JAKO FM, LIFE FM და რადიო „შოკოლადი“ რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა. აღნიშნულმა რადიოსადგურებმა საერთაშორისო აქტივობაში ჩართულობისთვის UNESCO-სგან ექსკლუზიური მილოცვა მიიღეს.

„მიიღეთ ჩვენი სპეციალური მილოცვა UNESCO-სგან რადიო „შოკოლადი“-ს, JAKO FM-ისა და LIFE FM-ის მსმენელს. აღნიშნეთ დღესასწაული "ჰაშთაგით" #რადიოსმსოფლიოდღე. გილოცავთ რადიოს დღეს“ - წერია UNESCO-ს მედია მენეჯერის მირტა ლორენცოს მილოცვაში.

13 თებერვალს მასშტაბურად აღინიშნება მსოფლიო რადიოს დღე, რომელიც UNESCO-მ 2011 წელს დააფუძნა. რადიო გვამცნობს სიახლეებს, გვაერთიანებს და გვცვლის. ეს არის ყველაზე სწრაფი საშუალება ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგის წარმოშობისათვის. უფრო კონკრეტულად, რადიო შესანიშნავი საშუალებაა კონფლიქტის დაძლევის, ურთიერთგაგების გაღრმავებისა და სხვა თვალსაზრისით.

მსოფლიო რადიოს დღის 2019 წლის თემაა: „დიალოგი, ტოლერანტობა და მშვიდობა“.

რადიოსადგურები უზრუნველყოფს დიალოგებისა და დემოკრატიული დებატების პლატფორმას. იგი ეხმარება მსმენელს ცნობიერების ამაღლებაში. რადიოპროგრამებში შესაძლებელია ისეთი საკითხების წამოჭრა, როგორიცაა ბავშვთა განათლების უზრუნველყოფა ან ადგილობრივი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება.

რადიო „შოკოლადი“ უერთდება რადიოს საერთაშორისო დღეს და აღნიშნულ აქტუალურ საკითხზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების მოსაზრებებს გთავაზობთ.

რადიო „შოკოლადის“ ეთერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაკა ფერაძე საუბრობდა. გთავაზობთ მის ინტერვიუს:

როგორ პასუხობს სახელმწიფო 2019 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, კერძოდ, ქალთა უფლებების დაცვას?

სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა სისტემური ხასიათის პრობლემები, რაც ეხება ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის და ქალთა სოციალური გაძლიერების მიმართულებას, ეს კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. ძალადობის შემთხვევებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი გახლავთ ის, არის თუ არა ქალი დამოუკიდებელი ეკონომიკურად, რათა მან შეძლოს თავი დააღწიოს ძალადობრივ გარემოს.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეს პრობლემა კვლავ არსებობს და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს მიმართავს, მიუთითებს ამ პრობლემის არსებობაზე და, შესაბამისად, იმაზე რომ ისინი ვერ ახერხებენ ძალადობრივი გარემოსგან თავის დაღწევას.
ადრეულ ასაკში ქორწინება, ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტის მიღების პროცესში, რა თქმა უნდა, არსებით გავლენას ახდენს გენდერულ თანასწორობაზე და ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, შესაბამისად ეს შემდგომ უკვე აისახება ისეთი პრობლემის აღმოფხვრის გზებზე, როგორიც არის ოჯახში ძალადობა და ქალის მიმართ ძალადობა.

საზოგადოებაში აღნიშნული საკითხების მიმართ ცნობადობის გაზრდაში რა როლი ენიჭება მედიას და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადიოს?

ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ მედიის განუსაზღვრელ როლზე, იმისათვის რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს სწორი ღირებულებები. როგორც გითხარით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის სწორედ საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ, რაც აბრკოლებს შემთხვევების გამოვლენას, შემდგომში შესაბამის რეაგირებას და ა.შ.
რადიოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმისათვის, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი შეტყობინებები, გაზარდოს ცნობიერება და ხელი შეუწყოს იმას, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს ჯანსაღი დისკუსია და სივრცე იმისათვის, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა ხდებოდეს, ამიტომ გილოცავთ ამ დღეს და ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი, რასაც დღეს საქართველოში მედია-საშუალებები ასრულებენ ამ მიმართულებით.

რა თქმა უნდა, რადიო „შოკოლადი“ უერთდება რადიოს საერთაშორისო დღეს და აღნიშნულ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავინტერესდით სახელმწიფოს ხედვით და სტრატეგიით ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.

რადიო „შოკოლადის“ ეთერში საკუთარი მოსაზრება სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძემაც გაგვიზიარა:

ქალბატონო ,ეკა როგორია სახელმწიფოს ხედვები და სტრატეგია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე?

სახალხო დამცველი აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ წინგადადგუმლ ნაბიჯებს, უფრო ხშირად ხდება მსგავსი შემთხვევების გამოვლენა, თუმცა სისტემური ხარვეზები კვლავ რჩება, ერთი მხრივ ეს უკავშირდება საზოგადოების განწყობას და დამოკიდებულებას ამ პრობლემის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ ეს არის ეფექტური რეაგირება ყველა შემთხვევაზე რომ ადამიანებს ქონდეთ განცდა დაცულობის და განცდა იმისა რომ თუ მიმართავენ რომელიმე უწყებას მათი ხმა იქნება მოსმენილი და მათი პრობლემები აღმოფხვრილი.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: