ჩინური ქარგვის ყველაზე ადრეული ნიმუშები ჯერ კიდევ ჯოუს დინასტიის პერიოდში არსებობდა. უძველესი ნაქარგები ასევე ეგვიპტესა და ჩრდილოეთ ევროპაში იყო აღმოჩენილი. ამ მომენტისთვის დანამდვილებით არ არის ცნობილი, სად დაიბადა ეს ხელოვნება. შესაძლოა, ქარგვა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ერთდროულად სხვადასხვა ადგილას დაიწყეს. ძველ ჩინურ ქარგვაში აბრეშუმს იყენებდნენ, რადგან ჩინელებისთვის აბრეშუმის ძაფის მიღების ტექნოლოგია უკვე ცნობილი იყო. ყოველ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ აბრეშუმი ჩინელებმა გამოიგონეს, ნამდვილად არის დადგენილი. საინტერესოა, რომ ჩინური ქარგვის ინდუსტრიაში თავიდან მხოლოდ მამაკაცები მუშაობდნენ. წლების შემდეგ ისინი მიხვდნენ, რომ ქალის ნაზი ხელი ამას უკეთ გააკეთებდა.

ჩინური ნაქარგის ყველაზე ადრეულ ნიმუშებს წარმოადგენდა რიტუალური ტანსაცმელი, რომელიც პროვინცია ხუბეიში, მაშანის აკლდამაში აღმოაჩინეს. ამ ნივთების ასაკი ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნით თარიღდება. ეს საგნები დაოსური კულტის განვითარების ადრეულ წლებს უკავშირდება.

ქარგვის ხელოვნება ფართოდ გავრცელდა მთელს ჩინეთში ხანის დინასტიის მმართველობის პერიოდში. იმ დროს გაჩნდა ქარგვის ოთხი სტილი (სკოლა). შემდგომში ეს სკოლები ერთმანეთისგან უფრო განსხვავდებოდა. ქარგვა განსაკუთრებით განვითარდა იმ პერიოდში, როდესაც ინდოეთთან, ახლო აღმოსავლეთთან და ევროპასთან აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობდა, რაც დიდი აბრეშუმის გზის არსებობას უკავშირდებოდა. მომხმარებელი სულ უფრო დახვეწილ ნამუშევრებს ითხოვდა და ოსტატები მზად იყვნენ გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ჩინური ქარგვის ოთხი სკოლა ამ ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს. დღეს ეს სკოლები ოფიციალურად არის აღიარებული ჩინეთის მთავრობის მიერ, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. ესენია: სკოლა შუ, რომელიც პროვინცია სიჩუანის ტრადიციებს მოიცავს, სკოლა სიან, რომელიც ხუნანის პროვინციის ტერიტორიაზე გაჩნდა; სკოლა სუ, რომელიც პროვინცია ძიანსუს უკავშირდება და სკოლა იუე, რომელიც გუანდონგის პროვინციაშია გავრცელებული.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: