კამპანია Spend 4 Seasons in Georgia (გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში) ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებისგან სპეციალური მიწვევა მიიღო.

16-20 ოქტომბერს, კამპანიის შემქმნელები, საქართველოს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და მასშტაბურ გამოფენაზე და წიგნის ყველაზე დიდ ბაზრობაზე წარადგენენ.

საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე დაეთმობა, სადაც კამპანიის იდეის ავტორები ქართულ საიმიჯო პროდუქციას: საინფორმაციო მასალებს, ქართულ პროდუქტს და კულინარიულ ნიმუშებს წარადგენენ.

კვირეულის ფარგლებში, კამპანია 19 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის აუდიტორიას ჯგუფის შექმნის იდეას გააცნობს და სპეციალურად ამ პრეზენტაციისთვის, FOR U მულტიმედია ჯგუფთან ერთად შექმნილ ვიდეო კლიპს წარუდგენს.

უფრო მეტი დეტალის შესახებ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „FOR YOU“-სთან კამპანიიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ გუჯაბიძემ ისაუბრა:

-პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან ამაღელვებელი ისტორიული ფაქტი, რადგანაც აღმოჩნდა, რომ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის ორგანიზატორები არიან ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გულშემატკივრები და გაიგეს რა მათ ჩვენი კამპანიის შესახებ და იმ აქტივობების შესახებ, რაც დაახლოებით ბოლო 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით, გადაწყვიტეს რომ სრულიად უფასოდ გამოგვიყონ წიგნის ბაზრობაზე ტურისტულ პავილიონში სივრცე. დაუკავშირდნენ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს გვანცა ჯობავას. სწორედ გვანცას მეშვეობით მოხდა ეს კომუნიკაცია, რისთვისაც მას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, იმიტომ რომ ინიციატივის გაჟღერების დღიდან ის არის ამ პროცესში ჩართული იმისთვის, რომ მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარდგენა.
ჩვენ ვიქნებით 16-20 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგენილები და წარვადგენთ ჩვენს ქვეყანას. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ პროცესში ჩართულია ძალიან ბევრი კომპანია და პერსონალურად თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

ჩვენი კამპანიის მიზანი უცვლელია, გამოფენაზე მოსულ ადამიანებს მოვუყვებით საქართველოს შესახებ. ზუსტად იმ ტურისტული პოტენციალის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. მოვუყვებით Spend 4 Seasons in Georgia -ზე, რომელიც ასე აიტაცა მთლიანად ქვეყანამ და ასეთი საინტერესო გახდა მედია საშუალებებისთვის და ძალიან მალე ჩვენ წარვადგენთ ჩვენს კამპანიას სწორედ ასეთი მასშტაბის მქონე წიგნის ბაზრობაზე.

ჩვენთვის ძალიან საპასუხიმგებლო მომენტია, რადგან მუტიმედია ჯგუფი FOR YOU და რადიო ,,შოკოლადი“ აქტიური მხარდამჭერია კამპანიის და ამჯერად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენ ვიდეორგოლს სწორედ მულტიმედია ჯგუფი FOR YOU მოამზადებს.

დიახ, ჩვენ დაუკავშირდით, რადგან გვაქვს დამეგობრების ისტორია კამპანიის დაარსების დღიდან და გამოთქვეს მზადყოფნა იმისთვის, რომ საიმიჯო ვიდეორგოლი დაგვიმზადონ, რომელიც ასევე იტრიალებს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე. იქნება გარკვეულწილად კამპანიის საიმიჯო ვიდეო და იმედი გვაქვს რომ ძალიან საინტერესო ურთიერთთანამშრომლობის საინტერესო პროდუქტი შეიქმნება და შევთავაზებთ ჯგუფის წევრებს და ასევე თქვენს მსმენელებს.
კამპანია ფართომასშტაბიანი გახდა და გარდაიქმნა 4 სეზონის კამპანიად. რას გეგმავთ, რომელ საერთაშორისო ღონისძიებებში ჩაერთვებით?
- ვგეგმავთ ძალიან ბევრ საინტერესო აქტივობებს. თითოეული სეზონის განმავლობაში მივაწვდით ჩვენს უცხოეულ სტუმრებს და ტურისტებს ინფორმაციას საქართველოს შესახებ. მინდა ავღნიშნო, რომ გარდა სოციალური ქსელის პლატფორმისა სადაც არის 285 000 ადამიანი გაწევრიანებული ჯგუფში. ჩვენ ასევე ვგეგმავთ რომ გამოვიყენოთ ყველანაირი პლატფორმა, ეს იქნება ფესტივალები, ფორუმები თუ ბაზრობები იმისთვის, რომ მოვახდინოთ საქართველოს პოპულარიზაცია. ამის ნათელი მაგალითი ამ შემთხვევაში არის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა. მსგავსი აქტივობები რა თქმა უნდა გაგრძელდება ჩვენი მხრიდან. ასევე გაგრძელდება ძალიან ბევრ კომპანიასთან თანამშრომლობა, რაც ასევე აქამდე ამ ეტაპამდე ხდებოდა, რადგანაც ვფიქრობ რომ ამ კამპანიამ უნდა მიიღოს უფრო ფართომასშტაბიანი სახე და კვლავ უფრო მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.

როგორ შეიქმნა საქართველოში ბოლო წლების ყველაზე პოპულარული ქართული ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია?

შემიძლია ვთქვა რომ ეს არის ბოლო წლების თვითგადარჩენის ისტორია, რადგანაც როდესაც დაანონსდა რუსეთის მხრიდან ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ჩვენი მხრიდან მოხდა გააზრება იმისა, რომ ტურისტულ სექტორს დიდი ზიანი მიადგებოდა. ყველაფერი დაიწყო მარი ჯობავას სტატუსით, რომელიც მოუწოდებდა ყველას ზაფხულის საქართველოში გატარებისკენ. Spend Summer in Georgia გადაიზარდა Spend 4 Seasons in Georgia-ში და შეიქმნა ჯგუფი, როგორც დღეს ავღნიშნე, აერთიანებს 285 000 ადამიანს, და ჩვენი კამპანია დასახელდა რეგიონში ყველაზე წარმატებულ ტურისტულ კამპანიად. მინდა თითოეულ ადამიანს ამ კამპანიაში ჩართვისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე მედია საშუალებებს აქტიურობისთვის და თქვენ FOR YOU მულტიმედია ჯგუფს და რადიო ,,შოკოლადს“ მხარდაჭერისთვის.

კამპანია Spend 4 Seasons in Georgia უერთდება 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, წარმატებული კონცეფციის Georgia Made by Characters გაგრძელებას: Follow the Journey of Georgian Characters, რათა ერთად გავაგრძელოთ დაწყებული მოგზაურობა, მსოფლიოსთვის ჩვენი ქვეყნის გასაცნობად.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: