ნეფრიტის ბუდას ტაძარი - ბუდისტური ტაძარია, რომელიც შანხაის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ცენტრთან ახლოს მდებარეობს. ტურისტებში პოპულარობით საკუთარი მთავარი ღირშესანიშნაობის - ბუდის ორი ქანდაკების წყალობით სარგებლობს. ორივე ეს ქანდაკება თეთრი ნეფრიტისგან არის შესრულებული. ყოველწლიურად ტაძარს დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

ნეფრიტის ბუდას ტაძარი მოქმედია, ამიტომ აქ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბუდისტური ბერების ცხოვრებას და, შესაძლოა, ტრადიციული რელიგიური რიტუალის შესრულების მომსწრეც კი გახდეთ. 1983 წლიდან ტაძართან შანხაის ბუდიზმის ინსტიტუტი დაარსდა.

ტაძარი 1882 წელს სპეციალურად ააგეს ბუდის ნეფრიტის ქანდაკებებისთვის, რომლებიც შანხაიში ბირმიდან ერთმა მოხეტიალე ბერმა ჩამოიტანა. ქანდაკებები მას ერთმა ჩინელმა ემიგრანტმა აჩუქა. ხუთიდან ორი ქანდაკება ჩინელმა მომლოცველმა სამშობლოში ჩამოიტანა, სადაც მათთვის ხალხის ფულით აშენდა ტაძარი, თუმცა ტაძრის ძველი შენობა დღემდე არ შემორჩა. 1928 წელს ქანდაკებებისთვის აშენდა ახალი ტაძარი, რომელიც დღემდე მოქმედებს. 2014 წელს, მასშტაბური რეკონსტრუქციის დროს, შენობა ოდნავ გადაწიეს, თუმცა დანარჩენში ყველა ნაგებობა პირვანდელი სახით არის შემორჩენილი.

ნეფრიტის ბუდას ტაძარში უამრავი ქანდაკებაა, მაგრამ მთავარ ფასეულობას მხოლოდ ორი მათგანი წარმოადგენს - ბირმიდან ჩამოტანილი ორი ბუდა. ერთი ქანდაკება მჯდომარე ბუდას ასახავს, მეორე კი - მწოლიარეს.

მჯდომარე ბუდას ქანდაკება ტაძრის მთავარ საგანძურს წარმოადგენს. ეს არის ბუდას ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქანდაკება მსოფლიოში. მისი სიმაღლე 1,95 მეტრია, წონა კი თითქმის 3 ტონას შეადგენს. ქანდაკება თეთრი ნეფრიტის ქვის მთლიანი ნატეხისგან არის შესრულებული და ბუდას მედიტაციის მომენტში ასახავს. უზარმაზარი ქანდაკება მორთულია დახვეწილი ჩუქურთმით და ძვირფასი ქვებით. მჯდომარე ბუდა მნახველებზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

მწოლიარე ბუდას ქანდაკება უფრო პატარა ზომისაა - მისი სიმაღლე ერთ მეტრზე ოდნავ ნაკლებია. ისევე, როგორც დიდი ბუდა, ეს ქანდაკებაც თეთრი ნეფრიტისგან არის დამზადებული და ძვირფასი ქვებით არის ინკრუსტირებული. ძვირფასი ქვები ქანდაკებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბუდისტებმა შესწირეს. სწორედ პატარა მწოლიარე ბუდა წარმოადგენს ორიგინალს, რომელიც შანხაის ბერს ბირმაში აჩუქეს.

ნეფრიტის ბუდას ტაძარი ტრადიციულ ჩინურ სტილშია აშენებული. ის წარმოადგენს პავილიონებს, რომლებიც შიდა ეზოებით არიან გაერთიანებულები. ფერთა გამაში ყვითელი ფერი ჭარბობს. სახურავი კარნიზებით და ქანდაკებებით არის გაფორმებული. ტაძრის გარშემო თანამედროვე ცათამბჯენებია აშენებული, რაც ძველებურ არქიტექტურას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: