გადაცემა „წახნაგები“-ს სტუმარია მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსი ირმა სოხაძე

ევა ბაბალაშვილი - ეთერშია გადაცემა „წახნაგები“ და დღეს ჩემი სტუმარია ჩვენი „ნარინჯისფერი გოგონა“ - ირმა სოხაძე. დღე მშვიდობისა! ძალიან მიხარია, რომ უკვე მეორედ ხართ ჩემი სტუმარი. თქვენ ისეთი მოცულობის შემოქმედებითი სამუშაო გაქვთ შესრულებული და იმდენი სიმღერა გაქვთ კარგად შესრულებული, რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი ერთ გადაცემაში ჩაატიო, მაგრამ დღეს ჩვენ ოდნავ გადავუხვევთ მთავარ თემას და ჩვენი დღევანდელი გადაცემა ერთგვარი გახსენება იქნება.

ირმა სოხაძე - უნდა გავიხსენოთ ჩვენი მეგობრები და თანამემამულეები, რომლებმაც უდროოდ დაგვტოვეს.

ევა ბაბალაშვილი - ზოგიერთები მიდიან და ტოვებენ უზარმაზარ კვალს, განსაკუთრებით ხელოვნებაში.

ირმა სოხაძე - ისინი ნამდვილად ტოვებენ საკუთარი ცხოვრების შემდეგ რაღაცას, რაც მათ გვახსენებს. ეს კარგია.

ევა ბაბალაშვილი - რას ნიშნავს ადამიანების ხსოვნა თქვენს ცნობიერებაში?

ირმა სოხაძე - ხსოვნა - ძალიან კეთილშობილური და მნიშვნელოვანი შეგრძნებაა, რადგანაც რომ არა ხსოვნა, ხალხი დაკარგავდა ადამიანურ სახეს. მეხსიერების არსებობის შემთხვევაშიც კი ჩვენ ზოგჯერ ადამიანურ სახეს ვკარგავთ. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, ის რომ არ ყოფილიყო? რომ არ გავიხსენოთ ჩვენი დიდი წინაპრები და ჩვენი უშუალო წინაპრები. მე დიდი მოწიწებით და მადლიერების გრძნობით ვიხსენებ ჩემს ბებიებს და ბაბუებს, რადგან მათზე ძვირფასი არასდროს არავინ მყოლია და არც მეყოლება. ხსოვნა - ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, რადგან მის გარეშე არ არსებობს სიყვარული. წარსულის გარეშე მომავალი არ არსებობს, ამიტომ მოდით გავიხსენოთ არა მხოლოდ ჩვენი ახლობლები.

ევა ბაბალაშვილი - ამიტომ ახლა ჩვენი გადაცემის თემაზე გადავალთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსენებინა ჩვენი დიდი მომღერლების ნაწილი. ცოტა ხნის წინ ჩვენ ავღნიშნეთ ეთერ კაკულიას დაბადების დღე. ის დიდი ტკივილით წავიდა ამ ქვეყნიდან. მან ძალიან ბევრი იბრძოლა გადარჩენისთვის. მახსოვს, რომ ისრაელში წასვლის წინ ის მოვიდა ჩემთან სტუმრად და მკითხა, ქიმიის გაკეთების შემთხვევაში ხომ არ დაკარგავდა ხმას? ეს ისეთი გულის ამაჩუყებელი იყო! ის არ ფიქრობდა იმაზე, გადარჩებოდა თუ არა. ის ფიქრობდა იმაზე, რომ არ დაეკარგა ის სიმდიდრე, რასაც იგი გასცემდა. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მას რაღაც განსაკუთრებული ხმა ჰქონდა.

ირმა სოხაძე - უთუოდ. მისი ხმა არავისში აგერეოდა.

ევა ბაბალაშვილი - ეს ნიჭია!

ირმა სოხაძე - ახლა კი ყველა ერთნაირად მღერის. ტემბრიდაც კი ყველას ვერ ვარჩევ, იმ თაობის (ეთერის, ჩემი თაობის) მომღერლებს პირველივე ფრაზიდან და პირველივე ნოტიდან გამოიცნობდი. ეთერის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მას შეეძლო ისე ემღერა, რომ მთელ დარბაზს ფეხზე ამდგარს დაეკრა ტაში. მას ძალიან ძლიერი და წკრიალა ხმა ჰქონდა. ის ძალიან კარგად და თავისებურად ასრულებდა ამ სიმღერებს და ჩვენი დიდი კომპოზიტორები მისთვის სიმღერებს წერდნენ. მას მკაფიოდ გამოკვეთილი ინდივიდუალობა გააჩნდა, ამიტომ ეთერი ყველას უყვარს და ახსოვს. მას სურდა 103 წლამე ეცოცხლა.

ევა ბაბალაშვილი - ის თითქოს საკუთარ ბედს იწვევდა. ალბათ, ამის გაკეთება არ შეიძლება. თქვენ თუ გჯერათ ბედისწერის?

ირმა სოხაძე - კი მჯერა, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ რაღაც კორექტივების შეტანაც შეგვიძლია, როგორც ცუდის, ასევე კარგის. ამაში დარწმუნებული ვარ.

ევა ბაბალაშვილი - მორწმუნე ადამიანი ხართ?

ირმა სოხაძე - კი, რა თქმა უნდა.

ევა ბაბალაშვილი - მოძღვარი თუ გყავთ?

ირმა სოხაძე - არა.

ევა ბაბალაშვილი - ეს ახლა მოდაშია.

ირმა სოხაძე - სწორედ იმიტომ არ მყავს, რომ მოდაშია (მაპატიონ მორწმუნეებმა).

ევა ბაბალაშვილი - რა არის შინაგანი რწმენა?

ირმა სოხაძე - რწმენა არის ის, რასაც ბიბლია გვასწავლის. თუ შევეცდებით ათივე მცნების შესრულებას, დედამიწაზე სამოთხე იქნება. ეს შესანიშნავი იქნება! იქნება ის, რითაც დავიწყეთ - მშობლების და წინაპრების პატივისცემა. ეს არის ერთ-ერთი პირველი მცნება. განსაკუთრებით მიყვარს ბოლო მცნება. თუ მოვახდენთ ამის ადაპტირებას ჩვენს ენაზე, ეს იქნება - არ შეგშურდეს და სხვისი არ მოინდომო. რა სამოთხე იქნებოდა, შური რომ არ ყოფილიყო!

ევა ბაბალაშვილი - არა მგონია, რომ დედამიწაზე ოდესმე სამოთხე იქნება. ნუთუ საინტერესო იქნება ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ყველა მშვიდად არის?

ირმა სოხაძე - ყველას ექნება უზარმაზარი ენერგია და გამონთავისუფლებული დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ვიღაცა სიმღერას დაწერს, ვიღაცა უბრალოდ სიკეთეს გააკეთებს. ვგულისხმობ იმას, რომ არ იყოს შურის საბაბი. თუ უფრო ღრმად ჩავწდებით, არ იყოს უსამართლობა, რადგან როდესაც ირგვლივ უსამართლობაა, შენ შეგშურდეს კი არა, შეიძლება უბრალოდ გაგიჟდე.

ევა ბაბალაშვილი - გიჩნდება პროტესტის გრძნობა.

ირმა სოხაძე - რა თქმა უნდა! უზარმაზარი პროტესტის გრძნობა გიჩნდება. რაც არ უნდა კეთილი ადამიანი იყო, ეს მაინც გულზე გხეთქავს. არ უნდა არსებობდეს იმის წინაპირობა, რომ ამისგან ვიტანჯებოდეთ.

ევა ბაბალაშვილი - რა არის ცდუნება? საკუთარ თავთან ბრძოლა?

ირმა სოხაძე - ის, თუ როგორ უმკლავდება ამას თითოეული ადამიანი, ეს უკვე ცალკე საუბარია. სხვათაშორის, არ შემიძლია არ გავიხსენო - გუშინ მარია კალასის დაბადების დღე იყო. ის ჩემი ბავშვობის კუმირი იყო. მისი გარდაცვალებიდან უკვე 41 წელი გავიდა.

ევა ბაბალაშვილი - მას ტრაგიკული ბედი ჰქონდა.

ირმა სოხაძე - ამ უდიდესმა ქალმა სიყვარულის გამო საკუთარი კარიერა გააფუჭა. მარია კალასმა შესანიშნავ ფორმაში (ის 40 წლისაც კი არ იყო, როდესაც ონანისი შეუყვარდა), უცებ სიმღერას თავი დაანება. მან მისწერა საკუთარ აგენტს, რომ აღარ იმღერებდა. შემდეგ ონასისი მხრიდან იყო ღალატი. 10 წლის მანძილზე ის ტანჯავდა მარიას და შემდეგ ცოლად ჟაკლინ კენედი მოიყვანა. მან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, უღალატა კალასს და მარიამ ეს ვერ გადაიტანა. თითოეულ ჩვენგანს უწევს მსხვერპლის გაღება, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია ამ მსხვერპლის ხარისხი.

ევა ბაბალაშვილი - მაშინ არ უნდა მისცე იმის ნება, რომ ფეხქვეშ გაგთელონ.

ირმა სოხაძე - მისი ფენომენი სწორედ იმაშია, რომ არ მიიჩნევდა, რომ ფეხქვეშ გათელეს. მე მგონია, მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი ტკივილი მიაყენეს, ბოლო წუთამდე უყვარდა ის, ვინც მას ასე სტანჯავდა. ჩემთვის ეს უცნაურია.

ევა ბაბალაშვილი - თუ მან ასე ისურვა, ესე იგი ამ სიტუაციაში თავს ნორმალურად გრძნობდა.

ირმა სოხაძე - ონასისი კალასზე ორი წლით ადრე გარდაიცვალა. მის საწოლთან სწორედ ის იყო და არა ჯეკი კენედი, რომელიც მაშინ ამერიკაში იყო და სულაც არ აპირებდა მასთან ჩასვლას. არ ვიცი, ჟაკლინს რამდენად უყვარდა ონასისი, მაგრამ მარია კალასს ის ნამდვილად უყვარდა. უზარმაზარი ნიჭი მსხვეპრლად გაიღო - ეს უსამართლობაა, მაგრამ გენიალური! მას სურდა საკუთარი ცხოვრება მისთვის მიეძღვნა.

ევა ბაბალაშვილი - ის ბედნიერი ადამიანია. ასეთი სიყვარული ყველას ხვედრი როდია.

ირმა სოხაძე - მას შემდეგ, რა კვალიც დატოვა მან მუსიკალურ კულტურაში, მე მგონი მეტის გაკეთებას ვერავინ შეძლებს. ეს ცალკე ლოდია. მარია კალასს ვერავინ შეედრება.

ევა ბაბალაშვილი - კლასიკის შესრულება უფრო ადვილია თუ პოპ-მუსიკის? პოპ-მუსიკაში ხომ ყველაფერი მუდმივად იცვლება?

ირმა სოხაძე - კლასიკა მილიონჯერ უფრო რთულია.

ევა ბაბალაშვილი - ერთსა და იგივე სიმღერას როგორ ასრულებთ?

ირმა სოხაძე - ყოველთვის განსხვავებულად, მაგრამ საერთოდ, საოპერო და საესტრადო ჟანრებს ერთმანეთს ვერ შეადარებ. თავისი განსხვავება აქვს ჯაზს, რომანსებს და ა.შ. თითოეულ ჟანრს სპეციფიურად უნდა მიუდგე და სწორად უნდა გესმოდეს, რას გამოხატავს ის და თავად შენ რისი გამოხატვა გსურს ამ ჟანრში. ტექნიკის თვალსაზრისით და კონკრეტული სახის განსახიერების კუთხით ოპერა, რა თქმა უნდა, ურთულესი ჟანრია.

ევა ბაბალაშვილი - თუ გვყავს საქართველოში ვინმე, ვისაც ცოტათი მაინც შეუძლია მიუახლოვდეს კალასის შემოქმედებას?

ირმა სოხაძე - ეს არის ის თამასა, რომლისკენაც ყველა მიისწრაფვის. ახლა თბილისში ბევრი კარგი სოპრანო გვყავს. ბევრი მათგანი მიყვარს. როდესაც ჩამოდის, მაგალითად, ანიტა რაჭველიშვილი, ყოველთვის დავდივარ მის კონცერტებზე. ეს უდიდესი სიამოვნებაა! ეს არის უმაღლესი კლასი! შესანიშნავი სოპრანოა იანო ალიბეგაშვილი. ჩვენი ახალგაზრდები: ჩემი სიმპათია - მარიამ როინიშვილი. შესანიშნავი გოგოა! ამასწინად ის „ქეთო და კოტეში“ ვნახე. ის შესანიშნავად გაუმკლავდა ძალიან რთულ როლს. ასე რომ, კარგი სოპრანო ბევრი გვყავს. ტენორების კუთხით საქმე უარესად გვაქვს, მაგრამ მე მინდა, რომ ჩვენ ისევ ჩვენს მეგობრებს დავუბრუნდეთ და ისინი გავიხსენოთ. სულ რამდენიმე თვეა გასული გიო ხუციშვილის გარდაცვალებიდან. გიო ჩემთვის განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან მისი და - ხათუნა ხუციშვილი - ჩემი უახლოესი მეგობარი, კლასელი და ჩემი შვილის ნათლიაა. ის ჩვენს თვალწინ და ჩვენს შორის გაიზარდა. ის იყო სასაცილო, ცელქი, კეთილი...

ევა ბაბალაშვილი - ის ცხოვრების ბოლომდე დიდ ბავშვად დარჩა.

ირმა სოხაძე - ის, რაც მას 55 წლის ასაკში დაემართა, ძალიან უსამართლო იყო.

ევა ბაბალაშვილი - ის გმირულად ებრძოდა საკუთარ დაავადებას.

ირმა სოხაძე - მას, ისევე, როგორც ეთერის, იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მინდა გავიხსენო კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი - გოგი დოლიძე, რადგან ესეც განსაკუთრებული ტკივილია. გოგი შესანიშნავი პარტნიორი იყო. მასთან სიმღერა უდიდესი სიამოვნება იყო! ძალიან ვნანობ, რომ მასთან ერთად მხოლოდ სამი სიმღერა მაქვს ჩაწერილი.

ევა ბაბალაშვილი - დღეს ოდნავ სევდიანი გადაცემა გამოგვივიდა. მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ ქალს, რომელიც მღერის, რთული გზის გავლა უწევს. ის ხომ დედაც უნდა იყოს, მეუღლეც, ყოველთვის ქალად უნდა რჩებოდეს... ამას როგორ ახერხებ? მე ვიცი, რომ ამ მხრივ იდეალური ხარ.

ირმა სოხაძე - არ ვიცი. სხვათაშორის, მარია კალასიც ამბობდა, რომ სურდა ყოლოდა დიდი ოჯახი და ბევრი შვილი, მაგრამ ეს არ დასცალდა. ან ერთი - ან მეორე.

ევა ბაბალაშვილი - ესე იგი, რთულია იყო ქალი, რომელიც მღერის?

ირმა სოხაძე - ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ ბალანსის დაცვა ყოველთვის არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, დიდი კარიერა რომ გამეკეთებინა (მაგალითად, მოსკოვში რომ წავსულიყავი), დღეს ძალიან დავიტანჯებოდი. მოსკოვში რომ ვყოფილიყავი, აქ ჩამოსვლას უკვე ვეღარ შევძლებდი, ოჯახს დავკარგავდი, რადგან ქმარი არ დამიწყებდა წლობით ლოდინს, სანამ ჩემი კარიერით ვიქნებოდი დაკავებული. ამას არცერთი ნორმალური მამაკაცი არ აიტანს. ის მოსკოვში საცხოვრებლად არ გადმოვიდოდა, ამიტომ მე შესანიშნავი არჩევანი გავაკეთე - არსად არ წავედი. დავრჩი ჩემს ხალხთან, ჩემს ქვეყანაში, მყავს შესანიშნავი ქალიშვილები, შესანიშნავი შვილიშვილები (სამი ბიჭი).

ევა ბაბალაშვილი - ბიჭები მღერიან?

ირმა სოხაძე - მღერიან, ოღონდ არა საჯაროდ. ქუჩაში ორი წუთითაც ვინმემ რომ გამაჩეროს, შუათანა შვილიშვილი რეზიკო უკვე თვლის, რომ ყურადღებას ვაკლებ და ძალიან აპროტესტებს. ის მეუბნება: „აი ამიტომ არ მიყვარს, რომ მღერი“. შვიდი წლის ასაკში ის უკვე ნამდვილი მამაკაცია.

ევა ბაბალაშვილი - ეჭვიანობს?

ირმა სოხაძე - ძალიან!

ევა ბაბალაშვილი - ეს ხომ სასიამოვნოა! თითოეული ეტაპი ქალის ცხოვრებაში თავისებურად ლამაზია. არ შეიძლება მოაკლო ქალს მეუღლის სიყვარული, შვილიშვილების სიყვარული. ეს ხომ მშვენიერია! ეს ისე გავსებს!

ირმა სოხაძე - არსებობს ქალების კატეგორია, რომლებსაც არ სურთ ოჯახი, მაგრამ მე შემიძლია მათ გავუგო.

ევა ბაბალაშვილი - მე მათი არ მესმის. ეს არის ქალური ეგოიზმი.

ირმა სოხაძე - შესაძლოა, არც იყოს ეგოიზმი. შეიძლება ისინი მიიჩნევენ, რომ არა აქვთ უფლება რაიმე დააკლონ პროფესიას. მე ასე არ ვფიქრობ.

ევა ბაბალაშვილი - ბოდიშს ვუხდი იმ ქალებს, რომლებსაც პირად ცხოვრებაში არ გაუმართლათ. ეს სხვა რამაა, მაგრამ, როდესაც შენ ამას სპეციალურად გაურბიხარ...

ირმა სოხაძე - ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ მე მინდა გავამართლო და გავუგო მათ, ვინც მიიჩნევს, რომ შემოქმედება უფრო მთავარია, თუმცა რადგან მე სხვანაირად გადავწყვიტე, უკვე ნათელია, რომელ პოზიციაზე ვდგავარ.

ევა ბაბალაშვილი - ბედნიერი ხარ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღე?

ირმა სოხაძე - გულწრფელად გამოგიტყდებით, რომ ჯერ კიდევ 40 წლის ასაკში ვფიქრობდი, იქნებ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. იქნებ დიდი კარიერა უნდა ამეწყო? ახლა კი ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაზე ბრძენი და სწორი გადაწყვეტილება, რაც კი მიმიღია ჩემს ცხოვრებაში, რომ აქ დავრჩი და დიდი კარიერა არ შემიქმნია. საქართველოში ხალხს ისე ვუყვარვარ!

ევა ბაბალაშვილი - როგორ მუსიკას უსმენს ახლა ახალგაზრდობა?

ირმა სოხაძე - მე მგონი, ეს სულაც არ არის მუსიკა. ვიღაც უსმენს ელექტრონულ მუსიკას, რომელიც მე, მაპატიეთ, საერთოდ არ მესმის. მუსიკა ჩემთვის ცოტა სხვა რამ არის.

ევა ბაბალაშვილი - ყველა თაობას უჭირს ახალთან შეგუება.

ირმა სოხაძე - ეს სხვა რამეა, მაგრამ ელექტრონული მუსიკა არ მესმის, რადგან თუ მუსიკას არ აქვს განვითარება, ჩემთვის ეს მუსიკა არ არის.

ევა ბაბალაშვილი - ჩვენი გაადაცემის დრო ძალიან სწრაფად გავიდა. ჩვენ გავიხსენეთ ისინი, ვისი გახსენებაც გვინდოდა, მაგრამ ყოველთვის გვემახსოვრება ისინიც, ვისი დასახელებაც უბრალოდ ვერ მოვასწარით.

ირმა სოხაძე - მოდით ჩავრთოთ სიმღერა „ვიყავით ერთად“.

ევა ბაბალაშვილი - ვუსმენთ სიმღერას „ვიყავით ერთად“. ეს იყო გადაცემა „წახნაგები“ ევა ბაბალაშვილთან ერთად და ჩვენი სტუმარი იყო ირმა სოხაძე.

წახნაგები JAKO FM - ირმა სოხაძე

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: