საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ ქართველი სინოლოგებისათვის გაზაფხულის სადღესასწაულო მიღება გამართა. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში შედგა.

მიღებას დაესწრნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იანჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ქართველი სინოლოგები და სხვა მოწვეული სტუმრები.

„2017 წელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებშიც გამორჩეული წელი იყო. ჩვენ ერთად აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე; ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 24%-ით გაიზარდა; ჩინეთი სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორისა და ქართული ღვინის რიგით მესამე იმპორტიორი ქვეყნის პოზიციას; საქართველოში გაიხსნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე გრძელი გვირაბი, რომლებიც ჩინური კომპანიების მიერ აშენდა; ამ წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს და კიდევ უფრო გააფართოვებს თანამშრომლობის არეალს“, - აღნიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ჩინეთი საქართველოსთვის მეტად მნიშნელოვანი პარტნიორია და ორი ქვეყნის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება.

„საქართველო, როგორც მნიშნელოვანი რეგიონული სატრანზიტო ჰაბი აქტიურად მონაწილეობს პრეზიდენტ სი ძინპინის „სარტყელი და გზის ინიციატივაში, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს უქმნის საქართველოს“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„გაზაფხულის სადღესასწაულო მიღება ქართველი სინოლოგებისათვის“ ტრადიციულად, ჩინური ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით იმართება, რომლის ორგანიზატორი წელს GBTIMES Georgia იყო.

„გაზაფხულის ფესტივალთან დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო ტრადიციულად მართავს მიღებას, სადაც მასპინძლობს საქართველოში მომუშავე სინოლოგებს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ჩვენთვის ერთდროულად საპასუხისმგებლო და სასიხარულოა მსგავსი ღონისძიების ორგანიზება,“ - განმარტა GBTIMES Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ტარახჩევმა.

ღონისძიების ორგანიზებისთვის ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ მადლობა გადაუხადა GBTIMES Georgia-ს და აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების როლი, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: