საქართველოს ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში ყოველწლიური საახალწლო გამოფენა გაიმართება.

ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია არის მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს სხვადასხვა პროექტების განხორციელებას საქართველოში, ძირითადად რეგიონებში. პროექტები ძირითადად ორიენტირებულია განათლების, ქალთა უნარების განვითარებისა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა პირობების გაუმჯობესებაზე. ორგანიზაცია ეხმარება თავშესაფრებს, ბაღებსა და ყოველდღიური მზრუნველობის ცენტრებს. თითოეული განსახორციელებელი პროექტის არჩევა განსაკუთრებული სიფრთხილით ხდება, კომპეტენტური საბჭოს მიერ, მკაცრ წესებზე დაყრდნობით.

მიმდინარე წლის ფოკუს პროექტი: „განათლება და სწავლება უკეთესი მომავლისთვის“ მხარს დაუჭერს საგანმანათლებლო, შემეცნებითი პროექტების ფართო სპექტრს, როგორებიცაა: ვორკშოფები, სემინარები, მასტერ კლასები, გაკვეთილები.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 21 საელჩო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროკავშირის დელეგაცია და ნატო-ს ოფისი. აგრეთვე 150-მდე ქართველი ხელოვანი და ავტორი, რომლებიც სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს წარმოადგენენ.

საახალწლო გამოფენა სტუმრებს შესთავაზებს გამორჩეულ, ადგილობრივი და უცხოური წარმოების, პროდუქტებს, განსაკუთრებულ საკვებსა და საშობაო სეზონის თემატიკის საჩუქრებს, ნაკეთობებს. გამოფენის უამრავი სტუმრის აღტაცებას იწვევს როგორც წარმოდგენილი ნივთებისა თუ პროდუქტების მრავალფეროვნება, ასევე, შესაძლებლობა ჩაერთონ ორგანიზაციის საქველმოქმედო აქტივობებში.

ღონისძიების მედიაპრტნიორია მულტიმედია ჯგუფი FOR YOU და რადიოსადგურები „შოკოლადი“, JAKO FM და LIFE FM.