პროფესიულ განათლებაში მნიშვნელოვანი სიახლეა: პროფესიულ კოლეჯებს უკვე აქვთ შესაძლებლობა საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს პროფესიის შესწავლასთან ერთად სრული ზოგადი განათლებაც მიაწოდონ და ატესტატებთან გათანაბრებული დიპლომები გასცენ.
ამ თემებზე გადაცემაში ,,თქვენი მოსაზრება“ განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი საუბრობდა.

-მოგეხსენებათ, დაიწყო ინტეგრირებული პროგრამების დანერგვა პროფესიული განათლების სისტემაში. ეს გახლავთ პროგრამები რომლებიც სრული საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას რომ ინტეგრირებულად მიიღონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგები პროფესიასთან ერთად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის ზოგადი და პროფესიული განათლება ერთ პროგრამაში საშუალო საფეხურზე, რისი დაძლევის შემდეგაც იღებენ დიპლომს რომელიც გათანაბრებულია სკოლის ატესტატთან და მათ შეუძლიათ სწავლა განაგრძონ უმაღლეს განათლებაში.

პროფესიული განათლების სისტემა ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებას 2020 წლის საზაფხულო მიღების ფარგლებში დაიწყებს და სტუდენტებს პროფესიის შესწავლის პარალელურად ზოგად განათლებასაც პარალელურად შესთავაზებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაცემაში განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ ისაუბრა.

-ძალაში შევიდა ახალი დებულება, ავტორიზაციის სტანდარტები შეიცვალა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რის შედეგადაც პრაქტიკულად ახალ რეალობაში აღმოჩნდა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და დღეს უკვე ხარისხის ცენტრის ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით პირველი ტრენინგები დავიწყეთ სწორედ მხარდაჭერის მიზნით.
ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა. ზოგადი განათლების ინტეგრირება, რომელმაც უნდა აღმოფხვრას წლების განმავლობაში არსებული გამოწვევა საგანმანათლებლო ჩიხისა, თუმცაღა მსგავსი შეხვედრები, ტრენინგები და ჩარევა სისტემაში, ინტერვენციები წლის ბოლომდე ინტენსიურად გაგრძელდება. ხარისხის ცენტრის მისიაა ხელი შეუწყოს ხარისხის განვითარებას. ამგვარად, ჩვენ კოლეჯებს არ ვტოვებთ იმ გამოწვევების წინაშე რაც მათ ახალმა დებულებამ დაუყენა.

ინტეგრირებული სწავლებისთვის სპეციალური პროგრამა უკვე შეიქმნა და ამ ეტაპზე მომავალ პედაგოგთა და კოლეჯების წარმომადგენელთა ტრენინგები მიმდინარეობს. პროგრამის მნიშვნელობაზე ერთ-ერთი კოლეჯის დირექტორმა ზურაბ ოშხნელმაც ისაუბრა.

-ის რაც ეხლა იწყება პროცესი ინტეგრირებული სწავლების, ეს არ არის სიახლე, ეს არის კარგად დავიწყებული ძველი. ეს არსებობდა, მხოლოდ სხვა სახელი ერქვა და სხვა ფორმით. პირველ რიგში სიკეთე ის არის რომ ეს სისტემა ბრუნდება. მეორე ის რომ ეს არის უფრო მეტად გააზრებული, გაფილტრული, უფრო კარგად მოფიქრებული, თანამედროვებაზე აწყობილი და ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ისე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელთა დიდი ძალისხმევით და თავის დროზე გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო ამის პილოტირება. ეს პროცესი გაგრძელდა და მოვედით აქამდე.

მე დიდი გამოცდილება მაქვს, 17 წელი ამ ფორმით ვმუშაობდი სტუდენტებთან პროფესიულ განათლებაში და ვიცი, რა შედეგებზე გავდიოდით. მყავს ცოცხალი მაგალითები, კარგი მოქალაქეები, კარგი სპეციალისტები, ჩვენი კოლეჯის კურსდამთავრებულები. ამიტომ ცალსახად მჯერა, რომ ეს მოიტანს სიკეთეს ჩვენი ახალგაზრებისთვის და მათი მომავალი განვითარებისთვის.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: