაზის უკან განლაგებულია „გრილი და ნათელი ტერასა“, რომელიც ასევე „ცინლიანის ტერასის“ სახელითაა ცნობილი. ტერასა მწვანე აგურით არის გაფორმებული. იქვეა კუნლუს პავილიონი, რომელშიც ორი გამოჩენილი ბერის - შე მოტენგისა და ჩჟუ ფალანის ქანდაკება დგას.

ტაძარი არაერთხელ იყო გადაკეთებული, ასე რომ ახლანდელი ნაგებობა XV საუკუნისაა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: