დღეს ევა ბაბალაშვილის საავტორო გადაცემა „წახნაგები“-ს სტუმრები არიან GBTIMES Georgia-ს გენერალური დირექტორი მიხეილ ტარახჩევი და JAKO FM-ის დამფუძნებელი ჯამლეტ ხუხაშვილი.

ევა ბაბალაშვილი – მოგესალმებით! დღეს არაორდინალური შეხვედრა გვაქვს. ჩვენთან სტუმრად არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს რადიოს სათავეში უდგანან: GBTIMES Georgia-ს გენერალური დირექტორი მიხეილ ტარახჩევი და საქართველოს უხუცესი კომენტატორი და ამავე დროს, JAKO FM-ის დამფუძნებელი ჯამლეტ ხუხაშვილი.

მიხეილ ტარახჩევი - მოგესალმებით! ძალიან სასიამოვნოა და მადლობა, რომ მოგვიწვიეთ.

ჯამლეტ ხუხაშვილი - მოდით ყველას წინასწარ მივულოცოთ ახალი წელი. უამრავი მსმენელი გვყავს, უამრავი მაყურებელი გვყავს. მიხარია, რომ გაამართლა რადიო JAKO-მ, რომელიც 16 წლის წინ დაარსდა, შემდეგ კი გაფართოვდა და ჰოლდინგი გახდა. ძალიან ბედნიერი და გამორჩეული ყოფილიყოს 2019 წელი. სპორტულად გამორჩეული იყო 2018 წელი. ამ კუთხით ეს ყველაზე წარმატებული წელი გახლდათ. მე და მიხეილ ტარახჩევი ვუერთდებით საახალწლო მოლოცვების დინებას. ყველას მინდა სიკეთე, სითბო და სიყვარული ვუსურვო. რა თქმა უნდა, არა ვართ ჩვენ ისეთი გამოუცდელი პიროვნებები, რომ ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ უფრო მეტი კარგი და მეტი სიხარული იქნება. მთავარია, რომ პოზიტივი იყოს.

მიხეილ ტარახჩევი - მთავარია იყოს პოზიტიური დინამიკა, რომელიც არის კიდეც.

ევა ბაბალაშვილი – რას ნიშნავს რადიოსთვის პოზიტიური დინამიკა?

მიხეილ ტარახჩევი - პირველ რიგში, მეც ვუერთდები ბატონ ჯამლეტს და ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს. ნამდვილად გამორჩეული წელი იყო და ამით სპორტის სხვადასხვა სახეობამ დაამტკიცა, რომ ჩვენთან ნამდვილად მებრძოლი სპორტსმენები არიან და ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმ შედეგებს, რასაც მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობა ჰქვია.

ევა ბაბალაშვილი – მე დავამატებდი, რომ ყველაზე საუკეთესო ათ სპორტსმენს შორის ქალიც არის. ბატონო ჯამლეტ, ვინ არის ეს ქალბატონი?

ჯამლეტ ხუხაშვილი - დაჯილდოებულებში მოხვდა ნინო ოძელაშვილი, რომელიც გახდა მსოფლიო ჩემპიონი სამბოში. გენიალური პიროვნებაა. ცეკვავს გადასარევად, განსაკუთრებით გამარჯვების შემდეგ. ჩვენ ის გვყავდა წინა დაჯილდოებაზე.

მიხეილ ტარახჩევი - სასიამოვნოა, რომ ქალბატონებიც არიან წარმატებულები. იმედია, რომ 2019 წელს ეს პოზიტიური დინამიკა, ანუ ასეთი წარმატებები, რომლებსაც სხვადასხვა ასპარეზზე შეგვიძლია მივაღწიოთ, შენარჩუნებული იქნება.

ევა ბაბალაშვილი – დავიწყეთ რადიო JAKO-თი. მერე შემოგვიერთდა რადიო „შოკოლადი“, GBTIMES-ი. როგორ მოგივიდათ აზრად ჰოლდინგის შექმნა?

მიხეილ ტარახჩევი - ჩვენ, როგორც გახსოვთ, დავიწყეთ რადიო JAKO-თი. კომპანია GBTIMES-ი არის ხიდი ჩვენსა და ჩინეთს შორის და ჩვენი კარგი ურთიერთობების წამომწყები. დღესდღეობით უკვე 6 წელია, რაც ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით. GBTIMES-ი საკმაოდ საინტერესო მულტიმედიურ პროექტებს სთავაზობს. რადიოს ნაწილში თავიდან წარმოდგენილები ვიყავით რადიო JAKO-თი. ბაზრის კვლევის და ჩვენი აქტიურობის შედეგად, ჯერ შემოგვიერთდა რადიო „შოკოლადი“ და უკვე ერთი წელი შესრულდა, რაც ეთერში გავიდა LIFE FM-ი, რომელიც არის ქართული მუსიკის რადიო. ასევე, ამ რადიოზე არის სამედიცინო თემათიკის საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია. ახალი სეზონიდან ჩვენს მსმენელს შევთავაზებთ ამ სამ არხს. გარდა ამისა, ჩვენ გაგვაჩნია ციფრული არხი 4U.ge, სადაც მომხმარებელს შეუძლია ნახოს ჩვენს მიერ შექმნილი კონტენტი. ჩვენი სამი რადიო და აღნიშნული ინტერნეტ პლატფორმა ერთიანად წარმოადგენს ჩვენს ჰოლდინგს, რომელსაც ეწოდება 4U. JAKO არის სპორტული მიმართულება, „შოკოლადი“ - უფრო შემეცნებითი, LIFE FM-ზე ჟღერს ქართული მუსიკა. ჩვენ ვცდილობდით, რომ ამ რადიოზე ცოტა სხვა ჟღერადობის ქართული მუსიკა ყოფილიყო. ვერ ვიტყოდი, რომ ახალი მუსიკა იქნება, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ჩვენი გუნდის წევრები მუშაობენ და არჩევენ საინტერესო მუსიკას. აქ იქნება დავიწყებული სიმღერები, სიმღერები კინოფილმებიდან, ხალხური სიმღერები და ა.შ. საინტერესო ბლოკები გვაქვს. დროის სხვადასხვა მონაკვეთში ჩვენს მსმენელს შეუძლია მოუსმინოს ამ ქართულ მუსიკას, რადგან საქართველოში ის ყოველთვის მოთხოვნადია.

ჯამლეტ ხუხაშვილი - ეს მართლაც სასიამოვნო მოსასმენია, მითუმეტეს, რომ რადიო JAKO-ს გუნდელები ვახსენეთ... ისინი არა მარტო აქ არიან. რადიო JAKO-ში გაზრდილი ხალხი ახლა არის საქართველოს მრავალ ტელევიზიაში, მრავალ რადიოში და გვიახარია, რომ მოწინავენი არიან. მათ პატარა ჯაკოებს ეძახიან. ყველა იკრიბება ხოლმე, როდესაც ჩვენი საიუბილეო საღამო იმართება. მიხარია, რომ ისინი სწორედ რადიო JAKO-ში გაიზარდნენ.

ევა ბაბალაშვილი – ზოგიერთები უკან დაბრუნდნენ.

მიხეილ ტარახჩევი - ჩვენი მეგობრობა და ურთიერთობა გრძელდება.

ჯამლეტ ხუხაშვილი - იმის თქმა მინდა, რომ JAKO-ში გაზრდილები რომ ასე დაფრთიანდნენ და კიდევ უფრო მეტი სახელი მოუტანეს JAKO-ს, ეს გასაგებიცაა, რადგან JAKO არის კოტე მახარაძის სახელობის. კოტე მახარაძე არის უკვდავი. ეს ადამიანი იყო, იქნება და არის. ამას ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება.

მიხეილ ტარახჩევი - მე ჩემს თავს უფლებას მივცემ, რომ თქვენს სიტყვებს საფუძველი გავუმყარო და მინდა ავღნიშნო, რომ წელს პირველად ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და შევისწავლეთ რადიომსმენელების ბაზარი. გამოკითხვაში მონაწილეობას მხოლოდ მძღოლები იღებდნენ. საკმაოდ საინტერესო შედეგები მივიღეთ. გაირკვა, რომ ამ ჩვენს სამ რადიოს შორის JAKO-ს უფრო ფართო აუდიტორია ჰყავს.

ჯამლეტ ხუხაშვილი - რაც შეეხება იმას, რომ ვთქვით, რომ ნაწილი გადაცემებისა ეთმობა სამედიცინო თემათიკას, ეხლა გამახსენდა, რომ ქალბატონი ევა არა მარტო ამ რადიო „ჯაკო“-ს წამყვანია, არამედ მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი. ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის მუზეუმში თვეში ერთხელ ტარდება საღამოები. ახლა ევას ასოციაციამ (ასევე მისი კოლეგები არიან ნათელა პატარკაციშვილი, ნატო კვანტალიანი და სხვა კიდევ 14 უძლიერესი ქალბატონი) მთელი წელი მედიცინის წლად გამოაცხადა, ანუ ისინი იწვევენ სხვადასხვა წარმატებულ კლინიკებს. მე მგონი თბილისში ყველა კლინიკა წარმატებულია. იწვევენ ამ გენიალურ კლინიკებს, სადაც გენიალური აპარატურაა და გენიალური სპეციალისტები არიან. სამწუხაროდ, ყველა ჩვენთაგანმა იცის ამ კლინიკების შესახებ, იმიტომ რომ ჩვენ თუ არა, ოჯახის წევრები ან ახლობლები შეიძლება მოხვდნენ იქ ოპერაციის ან კვლევის ჩატარების გამო. მე მიხარია, რომ ევა, როდესაც აქ მიყავს გადაცემა, ასევე იყენებს იმ გამოცდილებას, რომელსაც მსოფლიო ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციაში იძენს. ფაქტიურად, ჰოლდინგი ეხმარება აღნიშნულ ასოციაციას. ამ ასოციაციას ჰყავს საპატიო სტუმრები - ძმები მიხეილ და კოტე ტარახჩევები, და მარგო ლუჩკო.

მიხეილ ტარახჩევი - მინდა ჩვენს გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო ამ კვლევის შედეგების გამო. ხანმოკლე პერიოდში ჩვენ საკმაოდ რთული და საინტერესო სამუშაო ჩავატარეთ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი წარმატება გუნდის თითოეული წევრის დამსახურება იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ძველ თანამშრომლებს, რომლებიც თავიდან იყვნენ ჩართულები პროცესში. ეს ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად ვითარდება. ჩვენი კოლეგები თავის თავს პოულობენ სხვადასხვა ადგილას და ჩვენ მათთან ყოველთვის პოზიტიურ ურთიერთობას ვინარჩუნებთ. მათ სასიამოვნო კარგი 2019 წელი მინდა ვუსურვო.

ჯამლეტ ხუხაშვილი - მე მინდა გავახსენო მსმენელებს, რომ ჩვენ გასვლითი გადაცემები გვაქვს ხოლმე და ძალიან დადებითად ვაფასებ იმას, რომ ჩვენი რადიო ჯაკო-ს მსმენელები როგორც უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, ასევე სპორტის რიგითი მოყვარულები არიან. ჩვენ შეგვიძლია დავიტრაბახოთ, რომ ყველამ კარგად იცის, რა არის რადიო JAKO და ყველა მოდის დიდი სიამოვნებით. ამასთან, ევას „წახნაგები“ არის ერთ-ერთი პოპულარული გადაცემა, რომლის სტუმრები არიან სახელგანთქმული პიროვნებები და ჩვენ ვიცით, რომ ყოველი წლის ბოლოს, როდესაც ჩვენი რადიოს დაბადების დღეა და ვაჯილდოებთ 10 საუკეთესო სპორტსმენს, მათთან ერთად ვაჯილდოებთ წლის საუკეთესო რესპონდენტს.

ევა ბაბალაშვილი – „წახნაგებს“ ეძახიან მოლაპარაკე მუზეუმს. ყოველთვის მინდა მოვიწვიო ის ადამიანები, რომლებიც უკვე სახეებად არიან საქართველოში წარმოდგენილები და ვასწრებ მათ მოპატიჟებას, რადგან, სამწუხაროდ, დრო ისე ჩქარა გარბის, რომ ეს ადამიანები მინდა, რომ დარჩნენ მეხსიერებაში თავისი წარმატებით, თავისი შემოქმედებით. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ესეთი კალეიდოსკოპი შეიქმნა ჩვენი გადაცემებისგან. რადიო JAKO-ს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რომ საეთერო დროც მოგვცა ამისთვის და შესაძლებლობა მაქვს ესეთი ადამიანები მოვიწვიო, იმიტომ რომ თვითონ სტუდიაც ისე ლამაზად არის მოწყობილი, რომ ყველას ესიამოვნება აქ სტუმრობა.

ჯამლეტ ხუხაშვილი - ეს არის ამ გუნდის ყველა წევრის დამსახურება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოდით, ყველა ის პიროვნება ვახსენოთ, ვინც იყვნენ რადიო JAKO-ში თუ ჰოლდინგში და ყველა ის პიროვნება ვახსენოთ, ვინც უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან. მრავალი პიროვნება დარჩა ჩვენს არქივში.

ევა ბაბალაშვილი – ბატონო მიშა, რა სიახლეები იქნება ახალი წლიდან ჩვენს რადიოში?

მიხეილ ტარახჩევი - სიახლეებს რაც შეეხება, წელს საკმაოდ ბევრი საინტერესო რამ იქნება, ვინაიდან ჩვენ გუნდს შემოემატა ახალი საინტერესო ადამიანები, ახალი საინტერესო ხედვებით და ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენ მსმენელს, მაყურებელს თუ მკითხველს კვლავ შევთავაზოთ მათთვის საინტერესო კონტენტი. ვაპირებთ ჩვენი პლატფორმების ციფრული მიმართულებით განვითარებას, ანუ 2019 წელს ჩვენი მომხმარებლებისთვის ვაპირებთ ახალი აპლიკაციის შემოთავაზებას. რაც შეეხება რადიოს ფორმატს, წელს ჩვენს ეთერში, ალბათ, უფრო მეტი მუსიკა იქნება, თუმცა ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და ჩვენი არხების მეშვეობით მივაწოდებთ სპორტული, სამედიცინო ან სხვა სახის ინფორმაციას. იქნება მეტი გათამაშება, მეტი ინტერაქტიურობა ჩვენს მსმენელთან. ჩვენი დაბადების დღის შემდეგ დავიწყებთ ამის დაანონსებას. წინასწარ ჯერ ზუსტად ვერ ვიტყვი.

ჯამლეტ ხუხაშვილი - მუსიკა საჭიროა, მითუმეტეს, რომ პოლიტიკამ დაღალა ხალხი. ჩვენ ვაძლევთ იმას, რაც კარგ განწყობილებაზე დადგომისათვის არის საჭირო და ამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ სპორტული გადაცემებია.

მიხეილ ტარახჩევი - პოლიტიკას, რა თქმა უნდა, არ ვეხებით, მაგრამ სოციალურად აქტიურები ყოველთვის ვართ. როგორც უკვე ვთქვი, სხვადასხვა პლატფორმები გაგვაჩნია. ჩვენ ყოველთვის თვალს ვადევნებთ მოვლენებს სპორტულ სამყაროში, ასევე რადიო „შოკოლადიც“ საკმაოდ აქტიური არის, როდესაც საჯარო ლექციების ციკლს სთავაზობს თავის მსმენელს, საკმაოდ საინტერესო გამომსვლებები ჰყავს LIFE-ის მიმართულებით სამედიცინო თემათიკაზე საკმაოდ საინტერესო გადაცემები გვქონდა... სპორტის მიმართულებას რაც შეეხება, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს (ვგულისხმობ სპორტულ ფედერაციებს), რადგან მათი ჩართულობის და აქტიური მუშაობის გარეშე წარმატებები სპორტში ადვილი მისაღწევი არ არის. მარტო სპორტსმენზე არ არის. ეს არის ის გუნდი, რომელიც მასთან მუშაობს და უქმნის იმ პირობებს, რომ სპორტსმენმა სპორტზე იფიქროს.

ევა ბაბალაშვილი – როგორ მიმდინარეობს მზადება დაჯილდოებისთვის?

ჯამლეტ ხუხაშვილი - ჩვენს ტრადიციულ დაჯილდოებას ყველას სურს, რომ დაესწროს, მაგრამ ყველა ვერ მოხვდება, რა თქმა უნდა.

ევა ბაბალაშვილი – რა კრიტერიუმით ხდება ნომინანტების შერჩევა?

ჯამლეტ ხუხაშვილი - ჩვენ დასაწყისში ცოტა სხვანაირად ვაკეთებდით ამ ამბავს და ეს აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, 20 აქტიურ ჟურნალისტს ვთხოვეთ დაესახელებინათ ის ფედერაციები რომლებმაც წლის განმავლობაში თავი გამოიჩინეს. ჩვენ მათგან 14 რიცხვში, ალბათ, საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. 10 საუკეთესო ფედერაცია უნდა დასახელდეს. სპორტის კომიტეტმა უკვე ოფიციალურად გვაღიარა. ვგულისხმობ არაოლიმპიურ ფედერაციათა ეროვნულ კომიტეტს, რომლის პრეზიდენტი მე გახლავართ. რაც შეეხება არჩევანს, ჟურნალისტების მიერ ფედერაციის დასახელების შემდეგ, მისი პრეზიდენტი ასახელებს თავის საუკეთესო სპორტსმენს. ფედერაციის პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი თავის გადაწყვეტილებაზე. იქნება ათი ფედერაციის ათი საუკეთესო სპორტსმენი.

მიხეილ ტარახჩევი - ეს პროცესი არის გამჭვირვალე და მე ვფიქრობ, რომ მისაღებია ყველასთვის - სპორტსმენებისთვის და ფედერაციებისთვის. ეს არის „ჯაკო“-ს მიერ შექმნილი ტრადიციული ფორმატი. გვყავს კომპეტენტური ჟურნალისტები, რომლებსაც გააჩნიათ იმის გამოცდილება, რომ შეაფასონ ამა თუ იმ ფედერაციის წარმატებები და ამის მიხედვით განსაზღვრონ, რომელმა ფედერაციამ მიაღწია უფრო დიდ შედეგებს. შემდეგ უკვე ფედერაცია თავად ასახელებს თავის სპორტსმენს, რომელსაც უფრო დიდი მიღწევები გააჩნია. პროცესი გამჭვირვალეა, და აქედან გამომდინარე, მე მგონი კითხვა არ რჩება. ჩვენ ყოველთვის ისეთ ღონისძიებას ვატარებთ, რომ მაინც არავინ რჩება ნაწყენი. ერთად ვზეიმობთ სპორტულ წარმატებებს და მიღწევებს და, ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ვაძლევთ სტიმულს ჩვენს სპორტსმენებს, რომ მათი წარმატება დანახული და დაფასებულია.

ჯამლეტ ხუხაშვილი - რადიო „ჯაკო“-ს მიერ დაფუძნებული დაჯილდოება ძალიან საჭიროა ყველასთვის, რადგან არაოლიმპიური სახეები არ იყო ასე წამოწეული. ბევრმა ამ სპორტსმენების შესახებ არაფერი იცოდა. ჩვენ ეს წარმოვაჩინეთ და ამის შემდეგ ძალიან ბევრმა სპორტსმენმა, რომელიც სპორტისთვის თავის დანებებას აპირებდა, განაცხადა, რომ ათეულში მოხვედრის და დაჯილდოების შემდეგ დაბრუნდა და უფრო აქტიურად დაიწყო ვარჯიში.

მიხეილ ტარახჩევი - ჩვენ ვცდილობთ ისე გავაკეთოთ, რომ მაქსიმალური რაოდენობის ადამიანები მოვიწვიოთ ამ ღონისძიებაზე. ჩვენი ღონისძიება ყოველთვის სოლიდური იყო, მაგრამ ფართომასშტაბიანი არ ყოფილა. წელს ის ახალი ფორმულით გაიმართება.

ევა ბაბალაშვილი – რას უსურვებდით ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს?

მიხეილ ტარახჩევი - მე მინდა, პირველ რიგში, ყველას ვუსურვო ჯანმრთელობა და იღბალი.

ჯამლეტ ხუხაშვილი - იღბლიანი იყოს 2019 წელი საქართველოსთვის. თუ იღბალი გაქვს, წარმატებაც გექნება. იღბალი ვუსურვოთ ასევე „წახნაგებს“, რომელიც ამ რადიოს ერთ-ერთი წამყვანი გადაცემაა.

ევა ბაბალაშვილი – დიდი მადლობა! ძალიან სასიამოვნო იყო მოსვლა ჩემს გადაცემაში! კეთილი სურვილებით დავემშვიდობები ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. გისურვებთ, რომ თქვენი ოჯახებისთვის და თქვენთვის ნებისმიერი სასწაული ასრულებულიყოს. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

https://www.youtube.com/watch?v=a4aow-ee_zs&feature=youtu.be