საქართველოს კვლავ სტუმრობს დიდი იტალიური ხელოვნება. კაპიტოლიუმის მუზეუმების არაჩვეულებრივი ანტიკური მოზაიკის შემდეგ, საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს ექსპოზიციას „მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან“. 11 დეკემბრიდან 29 თებერვლამდე საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენილი იქნება 33 სკულპტურული ნამუშევარი, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს ქანდაკების მხატვრული თუ სტილისტური განვითარების ეტაპებს რომის რესპუბლიკის ხანიდან ნეოკლასიციზმის ეპოქამდე.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს ძვ..აღ. I საუკუნიდან XVIII საუკუნემდე შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, გაეცნოს იმდროინდელი მასალების მრავალფეროვნებას და აღმოაჩინოს "მსოფლიო დედაქალაქის" (Caput Mundi) მარადიული ხიბლი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქანდაკების თითქმის ორი ათასი წელი და მარმარილოში, ალებასტრსა თუ პორფირში გამოკვეთილი რომაელთა სახეები და ასევე, ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟები თუ ქრისტიანობის მთავარი ფიგურები“, - განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი.

ექსპოზიცია „მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან“ პროგრამა "Vivere ALL’italiana"-ს ნაწილს შეადგენს და უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩატარებული გამოფენების (მათ შორის, ბოტიჩელის, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, ტიციანის და რენესანსის ეპოქის სხვა გენიალური მხატვრების, ბერნინისა და ბაროკოს დიდოსტატების, ჩრდილოეთ იტალიის მხატვრობის ძირითადი სკოლების წარმომადგენლების, თანამედროვე მხატვრების და მათ შორის, ჯორჯო დე კირიკოს შედევრების, ასევე, კარავაჯოსა და ლეონარდოსადმი მიძღვნილი გამოფენების) გაგრძელებაა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში გამართული ექსპოზიციები 240.000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა მოინახულა, რაც უპრეცედენტო წარმატებაა.

ეს ღონისძიება - ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. იტალიური მხრიდან ესენია: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, იტალიის საელჩო თბილისში და „დინო და ერნესტა სანტარელის ფონდი“, ქართული მხრიდან კი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გამოფენის ჩატარება საქართველოში იტალიურ კომპანია Glocal Project Consulting-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: